როგორ ვწეროთ და წარმოვთქვათ ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები სწორად (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)
საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები მართლწერის თვალსაზრისით თავისებურებებს წარმოაჩენენ.
ისევე, როგორც საზოგადო სახელები, გეოგრაფიული სახელებიც იკუმშება და იკვეცება.
მაგალითი:
ჭიათურა – ჭიათურ-ის
საჩხერე -საჩხერ-ის
ქსანი – ქსნ-ის
მტკვარი – მტკვრ-ის
დიღომი – დიღმის
წილკანი – წილკნ-ის
ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელების ბრუნებისას მართებულია ა მოკვეცილი ფორმები ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში: უგანდ-ის, ინდიან-ის, ჯორჯი-ის, იუტ-ის, ალაბამ-ის… შტატები, ბარსელონ-ის ფესტივალი და ა. შ. (და არა: ჯორჯიას შტატი…). შესაბამისად: ბარსელონ-იდან, კამბოჯი-იდან... (და არა: კამბოჯადან გვესტუმრა…).
ადამიანის საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც იკვეცება. მაგ. შეცდომაა: რუსუდნის, ფარსადნის… სწორია: რუსუდანის, ფარსადანის სასახლე…
ადამიანის საკუთარი სახელების მოთხრობითში, მიცემითსა და წოდებითში გამოყენებისას ი-ზე დაბოლოებული სახელების ბრუნებისას უნდა გავარკვიოთ, –ი ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანი. მაგ.: ი ფუძისეულია: დიმიტრი, სერგი, აკაკი, გიორგი, გივი, ირაკლი, ლალი, ნანული, მერი…
ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია: მერაბ-ი, ვახტანგ-ი, რამაზ-ი, თენგიზ-ი, ლევან-ი, ეთერ-ი, თამარ-ი, მარიამ-ი…
თუ საკუთარ სახელს გვართან ერთად ბრუნებისას ჩამოშორდება –ი, მაშინ ეს -ი ბრუნვის ნიშანია. აქედან გამომდინარე, მოთხრობითში იქნება: დიმიტრი-მ, მერი-მ, მაგრამ: ოთარ-მა, ლევან-მა (და არა: ოთარიმ, ლევანიმ).
მიცემითში იქნება: დიმიტრი-ს, მერი-ს, მაგრამ: რამაზ-ს, ნესტანს-ს (და არა: რამაზის, ნესტანის ვუთხარი…).
წოდებითში საკუთარი სახელები ბრუნვის ნიშნის გარეშე უნდა იყოს წარმოდგენილი:
აკაკი! ემზარ! დალი! ქეთევან! ნანა! მზია! ელენე! ლეილა!
გვარების დაწერილობისას გაითვალისწინეთ შემდეგი: ი-ზე დაბოლოებულ უცხოურ გვარებში თუ –ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია (აინშტაინ-ი, პუტინ-ი, ლერმონტოვ-ი, მან-ი), მოიკვეცება და მოთხრობითსა და მიცემითში იქნება: პუტინ-მა, პუტინ-ს…
თუ –ი ფუძისეულია (უმეტესად, იტალიური და ბერძნული გვარები), იგი არ იკარგება და გვექნება: მასტროიანი, ამფიმიადი, ვერდი, ჩერნიშევსკი, ვივალდი, გარიბალდი, ფელინი, მანიანი, დიმიტრიადი… მანიანიმ, ფელინიმ, ბოტიჩელიმ… (და არა: მანიანმა, ბოტიჩელმა…).
წოდებითში ფუძის სახით იქნება: ამფიმიადი! ვერდი! პაგანინი!
ქართული გვარებიდან –ძე-ზე ან –ე-ზე დაბოლოებულები იკვეცებიან ნათესაობითსა და მოქმედებითში:
ბრეგვაძე – ბრეგვაძ-ის, ბრეგვაძ-ით
მენაბდე – მენაბდ-ის, მენაბდ-ით
მებუკე – მებუკ-ის, მებუკ-ით
–ე-ზე დაბოლოებული უცხოური გვარები უცვლელია:
ეზოპე-ს ენა, გოეთე-ს შემოქმედება, ბროსე-ს იუბილე, ჰაინე-ს ლირიკა.
–ია, -უა, -ვა-ზე დაბოლოებული გვარები იკვეცება მხოლოდ მრავლობით რიცხვში:
გუნია – გუნი-ებ-ი
გაბუნია – გაბუნი-ებ-ი
მზარელუა – მზარელუ-ებ-ი
ქარდავა – ქარდავ-ებ-ი
მონიავა – მონიავ-ებ-ი
თანხმოვანფუძიან გვარებს წოდებითში დაერთვის –ო:
აბრამიშვილ-ო! ბოდაველ-ო! არაბულ-ო! ჯიბუტ-ო!
ხმოვანფუძიან გვარებთან ბრუნვის ნიშანი არ იწერება:
მამალაძე! გოგელია!
იკუმშება შემდეგი გვარები:
წერეთლ-ის, წერეთლ-ით, წერეთლ-ად
მაჩაბლ-ის, მაჩაბლ-ით, მაჩაბლ-ად
ცაგარლ-ის, ცაგარლ-ით, ცაგარლად
ბოდავლ-ის, ბოდავლ-ით, ბოდავლ-ად
ადამიანის ვინაობის აღნიშვნისას ჯერ სახელი იწერება, შემდეგ მამის სახელი და ბოლოს – გვარი. საერთოდ, მამის სახელი უნდა მოსდევდეს საკუთარ სახელს:
არჩილ ლევანის ძე ავალიანი ან ავალიანი არჩილ ლევანის ძე.
სახელისა და გვარის ერთად ბრუნებისას მარტო გვარი იბრუნვის:
გივი ბერიკაშვილ-ი
გივი ბერიკაშვილ-მა
გივი ბერიკაშვილ-ს
გივი ბერიკაშვილ-ის
გივი ბერიკაშვილ-ით
გივი ბერიკაშვილ-ად
გივი ბერიკაშვილ-ო
სიის შედგენისას ჯერ გვარი იწერება, შემდეგ – სახელი. სახელი უნდა იყოს წოდებით ბრუნვაში, რადგან ამ შემთხვევაში იგი მიმართვის ფორმაა:
აბუთიძე მერაბ, ბერძენიშვილი რამაზ, გიგაშვილი ეთერ…
და არა:
აბუთიძე მერაბი, ბერძენიშვილი რამაზი, გიგაშვილი ეთერი…
მაგრამ წინადადებაში იგივე სახელი სათანადო ბრუნვაში იქნება:
თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჯორბენაძე გურამი.
დაიმახსოვრეთ: დაუშვებელია საკუთარ სახელთა შემოკლებანი, სადაც გვარის ნაცვლად გვხვდება წოდება:
დ. გარეჯელი, გ. ხანძთელი, გ. მერჩულე.
არ შეიძლება ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების ან დაწესებულებების სახელწოდებებში გამოყენებულ ქართველ მეფეთა თუ ცნობილ მოღვაწეთა სახელების შემოკლება.
მაგ.: დ. აღმაშენებლის გამზირი, თ. მეფის ხიდი, ვ. ფშაველას გამზირი, თ. მღვდლის ქუჩა…
– როცა საკუთარ სახელებს წინ უძღვის წოდება-პროფესიის სახელები (ექიმი, პროფესორი, თავადი, გენერალი….), მხოლოდ სახელობითსა, მოთხრობითსა და წოდებით ბრუნვებში ეთანხმებიან სახელს. თუ გვარს წინ უძღვის ბატონი ან ქალბატონი, ესენი ისევე იბრუნვიან, როგორც ნებისმიერი თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი სახელები, ანუ ნათესაობითსა და მოქმედებითში –ი დაბოლოება აქვთ.
პროფესორი ცისკაძე – ბატონ-ი თეიმურაზ-ი
პროფესორ-მა ცისკაძე-მ – ბატონ-მა თეიმურაზ-მა
პროფესორ ცისკაძე-ს – ბატონ თეიმურაზ-ს
პროფესორ ცისკაძ-ის – ბატონ-ი თეიმურაზ-ის
პროფესორ ცისკაძ-ით – ბატონ-ი თეიმურაზ-ით
პროფესორ ცისკაძე-დ – ბატონ თეიმურაზ-ად
პროფესორ-ო ცისკაძ-ე! – ბატონ-ო თეიმურაზ!
მსაზღვრელის ა ხმოვნით გავრცობა აუცილებელია, როცა ნათესაობითში დასმული მსაზღვრელი მოსდევს სახელს:
მოთხრობა ქიაჩელისა, სპექტაკლი მარჯანიშვილისა, ლექსი ტაბიძისა…
სასულიერო პირთა მიმართვის დროს პარალელურად იხმარება ფორმები:
მამა საბა! ან მამაო საბა! მაგრამ შეცდომაა მამაო ფორმის გამოყენება იქ, სადაც მიმართვა არ გვაქვს: მამაო საბა საუბრობს. ეს იგივეა, რომ ვთქვათ: ბატონო საბა საუბრობს. ასე რომ, უნდა ვთქვათ და ვწეროთ: მამა საბა საუბრობს, მამა საბამ ბრძანა და ა. შ.
სავარჯიშოები:
I. გახაზეთ სწორი ფორმები:
მერაბმა, რამაზიმ, ლევანს, ოთარმა, ნესტანიზე, თენგიზ! მერაბიმ, ლევანმა, რამაზიზე, თამარიმ, ეთერი! ლევან! ეთერმა, ნოდარიმ, რამაზი! გურამისთან, ზაურმა, დავით! თამაზზე, ბაქარმა, ზურაბ! ელდარისთან, ნესტანმა, ეთერ! ელდარი! თემურმა.
II. გაასწორეთ შეცდომები:
1. გუშინ ჭიათურას მერი უცხოელ სტუმრებს შეხვდა.
2. ისინი ბარსელონას გარეუბანში დასახლდნენ.
3. ნოდარ არაბიძე იუტას უნივერსიტეტში მუშაობს.
4. წილკანის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს.
5. დიღომის მოსახლეობა დეპუტატს შეხვდა.
6. მოსახლეობის ზრდა ალაბამას შტატშიც შეინიშ-ნება.
7. ავლაბარის რეზიდენცია თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვეს.
8. მცხეთას აღდგენა შარშან დაიწყეს.
9. დიღომის ხილი ძალიან მიყვარს.
10. იორის პირას აგარაკი მაქვს
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. თოდაძეს თხოვნას დავაკმაყოფილებთ.
2. მაჩაბელი, შენი რიგია!
3. თ. მღვდლის ქუჩაზე დიდი მოძრაობაა.
4. ქალბატონ თამარის გამოსვლა არ მომეწონა.
5. ცაგარელის გადაწყვეტილება მისაღებია.
ქართველი მკითხველისათვის.
6. ჯაფარიძეს გამოსვლა ძალიან მომეწონა.
7. გ. ხანძთელის აშენებული ტაძრები დღესაც დგას.
8. პრეზიდენტი ბუშის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
9. გეგეჭკორი, თქვენ გელოდებით.
10. გენერალი ახალაიას მუშაობით უცხოელებიც დაინტერესდნენ.
11. თ. მეფის ქუჩაზე ბევრი ახალი შენობაა.
12. ნერგაძე ზაურ ცნობილი პედიატრია.
13. პარლამენტარი წიკლაურის სატელევიზიო გამოსვლა გადაიდო.
14. მეზვრიშვილი, ეს დავალება თქვენ უნდა შეასრულოთ!
15. აბულაძეთი ყველა კმაყოფილია.
16. გამგეობის ოფისი თ. მეფის ქუჩაზე მდებარეობს.
17. შ. რუსთაველის პოემა ქართველი ერის სიამაყეა.
18. მხატვარი გუდიაშვილის ნახატები საკმაოდ ძვირია.
IV. გამოტოვებულ ადგილას ჩასვით სწორი ფორმით ფრჩხილებში მოცემული სიტყვები:
1. . . . . . . . . სკოლაში დაიწყო მუშაობა. (ეთერი)
2. . . . . . . . . . . . არ უყვარს, როცა საუბარს აწყვეტინებენ. (რამაზი)
3. . . . . . . . . . . . . სახლი ააშენა. (ნესტანი)
4. . . . . . . . . ბევრი საქმე აქვს. (ომარი)
5. . . . . . . . . მანქანა შარშან იყიდა. (დავითი)
6. . . . . . . . . გუშინ დამირეკა. (სიმონი)
7. . . . . . . . . . . . ახალი ტელეფონი აქვს. (თენგიზი)
8. . . . . . . . გაცნობა ვერ მოვასწარი. (ცაგარელი)
V. გადახაზეთ არასწორი ფორმები:
მერაბისთან – მერაბთან
ჯემალისთან – ჯემალთან
რამაზზე – რამაზიზე
ანზორისთან – ანზორთან
გურამთან – გურამისთან
ოთარისთან – ოთართან
თამაზიზე – თამაზზე
ნესტანიზე – ნესტანზე
ნოდარზე – ნოდარიზე
დიმიტრიზე – დიმიტრზე
გიორგიზე – გიორგზე
ლევანზე – ლევანიზე
ბაკურთან – ბაკურისთან
ეთერზე – ეთერიზე
VI. გაასწორეთ შეცდომები:
1. ლევანი როინიშვილი ცნობილი კულინარია.
2. ემზარი ხაბურზანიამ გამოცდები ჩააბარა.
3. ხვალ ექიმი შალამბერიძის მორიგეობაა.
4. ნესტანი აბდუშელიშვილის შვილი ჩემი მეგობარია.
5. ბატონ შალვას მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ დაგვაფიქრა.
6. ხვალ გაიმართება პრეზენტაცია ჩვენი წიგნის.
7. არქიტექტორი ნამორაძეთი დამკვეთები კმაყოფილები იყვნენ.
8. გუშინ ბატონ ვალერის იუბილე გაიმართა.
9. ცერცვაძეთი უკმაყოფილო ვარ.
10. ბუჩუკური, რას აპირებ?
VII. გახაზეთ მცდარი ფორმები:
1. ნოდარი აბესაძე ახალი ლექტორია.
2. ცნობილი მეცნიერი ზურაბი ლომთაძე მივლინებაშია.
3. გურამი, გაკვეთილები ისწავლე! – უთხრა ეკამ შვილს.
4. ქალბატონო ეთერი, სად მიბრძანდებით?
5. ლეონი მელქუმიანი ინგლისში გაემგზავრა.
6. იცნობ ბაგრატი ზალალიანს?
VIII. გაასწორეთ შეცდომები:
1. მამაო ბაგრატი, გელოდებიან.
2. შ. რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ბრწყინვალე ნაწარმოებია.
3. თ. მეფე ქართველთა საყვარელი მეფეა.
4. ვ. ფშაველას შემოქმედება საინტერესოა.
5. აკაკი წერეთელის ლექსებზე სიმღერები იქმნება.
6. დ. აღმაშენებლის გამზირზე ვცხოვრობ.
7. მამაო გიორგიმ დამირეკა.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან და სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა – წესი და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის by გრამატიკული ცნობარი