GE

როგორი ამინდის პროგნოზი ელით აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების მიხედვით

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება საქართველოში ჰაერის ტეპერატურის მკვეთრ მომატებას ემთხვევა. 3 ივლისიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსის ზემოთ ავა. არაა გამორიცხული მან კრიტიკულ ნიშნულსაც კი მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება უკონდინციონერო ოთახებში მოუწევთ.

„3-დან 5 ივლისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ იქნება. 5-დან 9-ის ჩათვლით კი დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაიკლებს. მაქსიმალური ტემპერატურა შუადღის საათებში 27-28 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, აქ ამინდი 6 ივლისიდანდან შეიცვლება. მაქსიმალური ტემპერატურა 31- 33 გრადუსამდე დაიკლებს.  6, 7 და 8 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის დედაქალაქშიც, დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ხანმოკლე ხასიათის ნალექიც მოსალოდნელია“,- გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ მათ აბიტურიენტების წუხილის ესმით, თუმცა ამის მიუხედავად კონდინცირებულ საგამოცდო ცენტრებს ვერ სთავაზობენ.

„მოგეხსენებათ, სულ 22 საგამოცდო ცენტრი გვაქვს. ძირითადად სკოლის შენობებს და შესაბამისად, იმ სასკოლო ინფრასტრუქტურას ვიყენებთ, რაც ქვეყანაშია. გაგრილების სისტემა არც ერთ სკოლაში არაა. არც ტექნიკურ უნივერსიტეტში და არც ბათუმის უნივერსიტეტში.

„წინა წლებშიც არ მახსენდება რომელიმე სექტორში კონდინცირება ყოფილიყო. პირველ წლებში მაღლივ  კორპუსშიც ტარდებოდა გამოცდები, აგრარულშიც, მაგრამ გაგრილების სისტემები არც იქ იყო. ცალკეულ ოთახებში შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ 700-800 სექტორიდან ასეთი სულ 3-4 იქნებოდა. ესეც არ მახსენდება, სიმართლე გითხრათ. კონდინცირება, სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა. ასე რომ, ამ მხრივ აბიტურიენტები არათანაბარ სიტუაციაში არ იქნებიან,“- განაცხადა  EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

დავინტერესდით სამომავლოდ მაინც თუ იგეგმება საგამოცდო ცენტრებში  ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, როგორც მინდაძემ განგვიცხადა, ეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას სცდება. მისი თქმით, სკოლების ინფრასტრუქტურისა და გათბობისა და კონდინცირების სისტემების მოწესრიგება სერიოზული საკითხია, რაც ცენტრალური ხელისუფლების, ან მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა მოგვარდეს.

აბიტურიენტებისთვის ჩამორთმეული ნივთები – როგორია ხელსახოცის შეტანის ფორმა 2017 წლის გამოცდებზე

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური