როგორი დასწრება იყო სკოლებში მეორე სემესტრის პირველ დღეს – „ნაკლები მოსწავლის მოსვლას ვვარაუდობდით“
15 იანვარს სკოლებში 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო. მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლის გასარკვევად EDU.ARIS.GE თბილისის ზოგიერთ სკოლას დაუკავშირდა.
სკოლების დირექტორები და დირექტორის მოადგილეები გვიხსნიან, რომ მიუხედავად გავრცელებული ვირუსებისა, მოსწავლეები სკოლებში მაინც მივიდნენ, თუმცა გაცდენები სხვა მიზეზითაც დაფიქსირდა.
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა აბრამიშვილის თქმით, დღეს როგორც დაწყებით კლასებში, ისე მაღალ კლასებშიც, ნორმალური დასწრება ჰქონდათ.
მანვე აღნიშნა, რომ მოსწავლეები უმეტესად ქალაქგარეთ ყოფნის გამო ვერ დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს და არა ავადობის მიზეზით:
„ნორმალური დასწრება იყო, როგროც დაწყებითებში, ისე მაღალ კლასებში. ჩვენ უფრო ნაკლები მოსწავლის მოსვლას ვვარაუდობდით. გაცდენის მიზეზი უფრო მეტად სოფელში, ქალაქგარეთ ყოფნა იყო და არა ავადობა. თუმცა, რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვქონდა“.
რაც შეეხება ავადობის გავრცელებისგან სკოლის დაცვას, დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ პრევენციის მიზნით, მოსწავლეები გაფრთხილებული არიან და იციან როგორ მოიქცნენ, თუმცა „პირბადის ტარება, სამწუხაროდ, არ გამოდის და მოსწავლეები რეგულაციებს ვერ იცავენ“.
„ჩვენ თუ შევატყობთ, რომ ბავშვს სურდო აქვს, მშობლის თანხმობით სახლში ვუშვებთ“, – გვითხრა 72-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
განსხვავებული სიტუაცია იყო თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში. რომლის დირექტორმა, ირინე წიკლაურმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ნახევარი დღეს გაკვეთილებს არ ესწრებოდა.
„დიდებთან დასწრება ბევრად უფრო მაღალი იყო, დაახლოებით, 60-70%, პატარებთან უფრო ნაკლები – ნახევარი“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, რომელიც ამბობს, რომ სკოლა მედიკოსების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს:
„თავს ვიცავთ სტანდარტული რეკომენდაციებით. მოსწავლეებს ვესაუბრებით და ვურჩევთ, რომ ავადობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში. აგრეთვე, სკოლაში სამედიცინო პერსონალიც არის“.
ავტორები: ხატია გლოველი და edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება