როგორი იყო მსოფლიოს სკოლებში პირველი სასწავლო დღე კორონავირუსის ეპოქაში
კორონავირუსის ეპიდაფეთქებების მიუხედავად, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სკოლებში სწავლა 1-ლ სექტემბერს დაიწყო. გაზაფხულის შემდეგ, პანდემია Covid-19-ის გამო ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში აღარ დადიოდნენ და სახლში სწავლობდნენ. ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გამო, ბავშვები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. უფროსკლასელები თითქოს პირველ კლასში მიდიან, მათ ყველა საგანს ერთ საკლასო ოთახში ჩაუტარებენ, შესვენებაზე კი მასწავლებლების მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნებიან. 2020 წლის სასწავლო წელს მოსწავლეებს კლასში კოვიდ ეპოქის ატრიბუტები: ნიღბები, სანიტაიზერები და თერმომეტრების დახვდათ. საინტერესოა, როგორ და რა წესების დაცვით დაიწყო სასწავლო პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ინგლისსა და უელსში ბავშვები სკოლაში პირველ სექტემბერს წავიდნენ, შოტლანდიასა და ირლანდიაში კი სასწავლო წელი აგვისტოში განახლდა. ახალი კორონავირუსის გამო, მოსწავლეები დისტანციურად ექვსი თვის მანძილზე სწავლობდნენ. თავიდან ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ სკოლაში ნიღბების ტარება საჭირო არ იყო, თუმცა ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო გადაწყდა, რომ ბავშვებმა, ვისაც 11 წელი შეუსრულდა და მასწავლებლებმა პირბადეები სკოლის დერეფნებში, ასევე იმ ადგილებში უნდა ატარონ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
გაკვეთილის მსვლელობისას პირბადის გამოყენება საჭირო არ იქნება. უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება. განათლების დეპარტამენტის რეკომენდაციით, თითოეულ კლასს ყველა საგანი ერთსა და იმავე საკლასო ოთახში უტარდება. მოსწავლეებს სკოლაში უამრავი სანიტაიზერი დახვდათ. გარდა ამისა, ზედაპირები, რომელთაც მოსწავლეები და მასწავლებლები სისტემატურად ეხებიან ხშირად სტერილდება.
შოტლანდიაში მოსწავლეები სკოლებში აგვისტოში დაბრუნდნენ. აქ კლასები შეძლებისდაგვარად პატარა ჯგუფებად დაყვეს. გარდა ამისა, მასწავლებლები მკაცრად აკონტროლებენ, რომ შესვენებების დროს სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ერთმანეთს არ შეერიონ.
ჩრდილოეთ ირლანდიაში სასწავლო პროცესი აგვისტოს ბოლო კვირაში განახლდა. აქ მოსწავლეები მთელ სასწავლო დღეს ერთ კლასში ატარებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ერთმანეთთან კონტაქტი დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური ფონდის საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით, ინგლისის სკოლების მასწავლებლები და დირექტორები თვლიან, რომ საშუალოდ მოსწავლეები თავიანთი ცოდნით სასწავლო პროგრამას სამი თვით ჩამორჩებიან.
საფრანგეთში ორთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ კლასებში 12,4 მილიონი ბავშვი დაბრუნდა. ,,ნუ გეშინიათ!“ -ამ სიტყვებით მიმართა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ.
აქ მოსწავლეებმა, ვისაც 11 წელი შეუსრულდა და მასწავლებლებმა პირბადეები სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზეც უნდა ატარონ. გარდა ამისა, მათ ხელები სისტემატურად უნდა დაიმუშავონ: სკოლაში შესვლამდე, კვების წინ, ყოველ შესვენებამდე და მის შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის შემდეგ. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაცემინებისას ერთჯერადი ხელსახოცები უნდა გამოიყენონ (სკოლამ მათი და ურნების მარაგი უნდა უზრუნველყოს). არ შეიძლება ერთმანეთის ჩახუტება და შეხვედრისას ხელის ჩამორთმევა. ამავე დროს საჭიროა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც ეს შესაძლებელია.
ესპანეთში სასწავლო პროცესი 4 სექტემბერს განახლდა. აქ მოსწავლეებმა ექვსი წლის ასაკიდან პირბადეები უნდა ატარონ. გარდა ამისა, სკოლაში ყოფნის პერიოდში, მათ ხელები სულ მცირე ხუთჯერ უნდა დაიმუშავონ. ამავე დროს, რეკომენდირებულია მეტრანახევრიანი დისტანციის დაცვა. სკოლაში შესვლამდე ბავშვებსა და თანამშრომლებს სიცხეს უზომავენ. ზედაპირები სისტემატურად მუშავდება, ოთახები კი ნიავდება. თუ რომელიმე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მთელი კლასი, მასწავლებლის ჩათვლით კარანტინში გადავა. ხოლო თუ შემთხვევების რაოდენობამ იმატა, სკოლა მთლიანად დაიხურება.
გერმანიაში სასწავლო პროცესი აგვისტოში განახლდა. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მალევე ათასობით გერმანელი მოსწავლე კარანტინში გადავიდა: ინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, იზრდება და სკოლებშიც ვირუსის ახალი მატარებლები ჩნდებიან. კორონავირუსისგან დაცვის მექანიზმებს თითოეული სკოლა თვითონ ირჩევს. თუმცა ზომები ბევრ რამეში ემთხვევა: ნიღბები, დეზინფექცია, განიავება და კლასში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება