GE

როგორია ახალი რეალობა სკოლებში, სადაც კორონავირუსის პარალელურად სწავლა განახლდა (+ფოტოები) 

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვები ყველა სფეროს, მათ შორის განათლებასაც შეეხო. მაშინ, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო სასწავლო წლის გაგრძელებაზე ჯერ ვერაფერს ამბობს, (მათ შორის საქართველოში სასწავლო პროცესი მხოლოდ შემოდგომაზე განახლდება) ქვეყნებმა, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, დაწესებული შეზღუდვების გამარტივება დაიწყეს. ეტაპობრივად მათ სკოლებში სასწავლო პროცესიც განაახლეს. მაგრამ ახალი რეალობა უჩვეულოა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებები სხვადასხვა მექანიზმებს იყენებენ, დამცავი აღჭურვილობით დაწყებული, სკოლაში შესვლამდე მოსწავლეების თერმოსკრინინგით დასრულებული. EDU.ARIS.GE-მ შეაგროვა ფაქტები, თუ რა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ მოსწავლეები და პედაგოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩინეთი

ქვეყნის ხელისუფლებამ მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებამდე მათ დღის წესრიგში ბევრი ცვლილება შეიტანა. აქ ნიღბების ტარება, ინდივიდუალური სასკოლო ტრანსპორტით გადაადგილება და საკლასო ოთახამდე სპეციალურად დადგენილი მარშრუტით მისვლა აუცილებელი გახდა. გარდა ამისა, სკოლაში შესვლამდე ყველა მოსწავლე თერმოსკრინინგს გადის.ზოგ სასწავლო დაწესებულებაში არიან ხელმძღვანელები, რომლებიც მოსწავლეებს ლანჩის დროს სოციალური დისტანციის დაცვაში ეხმარებიან. ამასთან, სასადილოები საგამოცდო ოთახებს დაემსგავსა. ბევრმა სკოლამ მოსწავლეების დასაშორებლად მაგიდებს შორის დამატებითი გამყოფი დააყენა. ჩინეთში სოციალურ დისტანციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევენ და მის დასაცავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან ყველა სკოლა დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მარტის შუა რიცხვებში, დაავადების ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად, ჩინეთის შორეულ პროვინციებში სასწავლო პროცესი აღდგა და სკოლებში 1.5 მილიონი დამამათავრებელი კლასის მოსწავლე დაბრუნდა.

გერმანია

გერმანიაში სასწავლო პროცესი 4 მაისიდან ეტაპობრივად განახლდება. პროცესი საშუალო სკოლის უფროსკლასელებითა და სტუდენტებით დაიწყება. რაც შეეხება საქსონიასა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიას, აქ გამოცდების ჩაბარება 20 აპრილიდან დაუშვეს. ბერლინსა და ბრანდენბურგში მოსწავლეებს საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება უკვე შეუძლიათ. გერმანიაში, სოციალური დისტანცია, რომელიც მეტრა-ნახევარს უდრის, მკაცრად არის დაცული. სასწავლო პროცესის განახლებამდე ყველა სკოლამ უსაფრთხოების ზომების მიღების საკუთარი გეგმა წარადგინა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიამ ვირუსთან ბრძოლის კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა ვაქცინის შექმნამდე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

დანია

15 აპრილიდან, დანიის დაწყებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ხუთკვირიანი შესვენების შემდეგ, ასობით ათასი ბავშვი სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნდა. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კლასები ორად გაყვეს და თითოში 10-11 მოსწავლეა დაშვებული. მასწავლებლები ცდილობენ ბავშვებს მეტი დრო სუფთა ჰაერზე გაატარებინონ. ვირუსის პრევენციის მიზნით, მოსწავლეები სოციალურ დისტანციას მკაცრად იცავენ. რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის აქ ბავშვებს უფრო მოკლე სასწავლო დღე აქვთ. დაწყებით სკოლებში მერხები ერთმანეთისგან 6 ფუტის დაშორებით არის განლაგებული. აქ მოსწავლეებმა ხელი სულ მცირე 2 საათში ერთხელ უნდა დაიბანონ და დაიმუშავონ. ამჟამად გაკვეთილებს მოსწავლეების 90% ესწრება.

ტაივანი

ტაივანი კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად განიხილება. აქ სკოლები თებერვლის ბოლოდან გაიხსნა. მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები ნიღბებს ატარებენ და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლაში შესვლამდე რიგ მკაცრ შემოწმებას გადიან. სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, აქ ორადგილიანი მერხების გადაკეთება გახდა საჭირო. საკლასო ოთახები სისტემატურად ნიავდება. ვირუსისგან დაცვის მიზნით, სპორტული აქტივობები და სპორტის გაკვეთილები დროებით შეჩერებულია. გარდა ამისა, სკოლები სადაც კორონავირუსის ორი ან მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა დაიხუროს.

შვედეთი

ევროპის სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთი პანდემიის გამოცხადებას უფრო მშვიდად შეხვდა. ამიტომ დაწყებითი და საშუალო კლასის მოსწავლეებმა სწავლა განაგრძეს, თუმცა უფროსკლასელები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებიდან დაითხოვეს. მსგავსი გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ პატარა ასაკის ბავშვები კორონავირუსის გადაცემის ძირითად წყაროს არ წარმოადგენენ.

აპრილის დასაწყისში 900-ზე მეტი მასწავლებელი და სკოლის თანამშრომელი ერთ-ერთ შვედურ გაზეთს დაუკავშირდა. მათი მტკიცებით სკოლები სოციალური დისტანციის დაცვას ვერ უზრუნველყოფდნენ. მათი თქმით, ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი, გაკვეთილებს ისევ ესწრებოდნენ. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მკაცრად მოუწოდა. თუმცა შვედეთმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება უფრო რადიკალური ზომების მიღების თაობაზე, რომელიც ყველა სკოლის დახურვას გულისხმობდა, მაინც არ გაითვალისწინა.

ესპანეთი და იტალია

უახლოეს მომავალში ესპანეთში სასწავლო პროცესის განახლება არ იგეგემება. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე 9 მაისამდე გაგრძელდება. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, ბავშვებს სახლის დატოვების არანაირი უფლება არ აქვთ. მსგავსი მიდგომა ესპანეთს ვირუსის გადაცემის რისკის შემცირებაში დაეხმარა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ისინი ცხოვრების „ახალ ჩვეულ რიტმს“ ძალიან ნელი ნაბიჯებით დაუბრუნდებიან.

იტალიაშიც, სასწავლო პროცესის განახლებაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. 4 მარტს გაცემული განკარგულებით, იტალია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დახურა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 3 მაისამდე გაგრძელდება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: telegraph

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური