როგორია ქართველი სტუდენტის სტუდენტური ცხოვრება ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ახალი ვირუსისგან თავის დაცვა საქართველოს საზღვრებს გარეთ უწევს, მათ რიცხვში არიან სტუდენტებიც.
EDU.ARIS.GE ჩეხეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ სტუდენტს დაუკავშირდა. თათია ზარქუა ჩეხეთში, Czech University of Life Sciences (CULS) -ში ეკონომიკა და მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. სასწავლო პროცესში ის 2019 წლის სექტემბერში ჩაერთო, სრული სასწავლო კურსი კი 2023 წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს.
ჩვენ დავინტერესდით თუ როგორია დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მისი სტუდენტური ცხოვრება, შეცვალა თუ არა სწავლების მეთოდი და ზოგადად, როგორ აფასებს ის არსებულ მდგომარეობას.
– შეწყდა თუ არა ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმაღლეს სასწავლებლებში და როდის მიიღო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება? რა დრომდეა სწავლა შეჩერებული?
– ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 10 მარტს მიიღო. ყველა უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა პერიოდით გადაიდო სწავლა. ჩემი უნივერსიტეტის შემთხვევაში კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი.
– სწავლის შეწყვეტის დროს რამდენი დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული ქვეყანაში?
– 9 მარტს 38 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 10 მარტს დადასტურდა კიდევ 25 შემთხვევა.
– რა ტიპის სწავლების მეთოდი შესთავაზეს სტუდენტებს უმაღლესმა სასწავლებლებმა და შენ შემთხვევაში რა ტიპის სწავლება დაინერგა. როგორ შეხვდნენ სტუდენტები სწავლების ახალ მოდელს?
– უნივერსიტეტები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ (ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ონლაინ ლექციები უტარდებათ). სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით ლექტორი ნიშნავს ლექციის საათს, სტუდენტებს აქვთ საშუალება საჭიროების შემთხვევაში დაუსვან კითხვები ლექტორებს.
დადებითად აფასებენ სტუდენტები ამ მოდელს, თვლიან, რომ უფრო კონცენტრირებულები არიან და უკეთ იგებენ ახსნილ მასალას (უმეტესობა ასე თვლის). ჩემს შემთხვევაში (დოქტორანტურა), სალექციო კურსები არ მიტარდება. ხელმძღვანელთან კონტაქტი მაქვს დისტანციურად, საკვლევ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ e-mail-ით ან ტელეფონით.
– რამდენად პრაქტიკულია ის და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული? რამდენად რთულია ასეთი ფორმატით სწავლა – პლუსები და ნაკლოვანებები?
– ვთვლი, რომ ონლაინ სწავლება პრაქტიკულია, განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, ვინც დასაქმებულნი არიან. როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი სტუდენტი ბევრად კონცენტრირებული და მოტივირებულია, უარყოფით ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს.
– რას ფიქრობ, შესაძლებელია ამ ფორმით სრულყოფილი განათლების მიღება?
– ჩემი აზრით, ონლაინ რეჟიმზე გადასვლა სრულყოფილი განათლების მიღებაში ხელს არ შეგვიშლის, ამ ეტაპზე ლექტორები მაქსიმალურად არიან მობილიზებული სტუდენტებთან ქონდეთ აქტიური კონტაქტი და დაეხმარონ მათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
– გაქვს თუ არა კომუნიკაცია საქართველოს საელჩოსთან ჩეხეთში და მიიღეთ თუ არა მათგან რაიმე სახის რეკომენდაციები?
– საქართველოს საელჩოს ჩეხეთში აქტიური კომუნიკაცია აქვთ ქართველ სტუდენტებთან. მოგვიწოდებენ რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავემორჩილოთ ჩეხეთის მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.
– როგორია საერთაშორისო სტუდენტების დამოკიდებულება ამ ეტაპისთვის და გაემგზავრნენ თუ არა საკუთარ სამშობლოში?
– სტუდენტების უმეტესობა ამ ეტაპზე რჩება ჩეხეთის ტერიტორიაზე, თუმცა არიან სტუდენტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
– მოგვიყევი, როგორია შენი ერთი დღე კორონავირუსის პირობებში?
– ჩვეულ რიტმში ვცხოვრობთ, ვმუშაობ საკვლევ თემაზე, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჰიგიენა და დავრჩეთ სახლში. უნდა აღვნიშნო, რომ ჩეხეთის მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა 15 მარტიდან, შესაბამისად, გარეთ გასვლა შეგვიძლია აუცილებლობის შემთხვევაში.
– მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა კონკრეტულ რჩევებს მისცემდი საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს?
– შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას. მაქსიმალურად ეცადეთ დარჩეთ სახლში (თუ გასვლის აუცილებლობა არ არის), გაუფრთხილდეთ თქვენს და სხვის ჯანმრთელობას. დაემორჩილეთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.
მოამზადა ნათია დაშნიანმა
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი