რომელ სკოლებში შევა სექტემბრიდან ახალი სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ – სკოლების სია
კომპიუტერული პროგრამების სასწავლო სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ სექტემბრიდან რამდენიმე საჯარო სკოლაში შევა. განათლების რეფორმის ფარგლებში, შერჩეულია 3 საჯარო და ასევე 2 კერძო სკოლა სადაც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელოთი დაეუფლებიან. ახალი სახელმძღვანელოს შემოტანაზე პირველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 23 იანვარს, განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული პრეზენტაციისას განაცხადა, სადაც სკოლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
სასწავლო გეგმის ფარგლებში, წიგნით „გამარჯობა რუბი“ სწავლება ქალაქ საგარეჯოს # მე-2, ქალაქ რუსთვის # მე-4 და თბილისის # 71-ე საჯარო სკოლების კლუბებში განხორციელდება. ამასთან, სახელმძღვანელო შევა ორ კერძო სკოლაშიც, ესენია „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლები.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა რუბი“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა, საქართველოში მოიწვია.
ლინდა ლიუკასმა 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.
„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ნიუ იორკის სკოლებში კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.
ავტორის გადაწყვეტილებით, „გამარჯობა რუბი” წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. „გამარჯობა რუბი“ – არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება