GE

რომელი დავალებების და საკითხების ეშინიათ ქართულის გამოცდის დღევანდელი სესიების აბიტურიენტებს

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 5 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე სესიით გრძელდება. აპლიკანტები დღესაც ქართულის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ და საგამოცდო პროცესი 18:00 საათზე დასრულდება.

191-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მისულ დილის სესიის აპლიკანტებს გამოცდაზე შესვლამდე ვკითხეთ, რომელი დავალებების ეშინიათ ყველაზე მეტად.

“ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მგონი, არ ვნერვიულობ. ყველაზე უფრო თემის ნაწილის მეშინია და ძალიან არ მინდა, რომ “ბედი ქართლისა” მომივიდეს, რადგან რაღაცნაირად სუბიექტურად მომიწევს მისი დაწერა და არ მინდა, მიკერძოებული ვიყო, მირჩევნია უფრო ფართოდ გაშლილი თემები მომივიდეს, სადაც უკეთესად ვიმსჯელებ და ჩემს აზრს ობიექტურად დავაფიქსირებ”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ელისაბედ ნარსიამ, რომელიც თვლის, რომ დღევანდელი გამოცდა ისეთი სირთულის იქნება, ყველა შეძლებს მის დაძლევას.

გამოცდის სირთულეზე ნერვიულობს ნიკი არონია და გვეუბნება, რომ ეროვნული გამოცდების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მისი მომავლისთვის.

“ცოტას კი ვნერვიულობ, მაგრამ მგონია, რომ დავწერ, რადგან მზად ვარ ყველაფრისთვის. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პირველად ვარ ეროვნულ გამოცდაზე. სკოლაში კი მქონია გამოცდები, მაგრამ ეს სულ სხვა სირთულის მგონია”, – ამბობს ნიკი.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, გიორგი ზანდარიძე ამბობს, რომ გამოცდა მარტივი არ იქნება და არ სურს, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” შეხვდეს.

“კონკრეტული საკითხების კი მეშინია, მაგრამ ახლა ალბათ გამიჭირდება მათი ჩამოთვლა. ალბათ, როგორც ყველა, მეც ასევე ვერიდები “ვეფხისტყაოსნიდან” რომელიმე ნაწილის მოსვლას და ვნახოთ, რა იქნება”, – ამბობს გიორგი.

ნელიკო მანჯავიძე კი თვლის, რომ გამოცდაზე ყველაზე დამთრგუნველი საგამოცდო გარემოა: “უფრო გარემო მაშინებს, რომელიც ჯერ უცხოა ჩემთვის, ვიდრე საკითხები ან რამე სხვა. ძალიან არ ვნერვიულობ, მაგრამ ცოტა დაბნეული კი ვარ, მაინც მგონია, რომ უპრობლემოდ ჩავაბარებ”.

175-ე საჯარო სკოლაში მისული კიდევ ერთი აბიტურიენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იმედი აქვს, საკითხები არ გართულდება და აბიტურიენტებს თანაბარ პირობებს შეუქმნიან.

“რეპეტიტორებმაც გვითხრეს, რომ პირველი ნაწილი მარტივი იყო, მეორე შედარებით რთული. იმედი გვაქვს, არ გართულდება და თანაბარ პირობებს შეგვიქმნიან, ესე უფრო სამართლიანი იქნება”.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ხვალ, 6 ივლისს, პირველი სესიით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური