რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე
სკოლებს, რომელთაც ავტორიზაცია ძველი სტანდარტებით გაიარეს, ახალ სტანდარტებზე მორგებისთვის კონკრეტული ვადა დაუწესდათ. საკითხის შესახებ 15 მარტს საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარის მიერ გაცხადდა, სადაც განათლების ხარისხის, უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.
როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტის მიხედვით უნდა გაიაროს.
საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის წარმდგენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იყო, რომელმაც ძველი სტანდარტით ავტორიზაციაგავლილი სკოლების საკითხის გავლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა განათლების კომიტეტის მიერ ერთერთ სხდომაზე გაჟღერებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სკოლებს, (საუბარია კერძო სკოლებზე) რომლებმაც ძველი სტანდარტებით უკვე გაიარეს ავტორიზაცია, უნდა მიეცეთ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოემზადონ ახალი სტანდარტებით აკრედიტაციისათვის და შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი პროგრამები, ინსტიტუცია იმ ახალ სტანდარტებთან, რომელიც დგინდება ახალი კანონპროექტით.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კი კომიტეტის ინიციატივა ასე განმარტა:
„ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ კომიტეტზე მსჯელობა და შემდგომ კიდევ კონსულტაციები. მათ შორის, კერძო სკოლების ასოციაციასთანაც გვქონდა ინტენსიური განხილვები ამ საკითხის… ყველა ვალდებულია, მოერგოს ახალ სტანდარტებს და თუ ვთანხმდებით, რომ ახალ სტანდარტებზე, ბუნებრივია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლა უნდა მოექცეს ერთი რეგულაციის ქვეშ და ყველამ უზრუნველყოს თავსებადობა ამ ახალ სტანდარტებთან, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ ვისაც უწევს, კერძო სკოლებს ვგულისხმობ, მაგალითად, წელს ან 2023 წელს ავტორიზაციის პროცესი, მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ მოახდინონ თავსებადობა და ვინც გაივლის ძველი სტანდარტით, ასევე ჰქონდეთ გონივრული ვადა, რომ მოერგონ ახალ სტანდარტებს და ამ პროცესში სახელმწიფომ არ მოახდინოს რაიმე დამატებითი ჩარევა. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ეს კონკრეტული მუხლი და ეს საკითხი დავარეგულიროთ ისე, რომ პრინციპში ყველამ უზრუნველყოს ამ სტანდარტებთან თავსებადობა და ვადა განვსაზღვროთ 2024 წლის 1-ელი სექტემბრისთვის“.
ამასთან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ დაამატა, რომ ამ ვადებისა და ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კერძო სკოლებს:
„კერძო სკოლებთან მოხდეს შეხვედრა და კარგად განემარტოით თუ რა გონივრული ვადა მიეცათ. ის ვისაც წელს უწევს ავტორიზაცია, ისინი ჩვეულებრივად, ძველი სტანდარტით გადიან და თითქმის ორ წელზე მეტი ექნებათ ვადა. ის, ვისაც 2023-ში უწევს, განემარტოთ რა შესაძლებლობაა მათთვის, რომ ერთის მხრივ, შეუძლიათ როგორც ძველი სტანდარტით გაიარონ, ან თუ ჩათვლიან საჭიროდ უკვე ახალი სტანდარტით გაიარონ. გთხოვთ, დააორგანიზოთ ეს შეხვედრა“, – მიმართა ამილახვარმა მინისტრის მოადგილეს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება