რა უფლებები მიენიჭება განათლების მინისტრს ახალი კანონით და რას აპროტესტებენ დეპუტატები სკოლების ავტორიზაციაზე
“მართლა იცით რა კანონებზეა საუბარი? თქვენ ახლა მწვანე ღილაკს დააჭერთ ხელს და მაინტერესებს თუ იცით რა სერიოზულ კანონებზეა საუბარი”, – ასე მიმართა 15 მარტის პლენარულ სხდომაზე პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა დეპუტატებს, რომლებმაც მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს ცვლილებათა პაკეტს განათლების ხარისხის, უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. თუ რა მნიშვნელობის არის და რატომ იყო დასაფიქრებელი ამ კანონებისთვის მხარდაჭერა, ამაზე თითქმის ორი საათის განმავლობაში დეპუტატებმა გასულ კვირაში, განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, იდავეს და ამ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ.
როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია და შემუშავებული სტანდარტები დააკმაყოფილოს.
„ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით“, – წერია საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტი სკოლების ავტორიზაციის სტანდარტების საკითხებთან ერთად, სხვა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ჩანაწერებსაც მოიცავს.
ჯერ ცვლილების ეს ჩანაწერი, კერძოდ კი მისი მეორე ნაწილი გააპროტესტა განათლების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა 11 მარტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი, მეორე მოსმენით, განათლების მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. დეპუტატმა მოითხოვა, რომ მძიმის შემდეგ არსებული ტექსტი სრულად წაიშალოს. ანუ სკოლამ თავად განსაზღვროს წიგნის ესგ-სთან შესაბამისობა, სამინისტროს მონაწილეობის გარეშე.
„წარმოიდგინეთ, რამხელა დისკრეციას ვანიჭებთ გაურკვეველი კონტროლის გარეშე სამინისტროს, რომელმაც შეიძლება აიღოს და ვიღაც ნათესავის სკოლას მისცეს უფლება და ვიღაცას არ მისცეს რაღაცაში. გამოდის, რომ სრულიად უკონტროლოდ ვეუბნებით, რომ შენ შეგიძლია გამონაკლისი გააკეთო რაღაცაში. საერთოდ რაში სჭირდება სამინისტროს თანხმობა სკოლას, რომ გამოიყენოს რომელიღაც სახელმძღვანელო“, – თქვა სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
განათლების კომიტეტის კიკდევ ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კი დაინტერესდა იმ საკითხით, რომლის თანახმად, ცვლილების საფუძველზე, ზოგადი განათლების სფეროში სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში კონკრეტდება, რომ სამინისტრო შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს და ახსნა თუ რა არის ამ ჩანაწერში მიუღებელი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტთან ერთად, ითვალისწინებს აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას ავტორიზაციის ინსტიტუტში. კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.
ცვლილებათა პაკეტი, რომელმაც, როგორც მისი წარმდგენები წერენ, ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, დავის საგანი გახდა.
კერძოდ, დეპუტატებისთვის გაუგებარია, რა იგულისხმება კანონში ნახსენებ ჩანაწერში, სადაც საუბარია სკოლის ფილოსოფიასა და სასკოლო კურიკულუმზე, ასევე სურთ არა სამინისტრო ადგენდეს დისკრეციით ყველა ქმედებას, არამედ პარლამენტი უდგენდეს სამინისტროს უფლებებს. მათ შორის იმას, თუ რა ქცევის შემთხვევაში ვერ მიიღებს სკოლა ავტორიზაციას. მაგრამ, როგორც მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძის საუბრიდან გამოჩნდა, ფილოსოფიის შინაარსს და მიღებულ ჩანაწერებს, დეპუტატებიც და საზოგადოებაც კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ შეიტყობენ კანონქვემდებარე აქტებით, რომელსაც მოგვიანებით ისევ სამინისტრო შეიმუშავებს.
„ეს პარლამენტი არსებობს იმისთვის, რომ აქ ვილაპარაკოთ ფილოსოფიაზე და როცა ფილოსოფიაზე შევთანხმდებით, ტექნიკა არის ამათი საქმე, რომ მერე შეასრულონ. მაგრამ თუკი აქ არ ვიძახით რა არის ფილოსოფია და ვიღაცამ უნდა განსაზღვროს, ეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორი. რომელი ფილოსოფია არის მიუღებელი? რა ფილოსოფია უნდა იყოს ისეთი სკოლის, რომელიც არ იქნება მისაღები? მეორე მოსმენაა და ახლაა სასაუბრო ამ მუხლზე და მინდა მივიღო პასუხები – მაგალითად, როდის არ მიანიჭებთ ავტორიზაციას? წარმოგვადგენინეთ, როგორ მოახდენთ ამის ადმინისტრირებას“, – მიმართა კომიტეტის წამყვანს, თამარ ტალიაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პასუხისას, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ განმარტა, სკოლის ფილოსოფია მოიაზრებს, რომ ჩაიშლება ორი ქვე კომპონენტად, ორ ქვე სტანდარტად. „პირველი არის სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები და ეს სტანდარტი უკვე იშლება თავის მოთხოვნებით, ინდიკატორებით და მტკიცებულებების ნაწილად. ეს ნიშნავს, რომ სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში. ეს არის ძალიან ზოგადი ფორმულირება“, – თქვა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ამის შემდეგ უკვე არსებობს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს როგორც სკოლა, ასევე ექსპერტი, რომელიც შემდგომ ამ სკოლის მიერ გაკეთებულ თვითშეფასებას, პროექტს და პროგრამას განიხილავს.
მისივე თქმით, ინდიკატორებში ის იგულისხმება და აუცილებელი პირობაა, რომ სკოლის ხედვა და მისია შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.
ამაზე დეპუტატის ჩაკითხვას, თუ რა უნდა დაწეროს სკოლამ, რომ ავტორიზაციაზე უარი მიიღოს, მინისტრის მოადგილისგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მოჰყოლია: „მაშინ ფანტაზიას უნდა მოვუხმო… ეს ნიშნავს, რომ თუკი აცდენილია ეროვნულ სასწავლო მიზნებს… რა შეიძლება იყოს ეს – თუკი არ ვაკეთებთ იმას, რაც განათლებას სჭირდება, აცდენილი ვართ რეალობას. ალბათ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც სკოლას ექნება დაუკმაყოფილებელი თავისი განაცხადი.“
ოდნავ მეტი კონკრეტიკა საკითხზე კომიტეტის წამყვანმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თამარ ტალიაშვილმა მოიყვანა: „ეროვნული სასწავლო მიზნებით, ყველაფერი, რაც არის გათვალისწინებული, ანუ ძალიან ფართო სპექტრი, ყველაფერი არის დასაშვები მხოლოდ ის, მაგალითად, თუ სკოლა ასწავლის დავუშვათ ანტისემიტურ განწყობებს, არის ორიენტირებული მაგალითად, მცირეწლოვანთა მიმართ დანაშაულის ჩადენაზე, მაგალითად ორიენტირებულია ძალადობის გაღვივებაზე, ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე… ჩვენ ვიცით ის, რა არის ნებადართული და რაზე უნდა იყოს ორიენტირებული განათლების მიზნები“.
ამ მაგალითების მიუხედავად, სხდომაზე ვერ გაეცა პასუხი ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვას, მაგალითად, სკოლას დაიწუნებენ თუ არა, თუკი ის მთავრობისადმი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის წესებს ასწავლის მოსწავლეებს, ასწავლის მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას, აქვს თუ არა ამის უფლება… ამაზე პასუხის ნაცვლად, ეს დისკუსია საინტერესოდ შეფასდა და ითქვა, რომ ეს უბრალოდ მსჯელობის საგანი იქნება და არა კანონის განხილვის მიზანი.
„განათლების სისტემის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მივცეთ ადამიანებს თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტონ, თუ როგორ ასწავლონ ბავშვებს ან სტუდენტებს. თავისუფლების საზღვარი სად გადის, სწორედ ეს უნდა დავადგინოთ – „ამის იქით არ გაქვს უფლება რომ გააკეთო“. ეს არის ჩვენი ვალდებულება, წესრიგის დადგენა და ჩვენ პირიქით ვიქცევით, ყველაფერი აქ რაც წერია არის, რომ სამინისტრომ გადაწყვიტოს, სამინისტრომ დაადგინოს წესრიგი… არეული გვაქვს შინაარსი. ამის ნაცვლად სჯობს, ჩავწეროთ არა ის, რა არის სწორი, არამედ რა არის არასწორი, სამინისტროს პარლამენტი უნდა უდგენდეს… მარტო აკრძალვები ჩავუწეროთ და დანარჩენი ყველაფერი იყოს ნებადართული“, – თქვა დეპუტატმა რაქვიაშვილმა.
საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად დეპუტატების წინააღმდეგობისა, კანონის პროექტში ეს ინიციატივები ვერ აისახება, რადგან ის, რაზეც დეპუტატებმა იდავეს, კანონქვემდებარე აქტებში უნდა გაიწეროს და პარლამენტში წარმოდგენილ პაკეტში მისი შინაარსი არ გადმოიცემა, რასაც კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დასაჭურისების მცდელობა უწოდა. სხდომის წამყვანმა კი ალექსანდრე რაქვიაშვილის ინიციატივის მიღებისა და კენჭისყრის პირობა დადო.
„სამინისტროს უნდა განესაზღვროს და ავტორიზაციაზე უარის თქმის უფლებები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოწერილი. ანუ შევცვალოთ ფორმულირება – არა შესაბამისობა იყოს იმასთან, რასაც დაადგენს სამინისტრო, რაც არ არსებობს ჯერ, არამედ მითითება, რომ განათლების სამინისტრომ წარადგინოს მკაფიო ჩამონათვალი რა არ შეიძლება და რა პირობებში ვეუბნებით უარს სკოლას ავტორიზაციაზე, ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იყოს ავტორიზაცია ავტომატურად მინიჭებული“, – ასე დაფორმულირდა ოპოზიციის წინადადება ცვლილების შესახებ, მაგრამ კენჭისყრის დროს მას მხარდაჭერა არ მიუღია.
„ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. ამასთან, მოხდება ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინების საფუძველზე. განახლებული სტანდარტები გაითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის თავისებურებებს. ავტორიზაციის სტანდარტების განახლება გამოიწვევს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას. შეფასების პროცესი იქნება რეალურ თვითშეფასებაზე დაფუძნებული, ორიენტირებული იქნება პროცესების შეფასებაზე და დაწესებულების განვითარებაზე. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ მიდგომების განვითარების მოქნილობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით“, – ასევე ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება