„რთულია, როცა პირველკლასელს მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარული ეკრანიდან უნდა ასწავლო“ – პედაგოგი დისტანციურ გაკვეთილებზე
ქვეყნის 700-მდე სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დისტანციური რეჟიმით დაიწყო. ეს სკოლები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში მდებარეობს და შესაბამისად, დაწესებულებებში მოსწავლეების ყველაზე დიდი რიცხვია კონცენტრირებული. ონლაინ სწავლების გამო, განსაკუთრებულად ღელავენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და მშობლები. მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვირტუალურ სივრცეში მოზარდები ვერ შეძლებენ საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას და სასწავლო დაწესებულებების გახსნა აუცილებელია, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ ოქტომბერს სკოლების გახსნის საკითხი, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სხვადასხვა ტექნიკური თუ მატერიალური პრობლემა ის ძირითადი მიზეზებია, რაც დისტანციური სწავლების დროს უფროსების განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა სპეციალისტები მშობლებსა და პედაგოგებს მოუწოდებენ, რომ ონლაინ სწავლების შესახებ თავიანთი უარყოფითი შეხედულებები ბავშვებს არ მოასმენინონ და შეეცადონ მათთვის ისედაც სტრესული გარემო სასიამოვნო გახდეს, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას ახლა იწყებენ.
EDU.ARIS.GE საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგის მაგალითზე შეეცადა გაერკვია, რა სირთულეები წარმოიშვა დისტანციური სწავლების პროცესში და რა გზა იპოვა მან მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. ლიკა ღაჭავა თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის ამბობს, რომ პირველკლასელების მხრიდან ასეთ ინტერესსა და ჩართულობას არ ელოდებოდა.
„თიმსის ჯგუფი უკვე შექმნილი გვაქვს და გაკვეთილებსაც ვატარებთ, დღეში ორი ან სამი გაკვეთილი უტარდებათ 20-20-წუთიანი. რამდენიმე მათგანს რეგისტრაცია ცოტა გაუჭირდა, თუმცა სკოლამ მალე მოაგვარა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის საკითხი. სასწავლო წლის პირველი დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდი, რადგან პირველკლასელებს უნდა შევხვედროდი, პირველი დღის ემოცია ბავშვებს მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ და მინდოდა მათთვის ლამაზი გარემო შემექმნა. მომზადება მაშინაც არ შემიწყვეტია, როცა გავიგე, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში უნდა დაგვეწყო, ვერ გავითავისე, რომ პატარებს სკოლის კედლებში ვერ მივულოცავდი სწავლის დაწყებას, ვიფიქრე, რომ სასკოლო გარემოს დისტანციურ რეჟიმში ვაჩვენებდი. მოვაწყვე საკლასო ოთახში სხვადასხვა თვალსაჩინოებები, სკოლის შესასვლელიც მოვრთეთ, ერთ-ერთი ჩართვის დროს პატარებმა ეს ყველაფერი ნახეს და ძალიან გახალისდნენ.
„ჩემი კლასის პირველი დისტანციური დღე იყო ემოციური. როცა პატარების გაბრწყინებულ თვალებს ეკრანზე უყურებ და იცი როგორ ელოდებიან სკოლაში მოსვლას, შინაგანად ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს და შეგეძლოს მათი საკლასო ოთახებში დაბრუნება. პირველ დღეს, როგორც ბავშვები, ასევე მშობლები იმაზე ბევრად უფრო მობილიზებულები იყვნენ ვიდრე ველოდი, ბავშვები ისე მპასუხობდნენ, მეგონა, რომ ასეთი დისტანციური გაკვეთილები, უკვე მრავალჯერ მქონდა მათთვის ჩატარებული“, – ამბობს ლიკა ღაჭავა.
პედაგოგი აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების დროს პრობლემები ისეთ ბავშვებს აქვთ, ვისი მშობლებიც მუშაობენ და ჩართვაში დახმარების დრო არ აქვთ, ასევე პრობლემურია მრავალშვილიან ოჯახებში ტექნიკის გადანაწილების საკითხი.
„დისტანციური სწავლებისას სირთულე ისაა, რომ მშობელი თუ მუშაობს და არ ჰყავს დამხმარე, ბავშვი ვერ ახერხებს გაკვეთილზე შემოსვლას. ზოგჯერ მოსწავლეები ქალაქიდან არიან გასულები, სადაც მათ არა აქვთ ინტერნეტი. პრობლემაა ისიც, რომ მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ყველა ბავშვი სკოლის მოსწავლეა, არა აქვთ საკმარისი ტექნიკა გაკვეთილზე დასასწრებად. ასეთ შემთხვევაში მაქვს აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია მშობელთან, გვაქვს ასევე ჯგუფი სადაც ვდებ დავალებებს, რომ მარტივად მოძებნონ“, – ამბობს ლიკა ღაჭავა.
მისივე თქმით, ონლაინ სწავლებაში დადებითი მომენტი არის ის, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც აიძულა ტექნოლოგიებს უკეთ დაუფლებოდნენ, თუმცა ცოცხალ ურთიერთობებს ტექნიკა ვერ ცვლის.
„დისტანციურმა სწავლებამ ყველა დაავალდებულა უკეთ დაუფლებოდნენ ტექნოლოგიებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია. პირველი კლასიდან იწყება ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და რთულია როცა მათ მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარული დისტანციურად, ეკრანიდან უნდა ასწავლო, ასევე დისტანციურად უნდა მიაჩვიო ისინი სკოლაში ქცევის წესებს, გულდასაწყვეტია, რომ სკოლის კედლებში ბავშვების ჟრიამული აღარ ისმის“, – აცხადებს პედაგოგი.
პირველკლასელების მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული რთულ სიტუაციას, პედაგოგები და მშობლები საერთო ძალებით უნდა გაუმკლავდნენ.
„დღეს ქვეყანაში რთული სიტუაციაა, დღეს, ისე როგორც არასდროს დასაფასებელია სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ,,უხილავმა მტერმა“ აქტიური ცხოვრება შეაჩერა, თითქოს დედამიწაც ცოტა ხნით გაჩერდა, თუმცა ყველა განსაცდელის შემდეგ სიხარული აუცილებლად გვეწვევა, მთავარია ყველაფერს იმედის თვალით შევხედოთ. დისტანციური სწავლება გამოწვევაა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მათი მშობლებისთვისაც. დისტანციურ სწავლებაში, და განსაკუთრებით პირველ კლასში, მშობლების როლი უმნიშვნელოვანესია, ამ რთულ გამოწვევას ყველა ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ. არ შეიძლება ბავშვებთან გვქონდეს ურთიერთობა და მათ მომავლის შიში ჩავუნერგოთ, ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში დადებითი ემოციის შენარჩუნებაა. თერთმეტი წელია ვარ დაწყებითი კლასის პედაგოგი. ვფიქრობ რაღაც სირთულე ყველა პროფესიაშია, მაგრამ თუ შენი საქმე და შენი პროფესია გიყვარს სირთულეებსაც იოლად გაუმკლავდები. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, მინდა, რომ საქართველოში სკოლის კედლები მალე აივსოს ბავშვების ჟრიამულით“, – ამბობს პედაგოგი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება