„რთულია სწავლა, როდესაც გეშინია“ – რა პრობლემები გამოააშკარავა პირველმა კოვიდურმა სემესტრმა დიდ ბრიტანეთში
დიდ ბრიტანეთში სასწავლო პროცესი ივნისში აღდგა. სასწავლო დაწესებულებებში მოსამზადებელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეები დაბრუნდნენ. კორონავირუსით გამოწვეულმა ახალმა რეალობამ პრობლემები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეუქმნა. ბავშვები გაკვეთილებსა და დღის ჩვეულ რეჟიმს გადაეჩვივნენ. ამავე დროს, ისინი ძალიან შფოთიანები გახდნენ. მშობლებსა და მასწავლებლებს მათთან ახალი მიდგომების ძებნა უწევთ. გთავაზობთ რამდენიმე ბრიტანელი მოსწავლის ისტორიას, რომელთა ცხოვრება პანდემიის გამო შეიცვალა.
„კოვიდის ზეგავლენა“
დიდ ბრიტანეთში მასწავლებლის შემაჯამებელ ჟურნალში გამოჩნდა გრაფა ,,COVID-19 Impact”, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ,,კოვიდის ზეგავლენა“. ლონდონის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მასწავლებლის, სარა ტერნერის თქმით, აქ მათ უნდა ჩაწერონ ყველაფერი, რაც ბავშვების მდგომარეობას, მიმდინარე სიტუაციასთან აკავშირებს (რატომ დაიწყო უფრო ცუდად, ან უფრო კარგად სწავლა? რატომ დაიწყო სხვა მოსწავლეებთან კონფლიქტში შესვლა? რატომ გახდა ნაკლებად ყურადღებიანი?). ,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში კოვიდი არის დამნაშავე. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად ობიექტურია მოსწავლის ცვლილების მიზეზი, აუცილებელია ანალიზის გაკეთება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალი სასწავლო წლის, პირველი მეოთხედის მონაცემებით, ზოგ მოსწავლესთან ეს ცვლილებები მკვეთრად ჩანს“, – ამბობს სარა ტერნერი.
ივნისში ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროს სპეციალისტებმა გამოკითხვა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მშობელმა მიიღო. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ლოკდაუნის პერიოდში, 4-დან 10-წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა სამ საკვანძო სფეროში: ემოციური, ქცევითი და საგანმანათლებლო (ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფესთან დაკავშირებული პრობლემები) შესამჩნევად გაუარესდა.
ოქტომბერში იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ პანდემიის დროს გადატანილ მოვლენებს ბავშვებზე საკმაოდ ხანგრძლივი შედეგი ექნება. მათი დაკვირვებით, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვმა ლოკდაუნი ისე გადაიტანა, როგორც მისმა მშობლებმა.
„რთულია სწავლა, როდესაც გეშინია“
ლოკდაუნის დროიდან, ემმა ევანსონი დილისთვის თხუთმეტწუთიანი შუალედით, ოთხ მაღვიძარას აყენებს. პირველ ზარზე ის თვითონ დგება, დანარჩენი სამი კი მისი მეოთხეკლასელი შვილის, ელიზას გასაღვიძებლად არის საჭირო. კარანტინის შემდეგ მას ძილის რეჟიმის აღდგენა და დილით სკოლაში წასვლა უჭირს. გოგონას დედის თქმით, ლოკდაუნის დროს ელიზა ღამის 11 საათამდე საწოლში იწვა და იმის გამო ტიროდა, რომ დაძინებას ვერ ახერხებდა. ემმა მაშინვე მიხვდა, რომ ეს უბრალოდ დღის რეჟიმის არევა არ იყო. კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვს დილის დადგომის ეშინოდა, ვინაიდან მაშინ ის კომპიუტერთან უნდა დამჯდარიყო და ონლაინ ესწავლა, მან კი არ იცოდა – როგორ.
ფსიქოლოგების აზრით, აკადემიური შესაძლებლობების, ასევე სკოლისა და უფროსების თანადგომის მიუხედავად, ბავშვების უმრავლესობა ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ იყო. სპეციალისტების თქმით, კარანტინის დროს მათთან მშობლების მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. უფროსების განცხადებით, ბავშვებმა გაიგეს, რომ ეს სასიკვდილო ვირუსია, ამიტომ მათ დაინფიცირებასა და ახლობლების სიკვდილთან დაკავშირებული შფოთვები დაეწყოთ. ფსიქოლოგების თქმით, შფოთვისა და შინაგანი შიშის დროს სწავლა შეუძლებელია.
„დედა იშვიათად მოდის, მამა – არასდროს“
8 წლის კაილი, სასწავლო დღის ბოლოს, მშობლებთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, საპირფარეშოში შედის და იქიდან დიდხანს არ გამოდის. ლონდონის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორი ყვება, რომ მშობლებს კორონავირუსის გამო სკოლაში შემოსვლა ეკრძალებათ, ამიტომ მასწავლებლები ბავშვებს მშობლებს, ან სხვა სანდო პირებს სკოლის ეზოში აბარებენ. ,,კაილის წასაყვანად ხშირად მეზობელი მოდის, დედა – იშვიათად, მამა – არასდროს. მას სახლში წასვლა არ უნდა, რადგან სკოლაში თავს ბევრად უკეთესად გრძნობს“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
ფსიქოლოგების აზრით, კორონავირუსმა ოჯახში არსებულ პრობლემებს ფარდა ახადა. არასახარბიელო წარსული ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. ამიტომ ბავშვები, რომელთა ოჯახებში ხშირია კონფლიქტები, რისკის ზონაში არიან.
სპეციალისტები ასევე დასძენენ, რომ განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვები, კორონავირუსის გამო ძალიან დაზარალდნენ. ყოველდღიური რუტინა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ლოკდაუნის გამო მათი დღის განრიგი შეიცვალა, რამაც მათი უკუსვლა გამოიწვია.
ძველი ცხოვრება აღარ დაბრუნდება
იუნისეფის 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 2,2 მილიარდზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რაც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს შეადგენს. ორგანიზაციის ოქტომბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, პანდემიის მთავარი მსხვერპლები სწორედ ბავშვები გახდებიან. მოხსენების ავტორები ხაზს იმას უსვამენ, რომ კრიზისი ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს შეეხო. ყველაზე რთული მდგომარეობა კი დაბალი სოციალური ფენაში აღინიშნება.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კრიზისის დროს სოციალური ასპექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ გადააქვთ სტრესი მის გარშემო მყოფ უფროსებს. შვილები მშობლებისგან ყველა რადიკალურ, უარყოფით და ცუდ აზრს მომენტალურად ითვისებენ. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას თითქმის ყველა ოჯახი შეეჯახება. ეს იმიტომ მოხდება, რომ მიმდინარე ფაზის შემდეგ ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. ყველაფერი ეს ბავშვებზე უარყოფითად აისახება. ფსიქოლოგები მშობლებს საკუთარი შფოთვებისა და შიშების გაკონტროლებას ურჩევენ. ბავშვებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ, ამისათვის მათ უფროსების იმედი და ნდობა უნდა ჰქონდეთ.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: BBC
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება