საატესტატო გამოცდები 2017 იწყება – რას ურჩევენ საგნის ხელმძღვანელები მე–11 და მე–12 კლასელებს
სკოლებში საატესტატო გამოცდები იწყება. როგორც მეთერთმეტე, ასევე მეთორმეტე კლასელების გამოცდების განრიგები ცნობილია. 21 მაისიდან იწყებენ გამოცდების ჩაბარებას მეთორმეტე კლასელები, ხოლო მეთერთმეტე კლასელები 19 ივნისიდან.
განათლების თითქმის ყველა ექსპერტი თუ წარმომადგენელი აღიარებს, რომ CAT -ის გამოცდები განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა და მისი ჩაბარება ნებისმიერს შეუძლია, ვინც სკოლის პროგრამა დაძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები, პირველ რიგში, მოსწავლეებს სიმშვიდისკენ და დაკვირვებისკენ მოუწოდებენ, რადგან ნერვიულობამ არ შეუშალოთ ხელი არცთუ ისე ძნელი დავალებების შესრულებაში. რაც შეეხება რაიმე სახის ცვლილებებს სკოლის გამოცდებში, ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ტესტები უცვლელია, მხოლოდ წლიდან წლამდე დავალებების ბაზა ივსება ახალი დავალებებით.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია მოსწავლეებს ურჩევს, გაითვალისწინონ, რომ ძალიან ყურადღებით წაიკითხონ პირობა. რაკი კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს, პირველივე, რომელიც მოეჩვენებათ სწორად, მაშინვე არ უნდა აირჩიონ. კარგად უნდა გაიაზრონ დანარჩენი პასუხები, იმიტომ რომ ჯამბურიას თქმით, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც დავალებაში მოცემულია პატარა ლექსი, ან პროზიდან ორი-სამი წინადადება, ოთხივე პასუხი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ან შეიძლება ოთხივე მოცემული ტექსტიდან იყოს ამოღებული, მაგრამ სწორი პასუხი ერთია.
„არ უნდა იჩქარონ. რასაც დავკვირვებივარ წინა წლებში, ბავშვები სწრაფად გამოდიან გამოცდიდან. ყოველი კითხვისთვის გამოყოფილ 2 წუთს, ან 2 წუთნახევარს არ იყენებენ. ნახევარ ან ერთ წუთს ხარჯავენ თითო კითხვაზე და ამ სიჩქარეში ხშირად უშვებენ მექანიკურ შეცდომებს. პირველივე, თვალში რომელიც მოხვდებათ, არ უნდა აირჩიონ სწორ პასუხად. სასურველია, ძალიან ნელა წაიკითხონ დავალების პირობა, გაიაზრონ და მერე გააკეთონ არჩევანი.
2 წუთი იქნება, ძირითადად, კითხვა ეკრანზე. შეიძლება მოსწავლეს ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს და პროგრამა დააცდის. ორ წუთნახევარიც შეუძლია იმუშაოს. გარდა ამ ორი წუთისა, რაც თითო დავალებაზეა გამოყოფილი, მოსწავლეს აქვს დამატებით 10 წუთი, რომლის გამოყენებაც შეუძლია. თუ, ვთქვათ, დრო იწურება, ამას სისტემა აჩვენებს. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ვინმეს დრო არ ეყო. არ უნდა იჩქარონ ბავშვებმა. ნელა, წყნარად უნდა იმუშაონ“, – ამბობს კახა ჯამბურია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით, 40%-ია ისეთი დავალებები, რომლებიც ამოწმებს ლექსიკურ მარაგს, გრამატიკის, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნას და დაახლოებით, 60% შეხვდებათ მოსწავლეებს იმ დავალებების, რომელიც ამოწმებს ნაწარმოებების ტექსტების ცოდნას და ტექსტის გააზრებას, ანუ ამოწმებს წაკითხულის გაგების უნარს.
არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართული ენის გამოცდას იმ სირთულით არ აბარებენ, როგორსაც ქართულენოვნები. ქართული როგორც მეორე ენის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი ამის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ეს ბავშვები არ სწავლობენ ქართული ლიტერატურის სისტემურ კურსს.
„ქართული როგორც მეორე ენა იმ ბავშვებისთვის ტარდება, რომლებიც ქართულს მეორე კლასიდან სწავლობენ არაქართულენოვან სკოლებში. ეს გამოცდა, რაც კატის გამოცდა ტარდება, მის მერე არსებობს. ტიპოლოგიური თვალსაზრისით არავითარი ცვლილება არ შესულა საგამოცდო პროგრამაში, უბრალოდ ჩვენი დავალებების ბაზა არსებობს და წლიდან წლამდე ივსება. ემატება დავალებები. არც სირთულე ემატება და არც აკლდება. ანუ მისდევს ეროვნულ სასწავლო გეგმას.
თავისთავად ცხადია, რომ ქართული როგორც მეორე ენის ტესტი ქართულის გამოცდაზე უფრო მარტივია, იმიტომ რომ ვითვალისწინებთ არაქართულენოვანი მოსწავლეების ენის ცოდნის დონეს. სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულ ენას კარგად ვერ ფლობენ და არც, სხვათაშორის, ქართულის სწავლების დონე არ არის იმ სიმაღლეზე, როგორზეც უნდა იყოს. ამას ვითვალისწინებთ და არ არის ისეთი საშინელი დავალებები, რომ დიდმა პროცენტმა ვერ მოახერხოს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. არის ენობრივი დავალებები, ასევე წაკითხულის გააზრება, ტექსტის ტიპის განსაზღვრის. ტექსტია მოცემული და უნდა გამოიცნოს, განცხადებაა ეს, დღიური, თუ ამონარიდი და.ა.შ არამარტო მხოლოდ გრამატიკული დავალებებია “, – გვითხრა გოგი მაჭავარიანმა.
ქართული როგორც მეორე ენის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ლიტერატურის ცოდნა არაქართულენოვან მოსწავლეებში არ მოწმდება, რადგან ამას ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს და არც გადიან ეს ბავშვები ქართულ ლიტერატურას. დანარჩენი საგნები კი არის თარგმნილი მათ მშობლიურ ენაზე. უცხოურ ენას ჩვეულებრივ, რასაც ქართულენოვნები, იმას აბარებენ. კატის პრინციპით მშობლიურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თუ რუსულ ენას არ აბარებენ, ვინაიდან როგორც გოგი მაჭავარიანი ამბობს, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერ-ჯერობით ამის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ფაქტობრივად, მათ მშობლიური ენის მაგივრად უწევთ ქართულის როგორც მეორე ენის ჩაბარება.
ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ისტორიის გამოცდაზე სიახლეები არ არის. პროგრამა იგივეა. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ კარგად სკოლის პროგრამა. რაც შეეხება თარიღების დაზეპირებას, პროგრამა არ იქნება თარიღებით დატვირთული.
„ისტორიის გამოცდაში შედის როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. თანაბრად არის ორივედან საკითხები აღებული. ყველა თემა იქნება დაფარული. კონრეტული თარიღების ცოდნას და მეხსიერებას ჩვენ არ ვამოწმებთ. თუ იქნება თარიღები, ის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები იქნება. კატის პრინციპი ასეთია: რომ ჯერ მიდის გარკვეული სირთულის დავალება, თუ ვერ დაძლია, შემდეგ უფრო მარტივი დავალება მიუვა მოსწავლეს. თუ პირიქით დაძლია, უფრო რთული მიუვა. ამ პრინციპზეა ეს გამოცდა აგებული“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა ჯავახიშვილმა.
მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე ამბობს, რომ არც მათემატიკის გამოცდაზეა სიახლე და პროგრამა არ შეცვლილა ბოლო რამდენიმე წელია.
„პროგრამა გამოქვეყნებულია და შეუძლიათ ნახონ მოსწავლებმა ჩვენს ვებ გვერდზე. სკოლის დონეზე რა სირთულის დავალებებიცაა, ისეთი იქნება გამოცდაზეც.
პროცენტულად, სადღაც 40% შეხვდებათ ალგებრა. 20%-მდე რიცხვები იქნება, გეომეტრია, სადღაც 25%, დანარჩენი – ალბათობის თეორიიდან.
ბეჯითად იშრომონ და მოემზადონ, ნებისმიერ გამოცდაზე რჩევა ერთი და იგივეა. გააკეთონ სკოლის დავალებები, თუ ივარჯიშებენ კარგად, იქ რაღაც უცხო და რთული არ არის.
რთული დავალებები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ბარიერის გადალახვა ძნელი არ არის. თუ უნდა მოსწავლეს 10 ქულა მიიღოს, უკვე სერიოზული დავალებებიც შეხვდება, მაგრამ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისია მარტივი დავალებები იცოდეს ამ ყველა ცნებებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია“, – გვითხრა ზაზა თევდორაძემ.
მეთორმეტეკლასელები მეოთხე საგნად უცხო ენას აბარებენ. მოსწავლეებმა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ ინგლისური პირველი უცხო ენაა. მოსწავლეების ყველაზე დიდი ნაწილი აბარებს მას. თავისი სიდიდით შემდეგ მოდის რუსული, გერმანული და ბოლოს ფრანგული.
„ტესტი შედგება 4 ტიპის დავალებისაგან. ეს არის დავალებები, რომლებიც ამოწმებს პროგრამულ გრამატიკას, ლექსიკას, სიტუაციური დიალოგებია და ბოლოს -წაკითხულის გააზრება. სადაც მცირე ზომის ტექსტიდან მოსწავლემ უნდა უპასუხოს დასმულ შეკითხვას. დაახლოებით 40% უჭირავს გრამატიკას. სკოლებში მასწავლებლები, ძირითადად, გრამატიკას აქცევენ ყურადღებას. მაგრამ ცხადია, ენა მარტო გრამატიკა არ არის. დანარჩენი სამი არის 20-20%. მოსწავლეებს მივმართავ, არ წაიღოს დრო დავალების ტიპაჟის გაცნობამ. უნდა ნახონ და გააკეთონ კატის გამოცდის ნიმუში. ბევრი კითხვა, ბევრი მოსმენაა, საჭირო, ბევრი ფილმის, გადაცემის ნახვაა უცხო ენაზე საჭირო სავარჯიშოდ“, – ამბობს რუსუდან ტყემალაძე.
უცხო ენის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მოსმენის და ზეპირი სავარჯიშოების ნაწილის დამატება ვერ ხერხდება და მომავალშიც, ალბათ, ამ ნაწილების გარეშე გაიმართება გამოცდები.
„მოსმენის დავალება ჩვენ ჩავრთეთ აბიტურიენტებთან. ეს დიდი მიღწევა იყო, თუმცა კატის გამოცდაში მოსმენის ნაწილის დამატება ამ დროისთვის არ განიხილება, თუმცა ისე სწრაფად ვითარდება ტექნიკა, არ გამოვრიცხავ, რომ ესეც დაემატოს. ზეპირ გამოცდაზეც ნაადრევია საუბარი. ლაპარაკის ნაწილის განვითარებას არ ექცევა სკოლებში ისეთი ყურადღება როგორც გრამატიკას, ან ლექსიკას. ამიტომ ეს მომავლის საქმეა. ოღონდ არა უახლოესი მომავლის“, – გვითხრა რუსუდან ტყემალაძემ.
სიახლეები არ არის დაგეგმილი. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიასა და გეოგრაფიის გამოცდებში, რომლებსაც მეთერთმეტე კლასელები აბარებენ. თუმცა ამ საგნების ჩაბარება იმ მეტორმეტე კლასელებსაც უწევთ, რომლებმაც წინა წელს ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 5,5 ქულა, ამ საგნებში.
ქიმია – ქიმიის საგამოცდო საკითხები მოიცავს თითქმის მთელ პროგრამას, რომელიც სკოლაში ისწავლება, მაგრამ, ძირითადად, აღებულია საკვანძო საკითხები. კარგი იქნება, ამ პროგრამის მიხედვით თუ იმეცადინებენ ბავშვები. გამოცდის დროს ისარგებლონ დამხმარე მასალით. ეს არის პერიოდული სისტემა, ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური ცხრილი. ვინც იცის, როგორ ისარგებლოს ამით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. იმეცადინონ, როგორ გამოიყენონ ეს დამხმარე მასალა. ცალკე ფურცელზე მიუვა დაბეჭდილი ყველას. იმეცადინონ, მშვიდად იყვნენ. მარტივი კითხვებიც იქნება. ნუ შეშინდებიან და წყნარად შევიდნენ გამოცდებზე.
გეოგრაფია – ყველაზე მთავარი რეკომედაციია და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც წერია ეს, რომ ერთ-ერთი მთავარი უნარი გეოგრაფიის სწავლების დროს არის რუკის კითხვის ცოდნა. დავალებების 30-40% არის რუკასთან დაკავშირებული. მსოფლიოს და საქართველოს ფიზიკური რუკები მათ ხელთ ექნებათ და კითხვები ზუსტად ამ რუკიდან არის. ყველა ობიექტი მოცემულია იმ რუკაზე, რომლებზეც კითხვებია დასმული. ლამინირებული რუკები ტრადიციულად ურიგდებათ მოსწავლეებს. სადაც ერთ მხარეს საქართველოს ფიზიკური რუკაა, მეორე მხარეს – მსოფლიოს რუკა. მისი გამოყენება შეიძლება საკმაოდ ბევრი დავალების შესრულებაში. ვინც კარგად იცის რუკის კითხვა, ის ძალიან დიდი ალბათობით გეოგრაფიის გამოცდას წარმატებით დაძლევს და გეოგრაფიის გამო ატესტატის მიღების პრობლემა არ ექნება.
ფიზიკა – დავალებები არა ამოსაცნობი, არამედ გასაკეთებელია. რეკომენდაცია იქნება, კარგად წაიკითხონ დავალების პირობა, ნუ იმუშავებენ ამოცნობაზე. პირობას თუ კარგად გაეცნობიან და დაუფიქრდებიან, ძალიან ადვილი შესასრულებელია დავალებები. ფიზიკის საატესტატო გამოცდა სრულ პროგრამას მოიცავს, მეშვიდედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
ბიოლოგია – პროგრამა ისეთივეა, როგორიც გასულ წელს იყო. არის სამი კატეგორიის: მარტივი, საშუალო და რთული ამოცანები. სამივე აპრობირებულია. ძირითადად შესულია მეათე-მეთერთმეტე კლასის მასალა. ის საკითხები მოვა, რომელიც პროგრამაშია. არაპროგრამული საკითხები, არ მოვა და არ არის შეტანილი ტესტურ დავალებებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს ერთად არ უტარდებათ გამოცდა ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში. ისინი თავის კლასთან ერთად აბარებენ ამ საგნებს. ოღონდ დღის მეორე ნახევარში.
„ეს არის დამატებითი გამოცდები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც წინა წელს ვერ დაძლიეს გამოსაშვები გამოცდა ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში.
რაც ყველა გამოცდას მოსდევს, სტრესი, მნიშვნელოვანია, რომ დაიძლიოს. ვურჩევდი ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით მათ გარშემომყოფებს, დამკვირვებლებს, მაქსიმალურად მშვიდი გარემო შეუქმნან მოსწავლეებს, რომ მათ შეძლონ გამოავლიონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. მაქსიმალურად ყურადღებით აკეთონ დავალებები. ნუ აჩქარდებიან. კარგად გაიაზრონ და მხოლოდ ამის შემდეგ მონიშნონ პასუხი“, – ურჩია ივა მინდაძემ მოსწავლეებს.
2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი მე-12 კლასელებისთვის
მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება