საბავშვო ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი უბრუნდებათ
აპრილის თვეში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარის მესამე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის მედეა სოსელიასგან შეიტყო, რომ ბაღების აღმზრდელები პედაგოგის სტატუსის დაბრუნებას ითხოვდნენ. პრემიერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დაავალა.
ბაგა-ბაღების პედაგოგებს სტატუსი 2011 წელს შეეცვალათ. მას შემდეგ, რაც არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო შეიქმნა, “პედაგოგები” “აღმზრდელები” გახდნენ. სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით პედაგოგები უკმაყოფილებას იმთავითვე გამოხატავდნენ.
Aris.ge – განათლება დაინტერესდა, რა სტადიაშია საკითხის დამუშავება, როდის გათანაბრდება სკოლის პედაგოგისა და ბაღის აღმზრდელის სტატუსი და იქნება თუ არა თანაბარი მათი ხელფასებიც.
როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
“ეს არის პროცესი, რომელიც იწყება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნით, სტანდარტის მომზადებით, პროგრამების დანერგვით, შემდეგ ამ პროგრამების გავლა იქნება საჭირო. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადება უკვე მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ჩარჩო და სტანდარტი კი მზად არის. ამის მიხედვით მოხდება პროგრამების მომზადება. სავარაუდოდ, პროფესიული განათლების დონიდან დავიწყებთ და ვნახავთ როგორ განვითარდება,” -განუცხადა Aris.ge-განათლებას მინისტრმა.
რაც შეეხება ხელფასების საკითხს, თამარ სანიკიძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სკოლის პედაგოგისა და ბაღის მასწავლებლის ხელფასების გათანაბრებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.
“იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების მენეჯმენტი ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა, ბაღის აღმზრდელების ხელფასები მათი ბიუჯეტიდან ირიცხება. შესაბამისად, გაზრდა-მომატება მათი გადასაწყვეტია,”-აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელფასი იმ აღმზრდელისა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს, 600 ლარს შეადგენს.
“ზოგიერთ აღმზრდელს ზოგ პედაგოგზე უფრო მაღალი ხელფასიც კი აქვს. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ბაღის აღმზრდელებს პედაგოგების მსგავსად მე-13 ხელფასი არ ერიცხებათ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღმზრდელი – ეს სტატუსი ევროპაში აპრობირებულია. თუმცა, რადგან შეცვლა სურთ და განათლების სამინისტროც ამ საკითხზე მუშაობს, ჩვენც ჩვენის მხრივ აქტიურად ვართ ჩართულები,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას სააგენტოს წარმომადგენელმა ირინა რუხაძემ.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც სტატუსს დაარეგულირებს, მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
პრემიერისთვის საჯაროდ დასმულმა კითხვამ რომ შედეგი გამოიღო, წალენჯიხის ბაგა-ბაღის გამგე მედეა სოსელიამ Aris.ge- განათლებისგან შეიტყო.
“რას ამბობთ?! ნუთუ ეს სიმართლეა?! სიტყვები არ მყოფნის, იმდენად გახარებული ვარ. მარტო მე კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ბაგა-ბაღის თანამშრომელი იქნება ბედნიერი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სირცხვილია აღმზრდელები გვერქვას. მეორე კი ის გახლავთ, რომ ჩვენ არ ვსარგებლობდით იმ შეღავათებით, რა შეღავათებიც სკოლის პედაგოგებს ჰქონდათ. ხელფასებიც რომ შევადაროთ, სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასი 300 ლარია, ბაღის აღმზრდელის თანაშემწის კი ასი ლარი. ძალიან დიდი მადლობა ამ სასიამოვნო ინფორმაციისთვის,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას მედეა სოსელიამ.
კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კი პედაგოგის სტატუსი 2015 წლიდან დაუბრუნდებათ.
ეკა არის© წივწივაძე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება