სად გაქრა პედაგოგთა ხელფასის 900-ლარამდე ზრდის დაპირება?! – წამყვანი მასწავლებელი კოლეგებს მიმართავს
„საშუალოდ როგორ გავიგოთ, იქნებ დადოთ ფორმულა, რომ ვიცოდეთ, ვის რამდენით გვემატება. 900 ლარიც იყო ნათქვამი პრეზენტაციაში და ახლა სულ 500-ზე რომ არის აქცენტი?“, – დაწერა წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ ცანავამ, განათლების სამინისტროს მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებულ ბანერზე, რომელზეც ვკითხულობთ:
“1-ელი ივლისიდან საჯარო სკოლების სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება”.
სად გაქრა ხელფასის 500 ლარით და მეტით – 600, 700, 800 და 900-ლარამდე ზრდის დაპირება, რასაც მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან (ირაკლი ღარიბაშვილი) ვისმენდით?
EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე თამარ ცანავას, რომელიც “საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების” დამფუძნებელია, ვრცელი პასუხი აქვს:
„ბოლო რამდენიმე თვეა, მასწავლებელთა ხელფასების თემა განსაკუთრებით აქტუალურია, დაანონსებული “უპრეცედენტო მატების გამო“. როგორც ვიცით, სქემის მიხედვით განსაზღვრული ყოველწლიური 125-ლარიანი ზრდა (ხელზე ასაღები 100 და ნაკლები), იანვრიდან შეწყდა და ამის ნაცვლად დაგვპირდნენ 500-დან 900- ლარამდე მომატებულ ხელფასს, რომლის ფორმულაც, მიუხედავად არაერთი სოციალური კამპანიისა თუ მოთხოვნისა, დღემდე უცნობია, განცხადებები კი ბუნდოვანი. მხოლოდ ის ვიცით, რომ საშუალოდ 500 ლარი გვემატება, თუმცა რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ალბათ, მხოლოდ 1-ელი ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურების დარიცხვის შემდეგ გავიგებთ.
საზოგადოებას რატომღაც ჰგონია, რომ მასწავლებლებს ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ და ახლა ხომ საერთოდ – უსაზღვროდ მაღალი იქნება ჩვენი გასამრჯელო. რეალურად კი, 500 ლარიდან დაიქვითება საშემოსავლო და საპენსიო დანაზოგის პროცენტები, რის შემდეგაც სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებელს შეიძლება არა 500, არამედ 400, 300 ან ნაკლები ლარით მოემატოს ხელფასი. ჯერ კიდევ გასარკვევია, რა ბედი ელით მენტორ და წამყვან მასწავლებლებს, რომელთა უმრავლესობამ ეს სტატუსები ძალიან დიდი შრომის შედეგად მოიპოვა და ახლა, შესაძლოა, ამდენი წლის შრომა უგულებელყოფილ იქნას სისტემის მხრიდან, რომელმაც ერთ დროს სპეციალურად დააწესა ეს ხელოვნური ბარიერი სტატუსების სახით, რომ ბიუჯეტიდან ნაკლები თანხა გაეცა მასწავლებელთა ხელფასებზე.
საბედნიეროდ, ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინა წლების წინასაარჩევნო დაპირებებიც გავიხსენოთ… აი, ერთ-ერთი მათგანი: მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება, პრემიერი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი“. დღეს 2024 წელია და მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1000 ლარიც არ არის, რადგან მიუხედავად სტატუსებისა, არსებობს საგნები, რომელთა საათების სიმცირის გამო, მასწავლებლები ვერ იღებენ სრულ დანამატს და ის პროპორციულად ეძლევათ.
საინტერესოა ასევე ერთი გარემოებაც, რომ ხელფასის ფორმულის შემუშავებაში არ იყო ჩართული და გათვალისწინებული მასწავლებელთა უმრავლესობის აზრი და არც განათლების სისტემაში მოქმედი სხვა პროფკავშირები, გარდა ერთისა. როდესაც 400 ხელმოწერა შევიტანეთ, ხელფასების იანვრიდან მატების თაობაზე, მათ განაცხადეს, რომ 400 ხმა არაფერს ნიშნავდა, როცა 40 000 ხმა მომხრე იყო ხელფასების ივლისიდან მატების. რეალობა კი გვაჩვენებს, რომ მასწავლებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ხელფასების ზრდა იანვრიდან სურდა, რადგან რამდენიმეათასიან ჯგუფებში გამოკითხვების შედეგად, მასწავლებლების უმრავლესობა აპროტესტებდა იანვრიდან ხელფასების არ მომატებას.
ასეთი მოცემულობით, რაც წლებია გრძელდება, სრულიად არ გაგვკვირვებია, რომ ამ დრომდე არც ფორმულა ვიცით და არც 500 დან 900 ლარამდე მატებას ველოდებით. თუ დოლარის კურსს გავითვალისწინებთ და იმ 125 ლარსაც, რომელიც 6 თვე დაგვაკლეს, თვითონ დათვალეთ, რეალურად რამდენი ლარით მოგვემატება ხელფასი. არ მგონია სტატისტიკა წელსაც შეიცვალოს და განათლების სისტემაში არსებულმა საშუალო ან ნომინალურმა ხელფასმა გადაასწროს რომელიმე სხვა სისტემის ხელფასის მაჩვენებელს. ვინ უშლის ამ ყველაფერს ხელს და რატომ არასოდეს ითვალისწინებენ მასწავლებლების აზრს მათივე კეთილდღეობის დაგეგმვისას, ამაზე დასკვნის გამოტანაც თქვენთვის მომინდვია…
კოლეგებს კი მინდა ვუთხრა, სანამ საკუთარ შრომას არ დავაფასებთ, სანამ ერთად არ დავდგებით და მოვითხოვთ ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას, მანამ ვიქნებით ასე შეუსაბამო ხელფასებზე დამოკიდებული. ჩვენ ხომ ვიცით რომ 1 კვირის ხელფასს ვიღებთ თვის ბოლოს და ისიც ხომ ვიცით, რამდენს ვშრომობთ ამ ოდენობის ხელფასებისთვის. შესაძლოა 90-იან წლებში უფასოდაც მუშაობდით, სკოლა აქამდე მოიყვანეთ, თქვენზე გადაიარა გასაჭირმა და ომმა… სწორედ ამიტომ იმსახურებთ ახლა შრომის შესაბამის ანაზღაურებას, რადგან ახლა, ქვეყანაში, სადაც პარლამენტარების ხელფასები 9000 ლარს მიაღწევს, თქვენი 1000 და თუნდაც 2000 ლარი ზღვაში წვეთია… ამიტომ, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება იყოს პრიორიტეტული ყოველთვის და არა მაშინ, როცა ქვეყანაში არჩევნები მოდის!”, – ამბობს სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის, ქალაქ თბილის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი.
13 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ნორმატიული დოკუმენტები ახალი სახელფასო ფორმულის თაობაზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ანაზღაურების მატება ყველა მასწავლებელს შეეხება, მიუხედავად მათი სტატუსისა.
ამავე თემაზე:
რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება