GE

რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, განათლების ხარისხის განვითარებსი ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ქართულ უმაღლეს განათლებას, ასევე საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე

ზეოაღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ 2026-2028 წლებში სამთავრობო პროგრამის თანახმად გაწერილ მიზნებსა და გეგმებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით:

უმაღლესი განათლება

მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს ხარისხიანი უმაღლესი განათლების განვითარება, რომელიც შესაბამისობაში იქნება გლობალური შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან. ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სისტემა იქნება მოქნილი და მხარდამჭერი, რაც გულისხმობს მრავალფეროვან სერვისებს, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც სტუდენტების, ისე საზოგადოების საჭიროებებს. შესაბამისად, ყოველწლიურად გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება.

– მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა.

– აშენდება და მოეწყობა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების მასშტაბური კომპლექსები.

– ჩამოყალიბდება სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია. შემუშავდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელი.

– ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, განისაზღვრება და დაფინანსდება პრიორიტეტული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.

– გაიზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა დაფინანსება. გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის უმაღლესი განათლების მიღების მხარდამჭერი პროგრამები.

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმაღლეს განათლებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, განვითარდება უფრო მოქნილი და ეფექტიანი მხარდამჭერი სერვისები.

– ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, გაგრძელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა.

– გარდა ამისა, სამჯერ გაიზრდება საზღვარგარეთ სწავლის მიზნით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა.

მეცნიერება

საქართველოს მთავრობის ხედვა მეცნიერების განვითარების სფეროში მიზნად ისახავს ქვეყნისთვის თანამედროვე და ინოვაციური კვლევების ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური წინსვლის მხარდაჭერას. მთავრობის მიზანია, შექმნას თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალი იდეების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შექმნას.

– ყოველწლიურად გაიზრდება მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დაფინანსება.

– მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა.

– შეიქმნება საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელი და დაჩქარდება კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პროცესი.

– მრეწველობის სექტორში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშესაწყობად, შემუშავდება გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული კვლევითი პროგრამები.

– გაფართოვდება სამეცნიერო კოლაბორაცია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, გაძლიერდება ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობა საზღვარგარეთ.

– ხელი შეეწყობა ქართველ მკვლევართა და ინოვატორთა აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო ჩარჩოპროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში. ამასთან, ეროვნულ დონეზე გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მკვლევართა და ინოვატორთა მხარდამჭერი მიზნობრივი პროგრამები.

– დარგობრივი უწყებების კოორდინაციით, განვითარდება ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკაზე ორიენტირებული მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემა.

– დაინერგება სამეცნიერო კვლევების ხარისხის შეფასებისა და კვლევითი ერთეულების მართვისა და დაფინანსების ახალი მოდელი.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის სასკოლო აკადემიურ მოსწრებას უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაითვალისწინებენ – მთავრობის 4-წლიანი გეგმა ზოგად განათლებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური