„სად ხარ?“ „რატომ არ ჩანხარ?“ „ჩართე კამერა!“ – მასწავლებლის ერთი დღე კორონავირუსის შემდეგ
ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში სწავლა გადაიდო. უნივერსიტეტები და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. საქართველოში არდადეგები 2 მარტიდან გამოცხადდა და სკოლაში დაბრუნების თარიღად ჯერ 15 მარტი, ხოლო შემდეგ 1 აპრილი განისაზღვრა. თუმცა ქვეყანაში 21 მარტიდან ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კვლავ გადაიდო სწავლა და ახლახან ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ეხებოდა. მარტის ბოლოდან სკოლებმა უკვე დაიწყეს სამინისტროს მიერ შემოთავაზებული Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენება და პროგრამა Teams საშუალებით გაკვეთილების ჩატარება.
ის, რომ ამ პროცესს არაერთი სირთულე ახლავს საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ უცნობი და საინტერესოა, რა დაბრკოლებების გადალახვა უწევს მასწავლებლებს ამ კორონავირუსული, ახალი გამოწვევის დასაძლევად და ვის როგორი ხერხები აქვს საამისოდ. როგორია მათი ერთი დღე კარანტინში, როცა სამსახურიც და ოჯახიც უკვე ერთ მისამართზეა.
ჩვენ გადავწყვიტეთ მასწავლებლების სამუშაო და ოჯახურ სივრცეში შევიხედოთ და პედაგოგებს მათი სწავლა-სწავლების დისტანციური მეთოდებზე საუბრის საშუალება მივცეთ.
როგორც იცით, ცისანა შერგილაშვილი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტია და ამასთან, ის უკვე მეორე წელია თბილისიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ქ. ახალქალაქში გადავიდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, სადაც 2019 წლის სექტემბრიდან სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის პედაგოგად მუშაობს (სასიხარულოა, რომ მასწავლებლის გამოცდა 4 საგანში 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული).
„დისტანციური სწავლების დაწყებამდე ჩემს მოსწავლეებთან მქონდა, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მშობლების დახმარებით და მათ ჩემგან მიიღეს არდადეგებზე სამუშაო დავალებები. მარტის ბოლოს უკვე მივიღეთ ინსტრუქციები, რომ Teams-ის გამოყენებას ვიწყებდით. სამინისტროს რეკომენდაციებში დეტალურად იყო ახსნილი ყველა ნაბიჯი, რამაც მე პირადად ახალ პლატფორმაზე მუშაობა გამიადვილა. თუმცა პროგრამაში პირველად შესვლა არ იყო ასე ადვილი და დაკარგულადაც კი ვგრძნობდი თავს. ვინაიდან პირველად ვიყენებდი Teams-ს და დაწერილი ინსტრუქციებით ხელმძღვანელობა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ვიდეო ინსტრუქცია არსებობს, რომელსაც პროგრამის მოხმარების წინ და შემდეგ აუცილებლად ვეცნობოდი.
მოკლედ, ბევრი ვივარჯიშე და დადგა ნანატრი, მოსწავლეებთან შეხვედრის დღეც და მაშინ მივხვდი, რომ ვარჯიში საკმარისი არ ყოფილა. ერთმანეთის ნახვას მონატრებული მოსწავლეები საუბარს არც მე მაცდიდნენ და არც კლასელებს. მე კი გაკვეთილებისთვის საგულდაგულოდ მომზადებულმა სასწრაფოდ ახალი მასალის ახსნა დავიწყე, რადგან არ მინდოდა დამერღვია რეკომენდაცია 20-წუთიანი გაკვეთილის შესახებ (სამინისტროს რეკომენდაციით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ერთი ონლაინ გაკვეთილის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ავტ.).
რაღა დაგიმალოთ და, 20 წუთი მარტო ბავშვების გაკვეთილში ჩართვას მოვუნდი. ზოგი ცალკე რეკავდა გზააბნეული, მეც ცალკე ვიწვევდი მოსწავლეებს, რომლებიც ვერ მიხვდნენ საერთოდ ხელი სად უნდა დაეჭირათ შემოსაერთებლად. ყოველი ახალშემოსული კლასელი მოსწავლეებში ოვაციებს იწვევდა და მაშინვე მახარებდნენ, რომ თავიანთ კლასელს უკვე ხედავდნენ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხმაურიანი გაკვეთილი გამოგვივიდა, ამავე დროს ძალიან სასაცილოც. მივხვდი, რომ პირველი ჩართვა მხოლოდ ერთმანეთის მოსაკითხი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას ვურჩევ სხვებსაც, ვისაც ჯერ არ დაურეკავს და პირველი გაკვეთილი არ ჩაუტარებია „თიმსში“.
პირველი გაკვეთილის შემდეგ დავიწყე მეგობარ მასწავლებლებთან, ჯგუფელებთან რეკვა. მოვძებნეთ ერთმანეთი „თიმსში“ და გავუზიარეთ ხან ეკრანი, თეთრი დაფა (ამის საშუალებას იძლევა Teams ავტ.) პრეზენტაციები, ხან ხმების გათიშვაზე და ვიდეოს ჩაწერაზე ვივარჯიშეთ. მოკლედ, მეორე გაკვეთილს უფრო მომზადებული შევხვდი.
არც მეორე შეხვედრას ჩაუვლია კურიოზის გარეშე. პატარა შვილები მყავს, რომელიც ჩემი გაკვეთილის დროს მეუღლეს ეზოში გაჰყავს. ისე მოხდა, რომ გაკვეთილის დროს უმცროსს ეძინა. შუა გაკვეთილის დროს გაიღვიძა. მოსწავლეებს ორი წამით გამოვეთიშე და მათ მაშინვე დაკარგულად გამომაცხადეს ასეთი გადაძახილებით: „სად გაქრა მასწავლებელი?“, „ბავშვებო, მასწავლებელი დაიკარგა!“. ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ახლა ნელ-ნელა ისწავლეს. უკვე ვირტუალურად ცელქობენ კიდეც. თუ მასწავლებელი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება შუა ჩართვის დროს ხმა გაგითიშონ, პრეზენტაცია გამორთონ, დაფაზე რაღაცები წაგიშალონ და ა.შ.
წუწუნებენ, რომ სკოლა მოენატრათ. ზოგისთვის შეიძლება ონლაინ გაკვეთილები მოსაბეზრებელია კიდეც, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მათაც გაითავისეს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ამგვარი სწავლა ამ ეტაპზე აუცილებელია. როცა დავალებებს გიგზავნიან და მოუთმენლად ელოდებიან უკუკავშირს, შეუძლებელია ამ დროს პასუხი არ დაუბრუნო, თუნდაც დაგათენდეს თავზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მშობელთა ჩართულობა. ისინი რომ არა დაწყებით საფეხურზე, როცა მოსწავლეს კარგად არ აქვს „ისტ-ის“ მოხმარების უნარები განვითარებული, ონლაინ სწავლება ვერ შედგებოდა. მე მათ ვეუბნები, რომ ახლა ისინი არიან თავიანთი შვილების მთავარი მასწავლებლები!
ძალიან დაიტვირთნენ მშობლები. ზოგ ოჯახში 2 და მეტი სასკოლო ასაკის ბავშვია. მათთვისაც რთულია ონლაინ სწავლებისთვის ფეხის აწყობა. ცალკე პრობლემაა ოჯახში საკმარისი კომპიუტერული ტექნიკის არ ქონა. როდესაც ბავშვებს გაკვეთილები ემთხვევათ, ასეთ დროს რომელიღაცას მაინც უწევს გაკვეთილის გაცდენა.
კომპიუტერული ტექნიკა და Teams
სანამ ონლაინ სწავლებას დავიწყებდით, სამინისტრომ სკოლებში გამოკითხვა ჩაატარა და შეაგროვა მონაცემები, რამდენ მოსწავლეს აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები და რამდენს – არა. არ ვიცი, საერთო მონაცემები როგორია მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კომპიუტერის და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ისევ დიდ პრობლემად რჩება ჩვენს მოსწავლეებში. სამინისტროს მიერ დარიგებული „ბუკების“ უმრავლესობა მდგომარეობიდან გამოსულია და მშობლებმა საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის რეჟიმის გამო უბრალოდ ვერ მოასწრეს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება.
უნდა ითქვას, რომ ონლაინ სწავლებას მოსწავლეების და მასწავლებლების კომპიუტერები საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა. პირადად მე როგორც ტელეფონი, ასევე კომპიუტერი სასწრაფოდ გავათავისუფლე ზედმეტი მასალისგან, თუმცა Teams-ს ეს არ ეყო და ახლა კომპიუტერი რომ გაჭედავს, ტელეფონზე გადავერთვები, ტელეფონი რომ გაჯიუტდება – კომპიუტერზე და ვარ ასეთ ორომტრიალში.
Teams-ს აქვს ერთი თვისება, თუ არ გადმოწერ და დააინსტალირებ, მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავ ვიდეო ზარის დროს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როცა ამდენ მოსწავლესთან რეკავ, საუბრობ და მხოლოდ ერთს ხედავ? თუ გადმოწერე და „ვაია“ კომპიუტერისთვის.ზოგჯერ ძალიან უჭირს მუშაობა. თუმცა ამით 4 მოსწავლის დანახვა შეგიძლია. მე გაჭედვას ვამჯობინებ იმისთვის, რომ გაცილებით მეტი მოსწავლე დავინახო.
„სად ხარ?“ „რატომ არ ჩანხარ?“ „ჩართე კამერა!“, „გათიშე ხმა!“, „ახლა დაიბრუნე ხმა!“, „ჩემს ხმას ნუ თიშავ!“, – და ასე უსასრულოდ. ეს „თიმსში“ ჩატარებული გაკვეთილების ყოველდღიურობაა.
როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება?
დავიწყებ იმით, ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები ჯანმრთელად არიან, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ!
რაც შეეხება სამსახურს, მე მესამე კლასის მასწავლებელი ვარ და ჩემი სამუშაო დღე გაცილებით ადრე სრულდებოდა, ვიდრე – სხვა პედაგოგების.
სამსახურიდან საქმე სახლში იშვიათად თუ მომქონდა, ვინაიდან მყავს 4-ის და 1 წლის შვილები. ვცდილობ, თუ რამე მრჩება სკოლის შემდეგ გასაკეთებელი, კლასშივე დავასრულო, რადგან პატარები დედას სახლის საქმეებში ჩართვასაც კი არ „პატიობენ“, არათუ – სამსახურის. ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე კი, სამსახურმა სახლში გადმოინაცვლა და ის არასდროს სრულდება. მოკლედ, როგორც ბევრ ჩემს კოლეგას, სახლი სკოლად მექცა!
ეს კარგია, თუ ცუდი, – ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. ორივე პროცესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთის თქმა კი ნამდვილად შემიძლია. ეს ძალიან რთულია!
სირთულეში არ ვგულისხმობ, მხოლოდ ახალ გამოწვევებს ტექნოლოგიების კუთხით, ვფიქრობ, ამ პროცესს ასე თუ ისე გავართვი თავი. ძალიან ძნელია პატარა შვილებთან ერთად დაგეგმო და ატარო გაკვეთილები, ასწორო დავალებები, დაურეკო იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში, აკეთო სახლის საქმეები და ა.შ.
ბავშვებს რომ ვაძინებ და სახლის საქმეებს ვრჩები, ვჯდები კომპიუტერთან გაკვეთილების დასაგეგმად ან დავალებების შესამოწებლად. ეს ხდება, სადღაც ღამის 12, 1-ელი საათისთვის. რამდენჯერ ამ დროს გამხსენებია, რომ მთელი დღის განმავლობაში მამაჩემთან არც კი დამირეკავს! ვიღებ ტელეფონს და მაშინვე ვთიშავ. არ მინდა, უდროო დროს დარეკვით გული გავუხეთქო ადამიანს! ვუბრუნდები ისევ „თიმსს“. მეუღლეს კი ხუმრობით ვეუბნები: „შენი სამუშაო დღე დასრულდა, ჩემი კი მხოლოდ ახლა იწყება – მეთქი!“. სინამდვილეში კი მეუღლე დარჩა სამსახურის გარეშე, ისევე როგორც მისი კოლეგა ქორეოგრაფები და, სამწუხაროდ, საქართველოში – ბევრი ადამიანი. ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი პლუსი. მამა შვილებთან გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე ადრე და ეს ფაქტი ოჯახში ყველას ძალიან გვაბედნიერებს!
დავამატებ იმას, რომ ამ ყველაფრის ფონზე EDU.ARIS.GE-სთვის მუშაობა კიდევ უფრო კომფორტული გახდა ჩემთვის. როცა არ გთხოვენ დედლაინების სასწრაფოდ შესრულებას და გაქვს შეუზღუდავი დრო საქმის გასაკეთებლად!
ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვსურს, რაც შეიძლება მალე აღდგეს სკოლებში სასწავლო პროცესი, მაგრამ ეს თუ ასე არ იქნა, დღის წესრიგში ნამდვილად არ დადგება სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადების საკითხი. მე მასწავლებელი ვარ და ამავე დროს ჟურნალისტიც. მესმის და ვხედავ, როგორ ცდილობენ პედაგოგები ფეხი აუწყონ ონლაინ სწავლებას. მე ჩემი სამუშაო პროცესი აღვწერე, ოჯახში მუშაობის სირთულეები. არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც გაცილებით გაუჭირდათ ტექნოლოგიებთან გამკლავება, არც მე ვყოფილვარ ნაკლებ დღეში, როგორც გითხარით, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ნიშანდობლივია:
მე მინახავს, წამიკითხავს და თქვენც, ალბათ, როგორ ხვდება ზოგიერთი პედაგოგი სიახლეებს. ხშირად როგორი შემტევი კრიტიკა ახასიათებთ. ამაში დასარწმუნებლად EDU.ARIS.GE-ს ფეისბუკ გვერდზე კომენტარების ნახვაც კმარა, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ჩუმად აკეთებს თავის საქმეს. დღედაღამ თავისი ვირტუალური საკლასო ოთახიდან არ გამოდიან და დიდი დიდი საყვედური გაუგზავნონ მხოლოდ კორონავირუსს, რომელმაც ნახევარი მსოფლიო სახლში გამოკეტა!
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება