GE

საჯარო სკოლების დირექტორების წარმატება და სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მონაწილეების სამომავლო გეგმები

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10 საუკეთესო მონაწილე ფინალისთვის მზადებას იწყებს. განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე კონკურსის გამარჯვებული სექტემბერში უნდა გამოვლინდეს.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცემა, სკოლას კი სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს 2000-2000 ლარი გადაეცემათ, ხოლო მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო მიიღებს.

EDU.ARIS.GE აგრძელებს კონკურსის შედეგად გამოვლენილი ათი საუკეთესო დირექტორის საზოგადოებისთვის გაცნობას. ფინალისტები ჩვენთან კონკურსის მნიშვნელობაზე, საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

ვარდენ ნიქაბაძე, 2007 წლიდან მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორია, ის ამბობს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნასა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას.

„ზოგადად ასეთი კონკურსები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს პროფესია ძალიან ბევრ შრომას, ენერგიასა და საქმისადმი ერთგულებას მოითხოვს, ისევე როგორც ყველა პროფესია, მაგრამ სკოლა განსაკუთრებით და ამ ყველაფრის დაფასება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვნია. გულახდილად გითხრათ, ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც მოვიფიქრე, რადგან ეს სკოლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. გამარჯვების შემთხვევაში საშუალება მექნება, რომ რაც გუნდისთვის და სკოლისთვის მნიშვნელოვანია, ახლა რა უდიდესი გამოცდილება მიიღო სკოლამ ონლაინ სწავლების დროს, ეს ყველაფერი რეალიზებული იყოს. შეგვიძლია თუნდაც ის ფინანსები შესაბამისი ტექნიკის შესაძენად გამოვიყენოთ.

„2007 წლიდან ვარ დირექტორი და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. ყოველთვის მაინტერესებდა სკოლაში სიახლეების შემოტანა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ, ჯერ კიდევ 2015 წლიდან გვაქვს ონლაინ პლატფორმა GOOGLE CLASSROOM და მანამდეც აქტიურად ვცდილობდით მის გამოყენებას. გარდა ამისა, ორი წელია ჩვენს სკოლაში ვნერგავთ მოსწავლის ქოუჩინგს, ეს არის სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ზუსტად ეს არის ის, რაც საერთოდ ცვლის პარადიგმას და განსხვავებულ მიდგომას მოსწავლის მიმართ. ანუ მასწავლებლები გამოდიან არა მენტორების, არამედ მხარდამჭერების და ფასილიტატორების როლში მოსწავლეებთან, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს სასკოლო ატმოსფეროზე. გარდა ამისა, ჩვენ გამუდმებით ვაწარმოებთ სკოლის თვითშეფასებას, მუდმივ დაკვირვების პროცესში ვართ საგაკვეთილო პროცესზე, შემუშავებული გვაქვს კარგი გაკვეთილის მოდელი ჩვენი სკოლისთვის, ეს ყველაფერი კი მიდის იქითკენ, რომ მოსწავლის ინტერესები იქნას მაქსიმალურად დაცული. მოსწავლისთვის გაცილებით ხელსაყრელი და მოსახერხებელია, ტექნოლოგიებით სწავლება, ჩვენ აქამდეც აქტიურად ვცდილობდით სმარტფონი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა გამოყენებული ყოფილიყო სასწავლო პროცესში“, – აცხადებს ვარდენ ნიქაბაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე ამბობს, რომ დღეს განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევა სკოლისადმი საზოგადოების დაბალი ნდობაა, რისი გადაჭრის ერთ-ერთი გზაც მსგავსი კონკურსების ჩატარებაა.

„კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე ფაქტორის გამო გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ნებისმიერი მიღწევა გუნდური შრომის შედეგია, ამიტომაც სასურველად ჩავთვალე სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიღწევების წარმოჩენა. საყოველთაო აღიარება და მადლიერება ძლიერი მოტივატორია პედაგოგისთვის, ეს გააათმაგებს მის ენთუზიაზმს, რომლის გარეშეც მასწავლებლის საქმიანობა წარმოუდგენელია. მხარდაჭერა იმისი მანიშნებელია, რომ რაღაცას სწორად და კარგად აკეთებ და რასაც აკეთებ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია.კონკურსში მონაწილეობისას სასკოლო თემის მხარდაჭერის მოლოდინიც მქონდა, რომლის გარეშეც გამიჭირდებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა.

„სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი არსებული ფორმატით პირველად ტარდება საქართველოში და დიდია მისი მნიშვნელობა. სკოლა მრავალფუნქციური სოციალური ინსტიტუტია, რომელთანაც გარკვეულწილად დაკავშირებულია საზოგადოების ყველა ფენა. მოსწავლის სწავლა-განვითარებაში სკოლასთან ერთად დიდ მნიშვნელობას ასრულებს ოჯახი და საზოგადოება. სკოლაში ბავშვი მოდის ოჯახსა და საზოგადოებაში არსებული განწყობებით ამიტომ, ეფექტური სასკოლო გარემოს შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ემოციურ განწყობებს და მოლოდინებს.სკოლის საქმიანობა შედეგიანი იმ შემთხვევაშია, თუ საზოგადოებასთან არსებობს სწორი და ეფექტური კომუნიკაცია. დღეს განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევა სკოლისადმი საზოგადოების დაბალი ნდობაა, მასწავლებლისა და სკოლის ხელმძღვანელის არასაკმარისი ავტორიტეტია, ხშირად სკოლის მიმართ არსებული მცდარი წარმოდგენები და არასწორი მოლოდინებია. ასეთი კონკურსი შესაძლებლობას გვაძლევს, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ სკოლა, როგორც საზოგადოების ორგანული ნაწილი, ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ქართული საზოგადოება და სახელმწიფო.

„ლიდერების კონკურსს შეუძლია ჩამოაყალიბოს კონსტრუქციული დიალოგის კულტურა სკოლასა და საზოგადოებას შორის. დრო გვიჩვენებს, რომ ეფექტურია ისეთი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდის მომზადებას ცხოვრებისათვის, ცხოვრების რეალური საჭიროებების დასახვას – აი, ასეთი განათლება სჭირდება მოსწავლეს. ვფიქრობ, ლიდერების ათეულში მოხვედრა ნებისმიერი სკოლის ხელმძღვანელისთვის სანატრელი მიზანია. გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ სხვაზე უკეთესი ხარ, ეს ნიშნავს შენს მიერ პროფესიაში განვლილ რთულ და ხანგრძლივ გზაზე გადადგმული ნაბიჯების სისწორეს, რაც უდიდეს პროფესიულ პასუხისმგებლობას გაკისრებს შენი სკოლისა და მთელი საზოგადოების წინაშე. ამიტომ, კონკურსის ყველა მონაწილე ჩემთვის გამარჯვებული ლიდერია. კონკურსში გამარჯვება იმისი ერთგვარი დადასტურება იქნება, რომ ჩვენი მენეჯმენტი და სასწავლო მიდგომები არის წარმატებული და შედეგიანი. ეს მოგვცემს მეტ გაბედულებას უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ სკოლის განვითარების გზაზე, შეგვძენს მეტ თავდაჯერებულობას, უფრო დარწმუნებით დავნერგოთ ახალი სასწავლო მიდგომები სასწავლო პროცესში, სასკოლო თემი დავაინტერესოთ სკოლის განვითარებით; ეს მხარდაჭერა იქნებოდა იმის დასტური, რომ ჩვენ მარტო არა ვართ; აღიარება მეტ საშუალებას მოგვცემდა დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და ევროპის სკოლებთან, მოვიძიოთ და გავაზიაროთ პოზიტიური გამოცდილება.გამარჯვება წაახალისებს ჩემი ქალაქის სასკოლო სისტემასაც, რომლის საერთო მიღწევებიც წლებია გამორჩეულია ქვეყანაში. ამ სტატუსს გამოვიყენებდი მეოთხე სკოლის განვითარებისა და დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების საქმიანობის პოპულარიზაციისათვის“, – აცხადებს მამუკა ხამხაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი ფიქრობს, რომ კონკურსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბავშვებისთვისაა, რადგან როდესაც ხელმძღვანელი გარკვეულ წარმატებას აღწევს, ამით მოსწავლის მოტივაცია მაღლდება.

„2010 წლიდან ვარ სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლის არსებობა მცირე დროს მოიცავს, თუმცა საინტერესო და მიმზიდველი ისტორია აქვს დაარსების დღიდან (2002 წლიდან ) დღემდე. იყო სკოლის დირექტორი, რომლის საზოგადოებაც შედგება მრავალეთნიკური, იძულებით გადაადგილებული, ეკომიგრანტი (აჭარიდან და სვანეთიდან) ადამიანებისგან, არის გააზრებული პასუხისმგებლობა, გამოწვევა და შესაძლებლობა იყო ლიდერი, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების სითამამე და უნარი. იმისთვის, რომ შეძლოს სკოლა გახადოს ისეთი, სადაც მოსწავლე არის მთავარი ფიგურა, მასწავლებელი სკოლის ხერხემალი და სკოლის საზოგადოება მუდმივად მზად ცვლილებებისთვის. სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, რადგან სურვილი მქონდა ერთი პატარა სოფლის, მნიშვნელოვნად სპეციფიკური სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გამეზარდა, ამ კონკურსის მიზანიც ხომ ეს არის. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსების გამოცხადება ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში, გაზრდის სანდოობას სკოლების მიმართ, გააქტიურდება სასკოლო თემი, შეიქმნება ადგილობრივი გარემოსთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატი, რაც მთავარია, მოსწავლეს ექნება განცდა, რომ ის სწავლობს პრესტიჟულ სკოლაში, სადაც შექმნილია უნიკალური და თვითმყოფადი გარემო.

„ვფიქრობ, უძლიერესი დირექტორები არიან ფინალისტები, მაღალი პროფესიონალიზმით, ინდივიდუალიზმით გამორჩეულები და რაც მთავარია არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, რთული იქნება კონკურენციის გაწევა, თუმცა არ გამოვრიცხავ სამეულში მოხვედრას. გამოცდილებამ მასწავლა, რომ თუ სკოლას აქვს ამბიცია, რომ მოსწავლე მოამზადოს ცხოვრებისთვის და გამოიმუშაოს ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, აუცილებელია სკოლამ მიზნად დაისახოს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ასევე მნიშვნელოვანია (ახლანდელმა კრიზისმა დაგვანახა), ციფრული ტექნოლოგიებით სკოლის აღჭურვა, რასაც გამარჯვების შემთხვევაში განვახორციელებ“,- აცხადებს ნინო წიფიანი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის სკოლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში სხვადასხვა სპეციალისტების დისტანციური მონაწილეობა, რისი პრაქტიკაც სკოლაში უკვე არსებობს და მისი კიდევ უფრო დახვეწა იგეგმება.

„ბუნებით მაძიებელი ვარ, მიყვარს სიახლეები და კონკურსები, ახალი გამოწვევები. სწორედ ამ დროს ვამოწმებ საკუთარ თავს, საქმიანობას, რამდენად სწორად მივდივარ. მინდოდა კომპეტენტური ადამიანების შეფასებები მომესმინა და გამეთვალისწინებინა. ამიტომაც გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ნიგვზარის საჯარო სკოლა და მისი საქმიანობა გამეცნო განათლების კოალიციისათვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, რომ წარმატებულ დირექტორთა ათეულში მოვხვდი და ნიგვზარის საჯარო სკოლის შესახებ მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ამ აღიარებამ არა მარტო მე, მთელ სასკოლო თემს რწმენა შეჰმატა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია აგვიმაღლა, უფრო მეტი შრომისა და წარმატების სტიმული მოგვცა. დაფასება ხომ, როგორც აბრაჰამ მასლოუ ამბობს, ბოლო ნაბიჯია თვითრიალიზებამდე. დავრწმუნდით, რომ მაღალ მთაშიც კი შეამჩნევენ დაუღალავ შრომას, საქმისადმი ერთგულებასა და სიყვარულს!

„სამომავლოდ სკოლაში ვაპირებ დისტანციური სწავლება აქტიურად დავნერგო, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. მე ვფიქრობ, ეს არის მაღალმთიანი სკოლებისთვის სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გარანტი. ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება გვაქვს ფიზიკის საგნის სწავლებაში. მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში დისტანციურად გვერთვებოდა გაკვეთილებზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით სონღულაშვილი და შედეგიც თვალსაჩინო გვაქვს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს მასწავლებლების პროფესიულ ზრდასაც. ყოველივე ამას კი ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება. ამიტომაც, გამარჯვების შემთხვევაში, ნიგვზარის საჯარო სკოლას ექნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი „მომავლის კლასი“, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დისტანციური სწავლება რამდენიმე საგნის მიმართულებით განვახორციელოთ. „ჭკვიანი დაფა“ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ჩაატარონ პროდუქტიული გაკვეთილები. კლასში დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს. დიახ, დაფინანსების მიღების შემთხვევაში ნიგვზარის საჯარო სკოლის მომავლის ბავშვებს „მომავლის კლასი“ ექნებათ“,- ამბობს ინა ბიწაძე ჩვენთან საუბარში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორ მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, ლიდერობის ეროვნული კონკურსის ათ საუკეთესო ფინალისტს შორის ყოფნა უკვე დიდი წარმატება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.

„მეექვსე წელია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ, ხოლო საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლად მუშაობის ოც წელზე მეტი გამოცდილება მაქვს. თანამედროვე განათლების სისტემაში სკოლის დირექტორად მუშაობა არაა მარტივი. იყო წარმატებული სკოლის წარმატებული სასწავლო ლიდერი და კარგი მენეჯერი, ეს ნიშნავს, იზრუნო სკოლაში მომუშავე თითოეულ ადამიანზე, მშობელზე, მოსწავლეზე და შეუქმნა მათ უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემო სასკოლო საზოგადოებასთან ერთად. ჩემთვის, გაზიარებული ლიდერობა და ფუნქციების სწორად დელეგირება, გუნდურობისა და სკოლის წარმატების წინაპირობაა. კარგმა ლიდერმა უნდა მოუსმინო, პატივი სცე განსხვავებულ აზრს, არ უნდა მიიღო ერთპიროვნული, უპირობო გადაწყვეტილებები და სასკოლო საზოგადოება მთლიანად ჩართული უნდა გყავდეს სკოლის ცხოვრებაში. სწორედ სკოლის ლიდერი აყალიბებს ძლიერ კავშირებს პედაგოგებს,მოსწავლეებს,მშობლებს, თემსა და საკუთარ თავს შორის,ზრუნავს მშობლების ჩართულობაზე და მათთვის ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მშობელი ხედავს,რომ ის სასკოლო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და სჭირდება სკოლას.სწორედ ამ მიზნითაა ჩვენს სკოლაში შექმნილი „მშობელთა მხარდამჭერი კლუბი“. ყველაზე მთავარი ჩემთვის მაინც მოსწავლეა, მასზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაა, მისი უსაფრთხოება და არაძალადობრივ, შემოქმედებით გარემოში სწავლაა. ასეთია ჩემი ხედვა და მაქსიმალურად ვცდილობ, ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელო ყოველდღიური საქმიანობის პროცესში და, რაც მთავარია, ძალიან მიყვარს ის საქმე რომელსაც ვემსახურები.

„სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება. მისი მიზანია საჯარო სკოლების პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას სკოლებმა, ჩვენი თავი, ჩვენი საგანმანათლებლო შედეგები და გამოცდილება წარმოვაჩინოთ, ხელი შევუწყოთ ცოდნის გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც, საბოლოოდ, დადებითად უნდა აისახოს ჩვენს მოსწავლეებზე. ჩემთვის სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება დიდი გამოწვევა იყო და პირველი ჩემი მოტივატორები ჩემი მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოტივაცია, მიმეღო მონაწილეობა კონკურსში, იყო ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ სოლიდური პრიზებია, გრანპრის მფლობელ სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი გადაეცემა და ჩემს 357 მოსწავლეს ოცნების ასრულების შესაძლებლობა მიეცემოდათ – გვექნებოდა მინი სპორტული კომპლექსური სტადიონი ეზოში, რომელზეც უკვე წლებია ერთად ვოცნებობთ. იყო სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ათ საუკეთესო ფინალისტს შორის,ეს უკვე თითოეული ჩვენგანისთვის, უდავოდ, დიდი წარმატებაა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ზოგადად, არა მარტო სასკოლო საზოგადოების, არამედ ქვეყნის წინაშე.მინდა გითხრათ, რომ უძლიერესი ფინალისტები არიან და ყველას აქვს გამარჯვების შანსი. კონკურსის ჟიური ძალიან წარმომადგენლობითი და კომპეტენტურია.ვნახოთ,რა იქნება. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ის ისევ სკოლას უკავშირდება და მინდა ისეთი სკოლა გვქონდეს,სადაც მუდამ სიხარული, სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება იქნება“,- აცხადებს მიმოზა ღოლიჯაშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური