საჯარო სკოლებში სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ამბობს, კომიტეტმა მიიღო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საჯარო სკოლებში სამედიცინო სერვისის სავალდებულო წესით მიწოდებას გულისხმობს. მისი თქმით, ამ საკითხზე კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის მიზნით, თუმცა შემდეგ COVID-19-ის გავრცელებამ კიდევ უფრო მეტი გამოწვევები გამოაჩინა ამ მიმართულებით.
როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში აღნიშნა, როდესაც ბავშვები სკოლებში დაბრუნებას შეძლებენ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. ამიტომ, თანაბრობის პრინციპით ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი.
„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად აუცილებელია, რომ სკოლაში დაბრუნებისას ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე და სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში განხორციელდეს. ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ სკოლას ჰყავდეს ისეთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც სტანდარტს დააკმაყოფილებს და არა მხოლოდ განათლების, არამედ ჯანდაცვის სამინისტროდანაც აღიარებული იქნება. ეს უნდა მოიცავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიას, ჯანმრთელობას და სხვა.
ეს პრაქტიკა უკვე გვაქვს 400-ზე მეტ სკოლაში სკოლის ექიმის სახით, თუმცა სავალდებულო არ არის. ამიტომ, არის ბევრი ნიუანსი… საქმე იმაშია, რომ თანაბრობის პრინციპით უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემო ყველა სკოლაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ვახერხებთ კი ჩვენ ყველა სკოლაში ამის მიღებას, თუ ვერა? შეიძლება, არსებობდეს სკოლის ექიმი, რომელიც რამდენიმე სკოლას მოემსახურება და ა.შ. ეს ნიუანსებია დასახვეწი და კორონავირუსიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვინდა თუ არა კრიზისული გამოწვევა გვაძლევს თავის შესაძლებლობებს. ერთ-ერთი გამოწვევაც არის სკოლის ექიმი და ჰიგიენაც მათ შორის. რასაც ჩვენ ვაპირებდით შეიძლება არ იყოს საკმარისი და ახალი სხვა ტიპის გამოწვევები და პასუხები მოითხოვოს. რაც შეეხება სკოლის ექიმის სტანდარტის დახვეწას, ეს უფრო ჯანდაცვის სფეროა, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვის ფსიქოლოგია და პედაგოგიკაც რაღაც დონეზე სკოლის ექიმსაც უნდა ესმოდეს“, – გვითხრა გენადი მარგველაშვილმა.
გენადი მარგველაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, პანდემიის გამო სოციალური დისტანცირება გახდა საჭირო და ნაბიჯების წინ გადადგმა ვეღარ მოხერხდა, თუმცა პარლამენტის მხრიდან სამუშაო ვერსია არსებობს. როგორც გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მომზადებაში ჩასართველად განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებიც მზად არიან.
ამ მიმართულებით დახმარება დღეს მან პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრსაც სთხოვა და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ გამოწვევები შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ.
„წელს 10 მარტს კომიტეტმა განიხილა და მისაღებად ცნო ააიპ უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საჯარო სკოლებში სამედიცინო სერვისის სავალდებულო წესით მიწოდებას გულისხმობს. ამ საკითხზე კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის მიზნით. ვიცით რომ ორივე სამინისტროში არის მზაობა ამ მიმართულებით, თუმცა ცხადია COVID-19-მა ნაწილობრივ ახალი ამოცანის წინაშე დაგვაყენა, რაც გულისხმობს სკოლის ექიმის სტანდარტის დახვეწას“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა გიორგი მარგველაშვილისადმი დასმული კითხვის ფარგლებში.
მოგვიანებით, პრემიერმა განმარტა, რომ ეს საკითხი უშუალოდ მას არ ეხება თუმცა იცის, რომ რიგი სამინისტროები აღნიშნულზე მუშაობენ.
“სექტემბრამდე სასწავლო პროცესი გადადებულია და განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობენ, რა ფორმა ექნება ამას, ეს დეტალური და ტექნიკური თემაა, მაგრამ ვთვლი რომ სკოლაში სამედიცინო კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება დროს, როდის წარედგინება აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უნდა მომზადდეს სრულფასოვანი დოკუმენტი სამინისტროებთან ერთად, რომ დამატებითი კითხვები აღარ გაჩნდეს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საკანონმდებლო ინიციატივა კანონპორექტის სახით იქნას წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება