საჯარო სკოლის დირექტორების წარმატება – ლიდერობის კონკურსის ათეულის გეგმები და ორგანიზატორთა ღონისძიებები ფინალის მოლოდინში
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე კონკურსის შედეგად 10 საუკეთესო სკოლის დირექტორი გამოავლინეს. მარათონი გრძელდება და სამი გამარჯვებულის ვინაობა 2020 წლის სექტემბერში უნდა გაირკვეს.
გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცემა, სკოლას კი სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს 2000-2000 ლარი გადაეცემათ, ხოლო მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო მიიღებს.
განათლების კოალიციის ხელმძღვანელი ირინა ხანთაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-ის პანდემიამ კონკურსის მიმდინარეობაში გარკვეულწილად ცვლილებები შეიტანა, თუმცა მისი ჩატარება არ შეფერხებულა.
„კონკურსი საბედნიეროდ აგრძელებს თავის განვითარებას, მიუხედავად კრიზისული მდგომარეობის შექმნისა, რა თქმა უნდა, პანდემიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა კონკურსის მსვლელობაში და ჩვენ გაცილებით გვიან მოგვიწია საზოგადოებისთვის ათი ფინალისტის წარდგენა. როდესაც უკვე ცნობილი გახდა ფინალისტების ვინაობა, ვნახეთ, როგორი დიდი ინტერესი გამოიწვია არამხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში, არამედ სხვა დაინტერსებულ ადამიანებში. ეს ნამდვილად იმედისმომცემი მოვლენაა. მიუხედავდ ამ მძიმე პერიოდისა, განათლების და სასკოლო ცხოვრების მიმართ ინტერესი მაღალია. ეს ერთის მხრივ ლოგიკურიცაა, რადგან ამ პანდემიის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სწორედ სკოლა და ბავშვები აღმოჩნდნენ. შესაბმისად, როგორ ახერხებენ ჩვენი სკოლები ამ ვითარებაში და ზოგადად განვითარებას, განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს“, – ამბობს ირინა ხანთაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კონკურსის ორგანიზატორები ფინალის გამართვამდე, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავენ, რისი მეშვეობითაც საზოგადოებას ფინალისტ დირექტორებს და პროექტებს, რომლებსაც ისინი საკუთარ სკოლებში წარმატებით ახორციელებენ, უფრო ახლოს გააცნობენ.
„ვფიქრობ, ეს საინტერესო უნდა იყოს არამხოლოდ პროფესიული წრეებისთვის, არამედ სკოლის ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ კონკურსმა ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და სკოლას შორის დიალოგის გაღრმავებას. რაც შეეხება თავად კონკურსს ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ის განსხვავებული სახით ჩატარდეს. პირველი კონკურსის განხორციელების დროს მიღებული გამოცდილებიდან, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო დავტვირთოთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებებით“,- ამბობს ირინა ხანთაძე.
განათლების კოალიციასთან ერთად კონკურსის ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, გენერალური სპონსორი კი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ წარმატებული დირექტორების გამოვლენა განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს წაახალისებს და უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, რადგან სწორედ განათლება აძლევს საშუალებას თითოეულ ადამიანს ჩამოყალიბდეს საზოგადოების ღირსეულ წევრად. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მხარი დავუჭიროთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ მაქსიმალურ ეფექტს მივაღწევთ თუკი წავახალისებთ და ვასწავლით მათ, ვინც ასწავლის, ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას, ვინც ჩვენი ახალგაზრდების განვითარებაზე ახდენს გავლენას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სკოლის ლიდერობის პროექტი, რომლის ორგანიზატორია განათლების კოალიცია, ხოლო გპფ ფინანსური მხარდამჭერი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება განათლების სფეროში, რადგან სწორედ წარმატებული დირექტორების გამოვლენა, წახალისება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და სკოლის შიდა ინიციატივების მხარდაჭერა საბოლოო ჯამში მეტ მოტივაციას შეუქმნის განათლების სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს. ყოველივე ეს კი წაადგება სფეროს, გახდის ამ მიმართულებას კიდევ უფრო ღირებულს, რაც საერთო ჯამში ხელს შეუწყობს განათლებული თაობის აღზრდას“, – აცხადებს გუდავაძე პარატკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ფინალისტი დირექტორების უმეტესობა ამბობს, რომ სკოლის ლიდერობის კონკურსში ამ ეტაპზე არსებული მიღწევა, არამარტო მათი, არამედ სკოლის თანამშრომლების, მოსწავლეებისა და მშობლების დამსახურებაა. EDU.ARIS.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა:
ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი: როდესაც ადამიანი ხარ საპასუხისმგებლო სამსახურში და განსაკუთრებით როცა ხარ დირექტორი, ყოველდღიური ცხოვრება და სამუშაო ვერ შემოიფარგლება იმით, რასაც მხოლოდ კანონი გავალდებულებს, ჩვენ შინაგანად გვევალება, რომ ყოველთვის ვაკეთოთ მეტი, რადგან შეხება გვაქვს მოსწავლეებთან და მომავალ თაობასთან. ყოველთვის იქ ვართ, სადაც განათლების სისტემას სჭირდება და ყოველვის ვცდილობთ, რომ იმ მიმართულებებს ავუწყოთ ფეხი, რაც საქართველოში დღეს პრიორიტეტულია. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ სკოლაში ახალი პროგრამების და პროექტების დანერგვით, გრანტების მოზიდვით, კონკურსებში მონაწილეობით. ამ კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და ჩავთვალეთ, რომ სკოლას უნდა მიეღო ამ კონკურსში მონაწილეობა. ეს არ არის ჩემი როგორც დირექტორის მონაწილეობა არამედ, ჩვენი მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების გადაწყვეტილებაა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივედით ფინალამდე, ყველამ ერთად ჩავთვალეთ, რომ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენი საქმიანობა სხვებსაც გავაცნოთ. კონკურსზე განაცხადების შეტანა იანვარში დასრულდა და ეს პროცესიც, განაცხადზე მუშაობა, როგორც რთული, ასევე ძალიან საინტერესო იყო. 6 წელია დირექტორი ვარ და მთელ ჩემს პრაქტიკას გადავხედე. კიდევ ერთხელ გავიაზრე სად ვარ და საით უნდა წავიდე. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კონკურსის ყველა ეტაპი.
შორენა ხუხუა ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: კონკურსში მონაწილეობა მივიღე ჩვენი გუნდის რჩევით. სკოლაში გვყავს ძალიან აქტიური ადამიანები, რომლებიც იზიარებენ პასუხისმგებლობებს ჩემთან ერთად და გადავწყვიტეთ, მოვიდა დრო, რომ წარმოგვეჩინა სკოლის ლიდერის მნიშვნელობა ამ კონკურსის მეშვეობით. ძალიან მიხარია, რომ არაქართულენოვანი სკოლა მოხვდა ათეულში. თუ გავიმარჯვე, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიას შევცვლი, ირმის ნახტომის დროინდელი კომპიუტერები მაქვს. ახლა კი თანამედროვე ტექნიკა აუცილებელია.
მარინა ისკაკოვა – ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი: კონკურში მონაწილეობის მოტივაცია გახლდათ ის, რომ დაფასებულიყო ის მუშაობა, რაც მე გავუწიე ამ სკოლას ექვსი წლის განმავლობაში. დაწესებულება, რომელიც თავდაპირველად პერიფერიულ სკოლად ითვლებოდა, დღეს უკვე წარმატებული სკოლების გვერდით დგას, თუმცა მარტო მე არაფერს არ ვნიშნავ ამ კონკურსში, ეს არის სკოლის, კოლექტივის და მოსწავლეების მშობლების აღიარება, ეს არის მთელი სკოლის თემის აღიარება. კონკურსის ფინალურ ეტაპზე დაწესებულია სოლიდური პრიზები, ესეც იყო ერთ-ერთი მოტივატორი, რატომ? -აგიხსნით: საჯარო სკოლებს ნაკლები დაფინანსება აქვს, არაა ჩემი სკოლა ისეთი თავისუფალი ფინანსებში, ამიტომ ეს ფულადი ჯილდო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. უკვე ჩაფიქრებულიც მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში რაში დაიხარჯება ეს თანხა, მაგრამ პანდემიამ ცოტა პრიორიტეტები შეცვალა. მაქვს ასეთი სურვილი, რომ საშუალო განათლებასთან ერთად მოსწავლეებმა მიიღონ პროფესიული განათლება, 4 პროფესიის სწავლება აქამდეც მიმდინარეობდა, თუმცა მქონდა სურვილი, რომ გავმხდარიყავით პროფესიული განათლების ჰაბი სკოლა და სხვა სკოლების მოსწავლეებსაც, გაკვეთილების შემდეგ, ექნებოდათ შესაძლებლობა დაუფლებოდნენ სხვადასხვა პროფესიებს. ამისთვის მჭირდება ტერიტორია, სკოლა მილენიუმის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია, მაგრამ სარდაფი გვაქვს დარჩენილი გასაკეთებელი და იქ არის ფართი, სადაც შეიძლება სახელოსნოების მოწყობა, იმედი მაქვს, გაგვიჩნდება შესაბამისი ფინანსები და შევძლებთ მიზნების განხორციელებას.
გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: ასეთი ტიპის კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება. მართალია, მსგავსი კონკურსის გამოცდილება ჩვენს სისტემას აქვს, სამინისტროს ეგიდით მასწავლებლის სახლი ატარებს ხოლმე, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული კონკურსი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სისტემის განვითარებაზე ზრუნავენ და ამ დარგის ექსპერტები არიან, უფრო მნიშვნელოვანი მგონია და განსაკუთრებით სასიხარულოა წარმატების მიღწევა. არ ვფიქრობ, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსი უმნიშვნელოა და ოფიციოზს უარს არ ვუცხადებ, მაგრამ ასეთი ორგანიზაციების, არასამთავრობოების, უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული მსგავსი კონკურსები სისტემას ძალიან წაადგება და დიდი სტიმულის მომცემია ჩვენთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელებისთვის.
15 წელია სკოლის დირექტორი ვარ, მანამდეც ამ სისტემაში ვმუშაობდი, თუმცა ჩვენი საქმიანობა უფრო მოწოდებაა, ვიდრე სამსახური. რაც შეეხება სკოლაში ჩვენს მიერ დანერგილ სიახლეებს, ახალი არ არის და კარგად დავიწყებული ძველია. შრომითი სწავლების ელემენტები დაწყებითი საფეხურიდანვე იყო ჩვენს სკოლებში. კრიტიკული აზროვნების უნარი და რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნის უნარი მოსწავლეს სწორედ შრომის პროცესში უყალიბდება ძალიან კარგად. ეს ელემენტები, უფროს კლასებში გვაქვს და ვფიქრობთ, დაწყებით კლასებშიც შევიტანოთ. ამჟამად ჩვენ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სკოლაში ისწავლონ მეტალო-პასტმასის კონსტრუქციების დამზადება და ხალხური რეწვა მათ შორის თექა, კერვა ქარგვა. ეს არის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, რასაც აფინანსებს სკოლა და მშობელს ამაში არაფრის გადახდა არ უწევს. ვფიქრობ ამ კუთხით სკოლებს განვითარება მნიშვნელოვანია.
მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმოაჩენს წარმატებულ საგანმანათლებლო ლიდერს და ასევე წარმოაჩენს ლიდერობის საუკეთესო პრაქტიკას საქართველოში. დაახლოებით ხუთი წელია რაც სკოლის დირექტორი ვარ, სწორედ ამ პროექტმა განაპირობა, რომ ერთგვარი შეჯამება მომეხდინა ჩემი საქმიანობის და კომპეტენტური ადამიანების წინაშე წარმოგვეჩინა ჩვენს სკოლაში მთელი გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობები, ვგულისხმობ ჩემს მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. გვსურდა ერთობლივად გაკეთებული საქმეები მიგვეტანა კომპეტენტური ადამიანების სამსჯავროზე, რომ მათ ენახათ და ემსჯელათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი დირექტორობა ამ ხნის მანძილზე. მთავარი მოტივაცია იყო, რომ გარეშე თვალს, აბსოლუტურად ობიექტურ ადამიანებს შეეფასებინათ ეს ყველაფერი. ფინალისტებს შორის მოხვედრით, პასუხისმგებლობასთან ერთად მოტივაციაც გაიზარდა, რომ გავაკეთო უფრო მეტი, უფრო ხარისხიანად და უფრო მეტი ბავშვისთვის. თუ ვიქნები გამარჯვებულ სამეულში, თანხის მიღების შემთხვევაში, ვაპირებ ბავშვებისთვის თვალსაჩინოებების და საგანმანათლებლო რესურსების შეძენას, რასაც უშუალოდ შეეხებიან, მაგალითად დაშლიან ააწყობენ და ა.შ. სკოლა სრულად აღჭურვილია ტექნიკით, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ კეთებით და ჩხირკედელაობით ისწავლონ მოსწავლეებმა, ამაში გამოვიყენებთ ამ თანხას.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”