საჯარო სკოლის შერჩევა „გაკითხვით“ – რა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი სკოლების შესახებ
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები უკვე განსაზღვრა. შესაბამისად, მომავალი პირველკლასელების მშობლები უკვე არჩევენ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც საკუთარი შვილის განათლებას ანდობენ.
ჩვენ მიერ გამოკითხული მშობლებისთვის სკოლის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სკოლის მდებარეობა და მასწავლებელია. შემდეგ მოდის უსაფრთხო გარემო, კვება და სხვა საკითხები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საჯარო სკოლების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება არც თუ ისე ადვილია.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია საქართველოში სკოლების შესახებ და რა ფორმით იძიებენ მშობლები სასურველი სკოლების შესახებ მონაცემებს.
ნათია ქველაძეს, სასკოლო ასაკის გოგონა ჰყავს, უფროსი შვილები კერძო სკოლაში სწავლობენ, მესამე შვილის შემთხვევაში კი, საჯარო სკოლის არჩევა გადაწყვიტა, თუმცა როგორც ამბობს, ეს საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა.
„კერძო სკოლას ფინანსურად ვეღარ ვწვდები, ამიტომ ვაპირებ ბავშვი საჯარო სკოლაში დავარეგისტრირო. ჩვენს უბანში რამდენიმე საჯარო სკოლაა და სურვილი მაქვს ერთ-ერთი შევარჩიო, თუმცა ინფორმაცია ბევრი არაა. უნდა იპოვო ნაცნობი, რომელსაც კონკრეტულ სკოლაში დაჰყავს ბავშვი და გამოკითხო რა სიტუაციაა. მშობლის შეფასებაც ინდივიდუალურია, შეიძლება მას რომ მოსწონს მასწავლებელი და კარგი გონია, მე სულაც არ მომეწონოს, ამიტომ ძალიან რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ისიც ცალკე საკითხია, მე კი ავირჩევ სკოლას, მაგრამ რეგისტრაციის დროს მოვხვდები?” – ამბობს ნათია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„ჯერ აზრზე არ ვარ სად უნდა მივიყვანო ბავშვი. ბებიას უნდა კერძო სკოლაში, მე ვფიქრობ დაწყებით კლასებში არ აქვს მნიშვნელობა სად ისწავლის და ასე ზეპირადაც არ მინდა მიყვანა. სადაც არ უნდა მივიყვანო, პედაგოგს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. საჯარო ინფორმაციას რაც შეეხება, მე ვერსად ვერ ვნახე რომელი სკოლა რით არის უპირატესი. კერძო საუბრებიდან თუ ვინმე ვინმეს შეაქებს ეგაა, ამიტომ არ ვიცი რას გადავწყვეტ”, – ამბობს მარიამ დავითულიანი ჩვენთან საუბარში.
„სკოლის შერჩევის პროცესში ვართ და სასურველია სახლიდან შორს არ იყოს. ჩემთვის სკოლის სახელზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდე მასწავლებლები ვინ არიან, რა გამოცდილება აქვთ, გარდა თავისი საგნისა იციან თუ არა ბავშვის ფსიქოლოგია. სასურველია იყოს ახალგაზრდა, მეგობრული, პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებელი და არა საბჭოთა გადმონაშთი და ა.შ. საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ისევ მე თვითონ ვიგებ გაკითხვით მშობლებთან, ვისაც უკვე შვილები სკოლის მოსწავლეები ჰყავთ. უპირატესობას მივანიჭებდი კერძოს, თუმცა ჩემს რაიონში არსებულ კერძო სკოლებში, კლასში ბავშვთა რაოდენობა მაფიქრებინებს, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს და არ განსხვავდება საჯაროსგან”, – ამბობს კიდევ ერთი მომავალი პირველკლასელის მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
როგორც ირკვევა, მშობლები სკოლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად პირადი ნაცნობობით აგროვებენ. სკოლის შერჩევის საკითხი ნაკლებად პრობლემურია იმ რეგიონებში, სადაც ფიზიკურად მხოლოდ ერთი სკოლაა და მოსწავლეების სიჭარბესაც არ განიცდიან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში სახელმწიფო სკოლებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია არსებობდეს.
დაინტერსებულ პირებს საქართველოში არსებული საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაციის მოძიება სპეციალურ საიტზე http://catalog.edu.ge/ შეუძლიათ, სადაც სკოლების კატალოგია განთავსებული. უნდა აირჩიოთ კონკრეტული რეგიონი და კონკრეტული სკოლა და არსებულ მონაცემებს გაეცნოთ.
მაგალითად კატალოგში ავირჩიეთ თბილისის 173-ე საჯარო სკოლა. საიტი გაჩვენებთ ინფორმაციას სკოლის მდებარეობის და დირექტორის ვინაობის შესახებ, მითითებულია სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთო რაოდენობა, სკოლის საგანმანათლებლო სტატუსი (ანუ რომელი საფეხურებია სკოლაში, დაწყებითი, საბაზო და ა.შ.) არის ინფორმაცია ქართული სექტორისაა სკოლა თუ არა. კატალოგში გვხვდება სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, სკოლაში ამჟამად არსებული პირველკლასელების რაოდენობა და თავისუფალი ადგილები.
თუმცა, სკოლის შერჩევით დაინტერესებული პირისთვის გაცილებით მეტი ინფორმაციაა საინტერესო. მაგალითად სკოლის ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონი, პედაგოგების ვინაობა და სტატუსი, პედაგოგების ვინაობა ვინც პირველი კლასები უნდა ჩაიბაროს, მათი სტატუსები უფროსია, წამყვანი თუ მენტორი. კატალოგში ასევე არაა ინფორმაცია არის თუ არა სკოლა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“, არის თუ არა გახანგრძლივებული ჯგუფები, რა წრეები არსებობს, არის თუ არა კვების ობიექტი, მანდატური და ა.შ.
საჯარო სკოლის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ სკოლების ფეისბუკ გვერდები, თუმცა ამ შემთხვევაშიც სკოლები ძირითადად ღონისძიებების ამსახველ ინფორმაციებს აქვეყნებენ ან სულაც არ იყენებენ ამ გვერდს ინფორმაციის გასავრცელებლად და მიუწვდომელია ინფორმაცია სკოლის შინაგანაწესის, პედაგოგების კვალიფიკაციის ან სხვა საინტერესო მონაცემების შესახებ.
სკოლის შესახებ ინფომაციის მიღების კიდევ ერთი გზა, თავად სკოლაში სტუმრობაა, თუმცა საჯარო სკოლებში უცხო პირის დაშვება მარტივად არ ხდება. საჭიროა ან ადმინისტრაციის საშვი, ან ისეთ დროს მისვლა, როცა მშობლებისთვის დაწესებულებაში შესვლა დაშვებულია, ძირითადად ესაა პარასკევი, დღის მეორე ნახევარი.
თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაჩია EDU.ARIS.GE – სთან საუბარში ამბობს, რომ მომავალი პირველკლასელებს მშობლების ნაწილი ნამდვილად ინტერესდება და სასკოლო გარემოს ათვალიერებს.
“ვერ ვიტყვი, რომ პირველკლასელთა მშობლების 100% მოდის, მაგრამ არის შემთხვევები მოდიან, ათვალიერებენ კლასებს, კითხულობენ ვინ არიან მასწავლებლები, არის თუ არა წრეები და ა.შ ჩვენ არ გვაქვს ამის შეზღუდვა. სკოლაში სტუმრობისთვის სპეციალური საათები გამოყოფილი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ პარასკევს მშობლებისთვის შემოსვლა თავისუფალია და შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ”, – ამბობს გიორგი კაკაჩია.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, კერძო სკოლების დიდი ნაწილი ვებგვერდების და სოციალური ქსელების საშუალებით მშობლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სასწავლო პროგრამების, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის თუ სხვადასხვა პირობების შესახებ. ღიაა სკოლის საკონტაქტო ინფორმაციაც და ხშირად ცხადდება ღია კარის დღეები.
ამავე თემაზე:
2020 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – პროცედურა
გადაიხედება თუ არა სკოლაში შესვლის ასაკი – „თანახმა ვარ, რომ ეს 31 დეკემბრამდე გადაიდოს“
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება