GE

სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები ახალი დიზაინის ატესტატებს და დიპლომებს მიიღებენ (+ფოტო)

სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ახალი დიზაინის ატესტატებს და დიპლომებს მიიღებენ. განათლების და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანება 5 ივლისს გამოქვეყნდა, ძალაში 2 ივლისს შევიდა და ახალი ფორმის დოკუმენტებიც ამ თარიღიდან გაიცემა.

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების განახლებული რედაქციის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატისა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ გარკვეული მოთხოვნებია წაყენებული.

ფოტო #1: ასეთ ატესტატს აიღებს 12 კლასის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიმართ წასაყენებელი მოთხოვნები:

ა) დამზადდეს A4 ფორმატის, არანაკლებ 120გრ/მ2  წყლისნიშნიან ქაღალდზე;  ბ) დოკუმენტის სახიან მხარეზე მთლიანი ზედაპირი დაფარული იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით შუაგულში ორნამენტის კონტურით;  გ) შეიცავდეს მცირე სახელმწიფო გერბს;  დ) დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სრული იურიდიული დასახელება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 7-ნიშნა ციფრით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“; ე) სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემდეს ლუმინესცენციას; ვ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის  ტექსტი, გარდა სათაურისა, იბეჭდება შავ ფერში, ხოლო სათაური იბეჭდება ლურჯ ფერში; ზ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე – ჩ:93 M:54 Y:6 K:0 ჩარჩო; თ) დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება (ქართულად და ინგლისურად) თეთრ ფერში.

ფოტო #2: ასეთ ატესტატს აიღებს 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლიდან გასული პირი

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა შეიცავდეს:

ა) მოსწავლის სახელს (ქართულად  და ინგლისურად); ბ) მოსწავლის გვარს (ქართულად და ინგლისურად); გ) მოსწავლის დაბადების თარიღს (ქართულად და ინგლისურად); დ) მოსწავლის პირად ნომერს, თუ დოკუმენტის მოთხოვნის მომენტში მას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს პირადი ნომერი (ქართულად და ინგლისურად); ე) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს (ქართულად და ინგლისურად); ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულების წელს  არსებული მდგომარეობით (ქართულად და ინგლისურად); ზ) დოკუმენტის დაბეჭდვის თარიღს (ქართულად და ინგლისურად); თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელსა და გვარს (ქართულად და ინგლისურად); ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებულ ხელმოწერას; კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებულ ბეჭედს.

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის შედგენისას ივსება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“ (ქართულად და ინგლისურად).

სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატისა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ  წასაყენებელი მოთხოვნები:

ფოტო #3: დოკუმენტი, რომელსაც პროფესიული კოლეჯის ის კურსდამთავრებული მიიღებს, რომელიც კოლეჯში ინტეგრირებულად გაივლის სასკოლო პროგრამასაც:

ა) დამზადდეს A4 ფორმატის,  არანაკლებ 120გრ/მ2  წყლის ნიშნიან ქაღალდზე; ბ) შეიცავდეს    მცირე სახელმწიფო  გერბს; გ) დოკუმენტის სახიან მხარეზე მთლიანი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით შუაგულში ორნამენტის კონტურით; დ) ყველა ხაზი შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო“; ე) დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სრული იურიდიული დასახელება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 7-ნიშნა ციფრით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“; ვ) სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემდეს ლუმინესცენციას; ზ) დოკუმენტი იბეჭდება თეთრ ფონზე შავი გრადაციული ჩარჩო – ჩ:0 M:0 Y:0 K:1-დან ჩ:0 M:0 Y:0 K:29-მდე; თ) დოკუმენტის სახიან მხარეზე მარცხენა მხარეს ჩარჩოზე შავი ორნამენტი ჩ:0 M:0 Y:0 K:60; ი) დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება (ქართულად და ინგლისურად); კ) ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

დოკუმენტის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ 2005-2006 სასწავლო წლიდან 2009-2010 სასწავლო წლის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატში არ მიეთითება საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. ასევე, აღნიშნულია, რომ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით გაცემულად უნდა ჩაითვალოს.

ატესტატების გაცემა 21 ივნისიდან დაიწყო – პროცედურა სკოლადამთავრებულთათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური