GE

საჯარო თუ კერძო – როგორ ირჩევენ მშობლები სკოლას შვილებისთვის?

სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად მშობლები იწყებენ იმაზე ფიქრს, რომელ სკოლაში ჯობია წაიყვანოს ბავშვი კარგი განათლების მისაღებად. საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლებში, ამ მხრივ ცოტა არჩევანია, ვინაიდან, ხშირად, სოფელში ერთი სკოლაა, ან რამდენიმე სოფლის ბავშვები ერთ სკოლაში დადიან. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, მშობელს არ აქვს სკოლის არჩევის საშუალება.

განსხვავებული ვითარებაა ქალაქში. აქ მშობლებს საჯაროსთან ერთად კერძო სკოლებს შორისაც შეუძლიათ გააკეთონ ფართო არჩევანი. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევენ მშობლები სკოლას. საჯაროს ანიჭებენ თუ კერძოს უპირატესობას. ჩვენ, ძირითადად, პირველკლასელების მშობლები გამოვკითხეთ.

„პირველ რიგში, ახლომდებარე სკოლებიდან  შევარჩიე ერთ-ერთი, სადაც ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. ასევე შევარჩიე იმის მიხედვით, თუ რომელი უცხო ენა ისწავლება სკოლაში. მომწონს ჩემი შვილის მასწავლებლები, არ მომწონს ის, რომ პირველ კლასში ყველა საგანში სხვადასხვა მასწავლებელი ჰყავთ. ბავშვებიც იბნევიან და მშობელსაც არ აქვს საშუალება, გაიგოს ყოველდღიურად მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ყველა მასწავლებლისგან სათითაოდ. ჩემი აზრით, თუ საშუალება გაქვს, რომ კერძო სკოლაში მიიყვანო ბავშვი, რატომაც არა. მე თუ საჯარო სკოლაში სწავლების დონე არ დამაკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში გადავიყვან კერძო სკოლაში“, – გვითხრა ნათია კეჩხუაშვილმა.

„თუ სწავლის დონე დამაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, საჯარო ჯობია. კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა კარგია, როცა მას აკლდება დღეები 6 წლის შესრულებამდე, საჯაროში კი არ იღებენ და ეკარგება მთელი წელი, ჯერ კიდევ 12-წლიანი სწავლის პირობებში.

ჩემი შვილისთვის სკოლა იმის მიხედვით შევარჩიე, თუ როგორი გამოცდილი პედაგოგები მოდიოდენ პირველკლასელების ჩასაბარებლად, რადგან საძირკველს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მომწონს, რომ სკოლაში არის ცეკვის და მუსიკის წრეები. ერთ სივრცეში ძალიან მოსახერხებელია. ვისურვებდი ყოფილიყო ფორმები“,- გვითხრა  მირანდა ფორჩხიძემ.

კერძო სკოლებში ბავშვები ბევრმა სასკოლო ასაკის შეზღუდვის გამო მიიყვანა. როგორც ცნობილია, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვს არ იღებენ, თუ სწავლის დაწყებამდე არ შეუსრულდება 6 წელი. კერძო სკოლა თავად წყვეტს, როდის დაიწყოს სასწავლო პროცესი, ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ  იქ საჯაროზე გვიან იწყება სწავლა. შესაბამისად, ვინც სექტემბრის თვეში  ხდება ექვსი წლის, „ერთი წელი არ ეკარგება“.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მშობლების არჩევანს კერძო სკოლაზე აჩერებენ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლების ფასი წელიწადში 2 000 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 20 000-მდეც კი ადის, საქართველოს  238 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით,  მოსწავლეთა რაოდენობა 55 802-აღწევს.

მიუხედავად იმის, რომ საჯარო სკოლაში სწავლა უფასოა, ასევე წიგნები და კომპიუტერები (ყველა პირველკლასელს), საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ, რისი ფუფუნებაც კერძო სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ, ბევრი მშობელი ბავშვს მაინც კერძო სკოლაში ატარებს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მისაღები გარემო, მცირემოსწავლიანი კლასები და მშობლების თქმით, უკეთესი განათლების პირობებია.

„ჩემი აზრით, კერძო სკოლა იმით გამოირჩევა, რომ კლასში, მაქსიმუმ, 10 ბავშვია. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი თავს გრძნობს მშვიდად და იმაზე ფიქრი არ უწევს, რომ მაღალ კლასებში რეპეტიტორი აიყვანოს. გარდა ამისა, არის უსაფრთხო გარემო, მშობლების აზრის გათვალისწინებით დადგენილი შინაგანაწესი და აკრძალვები (მობ.ტელეფონი, სკოლიდან გასვლა და ა. შ.). აგრეთვე სათითაოდ ყველა ბავშვზე მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლება აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას, შეძლებისდაგვარად, თავი გაართვას და გახდეს სტუდენტი რეპეტიტორის გარეშე. მე, როგორც მშობელი, ძალიან კმაყოფილი ვარ კერძო სკოლის პირობებით და თავს ვგრძნობ მშვიდად, რადგან ვიცი, ჩემი შვილი პროფესიონალების ხელშია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ჟანა ჯალაღონიამ, რომლესაც შვილი გორის კერძო სკოლა „თამარიონში“ დაჰყავს.

სოფო გაბესკელიანის ორივე შვილი კერძო სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, სკოლაზე არჩევანი ახლობლების გამოცდილებიდან გამომდინარე გააკეთა.

„ჩემი ახლობელი ბავშვი სწავლობს თამარ მეფის სახელობის სკოლა პანსიონში, მეხუთე კლასში გადავიდა და ჩემი შვილებიც იქ მივიყვანე. ერთი მეორე კლასში მყავს, მეორე – პირველში.

დედმამიშვილებზე შეღავათია 500 ლარი. მესამე ბავშვი საერთოდ უფასოა. 3 000 ვიხდი ორივეზე. სწავლის დონე, ყველაფერი, უმაღლეს დონეზეა. ჩემთვის მთავარია, რომ რელიგიურად იზრდება. ყველაზე დადებითი ის აქვს, რომ იციან უფროსების პატივისცემა.

ცოტა პრეტენზიული მშობელი ვარ, ყველაფრის გაკონტროლებას ვცდილობ, განსაკუთრებით, სწავლისას და კმაყოფილი ვარ ამ სკოლის.  კლასი ერთი ოჯახივითაა, ბავშვებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული აქვთ. საჯაროში, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ძალიან კარგია. კლასში 14 ბავშვი ზის. მეტი არ შეიძლება. ყოველდღე აქვთ გამოკითხვები. თუ მოუმზადებელი მივიდა სკოლაში, მშობელი ამას, რა თქმა უნდა, იგებს“, – აღნიშნა სოფომ.

გადაჭრით იმის თქმა, რომ საქართველოს კერძო სკოლებში უფრო ხარისხიანი სწავლებაა და ბავშვები აღარ საჭიროებენ რეპეტიტორის დახმარებას, არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ ეროვნული გამოცდებისთვის  რეპეტიტორებთან კერძო სკოლის მოსწავლეებიც ემზადებიან.

„ერთი ბავშვი მყავს კერძო სკოლიდან. 3 500 ლარს იხდიან გადასახადს. კლასში 11 ბავშვია, აქედან მხოლო სამი სწავლობს. 8 არ სწავლობს. ეზარება და არ სწავლობს“, – გვითხრა მათემატიკის რეპეტიტორმა ნიკოლოზ ლელუაშვილმა.

„რამდენიმე ფასიანი სკოლიდან მყოლია აბიტურიენტი. მათი აზროვნების დონე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებულია. საკმაოდ განსხავებული. სიახლეებს უფრო აქტიურად სწვდებიან. უფრო მეტი აქვთ ზოგადი განათლება. იქ  მასწავლებლების ანაზღაურებაც, შესაბამისად,  უფრო მეტია. ვერც შევადარებთ საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორმა ნანა გოგშელიძემ.

კერძო სკოლის უპირატესობა საერთაშორისო კვლევებშიც ჩანს, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში ატარებს. ცენტრის კვლევის ჯგუფის წევრი ნათია ანდღულაძის თქმით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ კერძო სკოლას მეტი ფინანსური რესურსი აქვს, თუმცა არც საჯარო სკოლა იქნებოდა ნაკლები, მეტი ავტონომიურობა რომ ჰქონოდეს.

11173477_935581809796382_2064729508_n„კერძო სკოლებში კვლევების მიხედვით (პიზა, თალისი, პირლსი), მოსწავლეების სწავლის შედეგების  თვალსაზრისით უფრო კარგი მდგომარეობაა. თუმცა, რიგშემთხვევებში, ეს გამოწვეულია კლასის მოსწავლეების სოციო-ეკონომიკური კომპოზიციით. კერძო სკოლებში სწავლის შედარებით მაღალ ხარისხს მათი თავისუფლება, ავტონომიურობა განაპირობებს. ბევრ საჯარო სკოლაში უკეთესი რესურსია მასწავლებლების თვალსაზრისით, მაგრამ დირექტორს მეტი თავისუფლება არ აქვს, როგოც ფინანსური ასევე საკადრო და აკადემიური თვალსაზრისით. კერძო სკოლას უფრო მეტი ფინანსური რესურსიც აქვს, თუმცა მარტო ფინანსებიც არ არის. წარმოიდგინეთ, საჯარო სკოლის მსგავს რეჟიმში რომ ოპერირებდეს კერძო სკოლები, ავტონომიურობის შეზღუდვის ქვეშ, ვერ მივიღებდით იგივე შედეგს.

ანუ ტენდენცია შემიძლია გითხრათ, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებს უფრო კარგი შედეგები აქვთ, მაშინ როცა ვაკონტროლებთ მოსწავლეების სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებს. ანუ თუ ერთი შვილი წავიდა საჯაროში და მეორე კერძო სკოლაში, კერძო სკოლაში ვინც სწავლობს, იმას უფრო კარგი შედეგები ექნება, საშუალოდ. ყველა კერძო სკოლას არ ეხება ეს და არც ყველა საჯარო სკოლას. არის კარგი კერძო სკოლები და არის კარგი საჯარო სკოლები“, – განაცხადა ნათია ანდღულაძემ.

EDU.ARIS.GE-მ ის მშობელიც ჩაწერა, რომელმაც სკოლაში მომავალში უნდა წაიყვანოს შვილი. ჩვენ, კერძო და საჯარო სკოლების შედარების საფუძველზე, ნათია ღვინიაშვილს ვთხოვეთ, დაესახელებინა ის ფაქტორები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, რომელსაც საკუთარი შვილის განათლებას ანდობს.

„სკოლში, რომელშიც ჩემს შვილს მივიყვან, პირველ რიგში, მინდა, რომ მუშაობდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ჩემი შვილის განათლებაზე და პირველივე კლასიდან დამატებით მომზადება არ დასჭირდება. ასევე, რასაკვირველია, მსურს, რომ იყოს კეთილმოწყობილი გარემო, სადაც არ შემეშინდება მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება და ის თავს კომფორტულად იგრძნობს პირველივე დღიდან. მინდა, რომ სკოლიდან ყოველდღე მომიტანოს ბავშვმა ჩანაწერი, როგორ იყო იმ დღეს მომზადებული.  მასწავლებელმა მოკლედ რომ ჩაუწეროს კომენტარი და ვნახო, რა შენიშვნა ექნება. პირველი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც სკოლას შევარჩევ, არის მოსწავლეთა განათლების ზოგადი დონე და მეორე-იქ არსებული დისციპლინა. ეს უკანასკნელი ჩვენი სკოლების ,,აქილევსის ქუსლად“ მიმაჩნია.

მართალია, კერძო სკოლა იძლევა საშუალებას, ისარგებლო ე.წ. გახანგრძლივებული გრაფიკით, მაგრამ, ვფიქრობ, სჯობს, საჯარო სკოლაში მივიყვანო ბავშვი. ჩემი დაკვირვებით, კერძო სკოლის მოსწავლეებსაც და სამწუხაროდ, ხშირშემთხვევაში, მშობლებსაც, იმის გამო, რომ იხდიან თანხას, აქვთ მოლოდინი ხარისხიანი განათლების და ეს მხოლოდ მასწავლებლის ხარჯზე, არა – საკუთარი მონდომების. ბავშვი, რომელმაც იცის, რომ მისი მშობელი იხდის თანხას, დარწმუნებულია, რომ აქვს მეტი უფლება სიზარმაცის და ასევე გაცდენების. ასე, რომ მე, როგორც მშობელი, უპირატესობას მივანიჭებ საჯარო სკოლას და კერძო სკოლაში გადასახდელ თანხას გადავუხდი კერძო მასწავლებლებს“, – აღნიშნა ნათია ღვინიაშვილმა.

საქართველოში სულ 2 086 საჯარო სკოლაა, სადაც, ამ ეტაპზე, 509 134 მოსწავლე სწავლობს.  მათ 59 404 პედაგოგი ასწავლის. ხოლო კერძო აკრედიტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 238-ია, სადაც  55 802 მოსწავლეს  7 996 მასწავლებელი ასწავლის. კონკურენციას, საჯარო სკოლები კერძოებს, რასაკვირველია, უფასო სწავლებით და სახელმძღვანელოებით უწევენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები 3 მლნ 730 ათასი ადამიანიდან პენსია და სოციალური შემწეობა 1 მლნ 220 ათას ადამიანზე გაიცემა, ანუ თითქმის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სახელმწიფოს შემწეობით ცხოვრობს, მაინც არსებობსენ ადამიანები, რომლებსაც წელიწადში თავიანთი შვილებისთვის სკოლაში 2 ათასიდან 20 ათასამდე ლარის გადახდა შეუძლიათ. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კერძო სკოლა ყველა შემთხვევაში არ იძლევა საჯაროზე უკეთეს შედეგს.

რა ჯდება და ღირს თუ არა კერძო სკოლაში სწავლა?

რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში 

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური