GE

საერთაშორისო კონფერენცია – „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „დუბლინ სიტი უნივერსიტეტის“ (Dublin City University) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის პრობლემა ახალი არ არის, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდამ დეზინფორმაციის არნახული მასშტაბით გავრცელება გამოიწვია. დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ადამიანთა ჯანმრთელობას და სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს. სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ონლაინ პლატფორმები, მეცნიერები ეძებენ გამოსავალს, რათა ერთი მხრივ, მოხდეს სიტუაციის დარეგულირება, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებმა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ონლაინ დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემების რეგულირებისა და თვითრეგულირების ფორმებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა ასევე საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.

კონფერენციას მოდერატორობა გაუწია ედოარდო კელესტემ, Dublin City University-ს (ირლანდია) სამართლის ფაკულტეტის პროფესორმა და მარიამ შარანგიამ, University of Sussex-ის (ინგლისი) მაგისტრმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია. ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი, დოქტორი ანდრეი რიხტერი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: დოქტორი კლარა იგლესიას-კელერი, მედიის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი, გერმანია („არ ესროლოთ შეტყობინებას: ბრაზილიაში შინაარს მიღმა დეზინფორმაციის რეგულირება”); დოქტორი ჯოვანი ზაგნი, იტალიის პოლიტიკური ფაქტ-ჩეკინგ პროექტის Pagella Politica-ს დირექტორი, იტალია („დეზინფორმაცია და ფაქტების პროფესიული შემოწმება: პრაქტიკოსის შეხედულება“); ეილინ ქალოტი, Dublin City University-ს კომუნიკაციების სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ირლანდია („ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: ციფრულ პრობლემებზე რეაგირება თუ უკეთესი ინტერნეტის შექმნა?“).

კონფერენციაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მოხსენებებით წარდგნენ: სერგი ჯორბენაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი („საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში – შემთხვევა ონლაინ რეგულირების გადაუდებელი საჭიროებისთვის“); უშანგი ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი („დეზინფორმაცია და დანაშაული: შეგვიძლია მისი კრიმინალიზაცია?“); ნინი შენგელია, იურისტი, ციფრული დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი („რა გავლენას ახდენს ონლაინ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ციფრულ საზოგადოებაზე ისეთ არამდგრად და არაკონსოლიდირებულ დემოკრატიაში, როგორიც საქართველოა?“).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური