GE

საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტიოლოგია საქართველოში – 4“

საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტიოლოგია საქართველოში – 4“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, იუნესკოს ევრომედიტერანული ინტერკულტურული ცენტრის პრეზიდენტმა, პროფესორმა ტიტიკა სტასინოპულუ-პაპაზისმა და პირეოსის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პანოს იანაკოპულოსმა. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა კამერულმა გუნდმა საგალობლები შეასრულა. სამეცნიერო სესიაში ქართველებთან ერთად ბერძენი, გერმანელი, რუსი, კანადელი, ინგლისელი, უნგრელი, თურქი, სომეხი, უკრაინელი და ლიბანელი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მონაწილეობენ. მეცნიერები მოხსენებებს ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიურ ასპექტებზე წარმოადგენენ და ბოლო პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგებს შეაჯამებენ.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

საერთაშორისო კონფერენციის სექციები:
– ისტორია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა;
– ენა და ლიტერატურა;
– კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, თარგმანი;
– ფილოსოფია, თეოლოგია, ეკლესიოლოგია;
– კულტურა, ხელოვნება.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 26 სექტემბერს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში თანამედროვე ხატების გამოფენა გაიხსნება. მგალობელთა გუნდი „ფერისცვალება“ ქართულ საგალობლებს შეასრულებს. კონფერენციის მონაწილეები 27-29 სექტემბერს კაპადოკიაში გაემგზავრებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური