GE

საგამოცდო თავის ტკივილის გარეშე

ავტორი – ირმა კახურაშვილი

დამტკიცებულია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში სრულფასოვნად – მცირე ულუფებით დღეში 5-6-ჯერ – იკვებებიან, საგამოცდო პერიოდში ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერებასთან და ნორმალურ განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.

ყოველდღიური კვების რაციონის ნორმა უმცროსკლასელებისთვის 2200 კკალ, დანარჩენებისთვის 2500-5000 კკალ. უნდა იყოს. სპორტულ სექციებში გამწესებული მოზარდებისთვის კი აღნიშნული კალორიულობა 10%-ით უნდა გაიზარდოს. თუმცა მშობელთა უყურადღებობისა თუ სხვა მიზეზების გამო, მოსწავლეების უმეტესობა ისე იკვებება, როგორც “მოეხერხება”.

სწორედ ამ მიზეზით წლის ბოლოს ბავშვი თავს სუსტად გრძნობს, ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტულია. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საგამოცდო პერიოდში უჩივიან ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მათი კვების რაციონის გაუმჯობესება, მენიუს მოწესრიგება, კვების პრიორიტეტების შეცვლა ხილ-ბოსტნეულის სასარგებლოდ, უარის თქმა გაყინულ, კონსერვირებულ პროდუქტზე, ასევე, ხელოვნურ ენერგეტიკებსა და ნახევრადფაბრიკატებზე. როგორც წესი, ბავშვები ამას რთულად ითავისებენ, ამიტომ მშობელმა უნდა შეძლოს ვიტამინებით გაჯერებული კერძის შეთავაზება, მისი პრეზენტაცია, ლამაზად გაფორმება. მიუღებელია ბავშვის კვება წიგნის კითხვის ან კომპიუტერთან ჯდომის პარალელურად.

მოსწავლეებისთვის აუცილებელია რძის პროდუქტის მიღება. სასურველია ბავშვმა იკვებოს ბურღულეულის ფაფებით, კენკროვანი ხილით, სახამებლის შემცველი ბოსტნეულით, კვირაში 2-3-ჯერ მენიუში უნდა ჰქონდეს კვერცხი, თევზეული, ხორციანი კერძი. საგამოცდო პერიოდში შუადღის საათებში სასურველია მიიღონ ხილის კოქტეილი, ტკბილი ხაჭო, თაფლით და ნიგვზით შეზავებული ხილის სალათი, ციტრუსის კექსი ან რძიანი დესერტი. კარგი იქნება, თუ ამის დამზადებაში ბავშვიც ჩაერთვება, ცოტა ხნით განიმუხტება კიდეც და ახალ კულინარიულ უნარებსაც აითვისებს.

გამოცდებზე მიღებული ნორმალური ნიშნების გარანტიას სამი ძირითადი რამ განაპირობებს: კარგი განწყობა, სიმშვიდე, ცოდნის დონე. თუკი ამ ყველაფერს სწორ კვებას დავუმატებთ, შედეგი თვალსაჩინო იქნება. გვახსოვდეს, რომ ნევროზულობისგან გვიცავს ისეთი პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია С, В2, В3, В5, В6, D ვიტამინებით და მაგნიუმით. ანტისტრესულ კერძად გამოგვადგება მოხარშული კვერცხი, წითელი ხორცის ნაჭერი, ზეითუნის ზეთით შეზავებული ბოსტნეულის მიქსი და მინერალური წყალი. სხვა ანტისტრესულ პროდუქტად აღიარებულია ნიგოზი, თხილი, ფრინველის ხორცი, თევზეულობა და მარცვლეულობა, მაღალი პროტეინის მქონე პროდუქტი.

ბევრი მოსწავლე წინასაგამოცდო უხასიათობის ჟამს გადაჭარბებულად იღებს საკვებს (ეს მავნე ჩვევა უფრო გოგოებში შეინიშნება). ტკბილეულობა და საკონდიტრო ნაწარმი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმზე. რაც შეეხება В ჯგუფის ვიტამინებით გაჯერებულ საკვებს, მისი მიღება, თუნდაც დიდი ოდენობით, არავის ვნებს. ვიტამინებით მდიდარია წითელი ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტი, ნიგოზი. უგუნებობიდან გამოგიყვანთ ფოლიევას მჟავა, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი, რომელსაც შეიცავს ღვიძლი, მზესუმზირა, გოგრის მარცვალი. დაღლილობის შეგრძნებას ხსნის გლუკოზა (პური, მაკარონის ნაწარმი), ცილები (ყველი, კაკალი), ვიტამინი С (ხილის სალათები, მწვანე ბოსტნეული). დაღლილობის საწინააღმდეგო მარტივი რეცეპტი ასეთია: დააბუტერბროდეთ პურის თხელი ნაჭერი მოხარშული კვერცხითა და ყველით, მიაყოლეთ სახლის პირობებში დამზადებული ნატურალური იოგურტი – მაწონი მურაბით.

არცთუ იშვიათია, როდესაც წინასაგამოცდო პერიოდში მოზარდები მეხსიერების შესუსტებას უჩივიან. არადა, მტკიცე მეხსიერება და სასწავლო პერიოდში მიღებული ინფორმაციის თავმოყრა, წლის ბოლოს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გრაფიკულმა, ტექსტუალურმა თუ რიცხობრივი მონაცემებმა შესაძლოა ბავშვის მეხსიერების გადაძაბვა გამოიწვიოს. მის გასაძლიერებლად აუცილებელია ნახშირბადის, В1, В6 და В12 ვიტამინის, ქრომის, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, რკინის, თუთიის შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთია: უცხიმო ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი, ნიგოზი, ღვიძლი, ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი. მეხსიერების გასაუმჯობესებლად სასარგებლოა უზეთოდ, ფოლგაში ან ორთქლზე დამზადებული პროდუქტი.

მოსწავლის კონცენტრაციის უნარი, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია წინასაგამოცდო სამზადისის დროს, ცნობილია, რომ პიკს ინფორმაციის მიღების 25-ე წუთამდე აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა მცირდება. ამიტომ 45-წუთიანი გაკვეთილების შუალედში აუცილებელია ბავშვმა 10 წუთი მაინც შეისვენოს. სახლის ან ბიბლიოთეკის პირობებში მეცადინეობის დროს ეს რეჟიმი არ უნდა დაირღვეს. მოზარდმა შესაძლოა თავი ხელოვნურად “დაისაქმოს” – გავიდეს აივანზე, გაასეირნოს ძაღლი, მიალაგოს თავისი უჯრა, მორწყას სახლის მცენარეები, დაიმზადოს სალათა, ერთი სიტყვით, გადაერთოს სხვა ფიზიკურ აქტივობებზე.

თუ ეს არ უშველის და კონცენტრირების უნარი მაინც დაბალი ექნება, უნდა მიიღოს კალცით, В1, В3, В6 და С ვიტამინით მდიდარი საკვები. ასეთია: ნიგოზი, იოგურტი, მწვანე ბოსტნეული, ხაჭო. კარგი იქნება სკოლის შესვენებებზე ბავშვმა პურთან ერთად უცხიმო ხორცის მცირე ნაჭერი მიღოს. სახლის პირობებში სასარგებლოა ომლეტი ხორცთან და ისპანახთან ერთად. სწორ კვებასთან ერთად წინასგამოცდო დღეს სასურველია ბავშვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნოს, განიცადოს რაიმე დადებითი ემოცია. ტექსტუალური ინფორმაციის მიღება მას აუდიფორმატის სახით შეუძლია. თუ საუბარია გეოგრაფიაზე, შესაძლოა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ნახვა მოგზაურობისა და აღმოჩენების შესახებ.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური