GE

„საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ მიმართულებით.

განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში, მათ შორის სკოლების დონეზე ინტეგრირების შედეგად, „გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის‘‘.

ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებული შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, სამინისტრომ მოსწავლეებში სასკოლო ასაკიდანვე შეუწყოს ხელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რისთვისაც მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მოსწავლეებს ჯანსაღი შეხედულებები ჩამოუყალიბდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო. დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ – საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა 18 ნოემბერს.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შესაბამის დეკლარაციას.

ასევე იხილეთ:

„სკოლა ავტონომიურობის ნაცვლად, მეტად მიება სამინისტროს“ – ახალი თაობის ესგ-ის გამოწვევები და ძლიერი მხარეები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური