„სკოლა ავტონომიურობის ნაცვლად, მეტად მიება სამინისტროს“ – ახალი თაობის ესგ-ის გამოწვევები და ძლიერი მხარეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო გეგმაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას დაგვპირდა, რომელიც სკოლებს მეტ დამოუკიდებლობას მიანიჭებს. მიუხედავად ამისა, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის განათლების კომიტეტზე უკვე განხილვის პროცესშია, მინისტრის მოადგილის მიერ დაანონსებული “მეტი დამოუკიდებლობის” ელემენტებს საჯარო სკოლებისთვის ნაკლებად ატარებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა – „სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია“
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევებსა და ძლიერ მხარეებზე საუბარია უახლეს კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესწავლასა და მათი განხორციელების თანამიმდევრულობის შეფასებას.
მესამე თაობის ესგ-ის ერთ-ერთ გამოწვევაზე, რომელიც კომპლექსურ დავალებას უკავშირდება, უკვე ვწერდით:
კვლევის შედეგებით ცალკე გამოიყო კიდევ რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც ახალი თაობის ესგ-ს გააჩნია და მათ შორის არის სკოლების ავტონომიურობის თემაც.
კვლევის თანახმად, რეფორმის ავტორები და ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ ახალი სასწავლო გეგმა და მისი დანერგვის პროცესი სკოლას და მასწავლებლებს საკმაო თავისუფლებას აძლევს. განათლების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით კი, მთავარი მოთხოვნაა, კონსტრუქტივიზმის პრინციპები იყოს დაცული, „ეს არის წითელი ხაზი“, რომლის გადალახვაც მასწავლებლებს არ შეუძლიათ.
თუმცა სხვა ექსპერტების მოსაზრებით, ასევე, კვლევის პროცესში გამოკითხული ბევრი მასწავლებლების აზრით, სასწავლო გეგმა და მისი დანერგვის მოდელი ერთი მიდგომის დანერგვას ცდილობს ცენტრალიზებულად და მასწავლებლებსა და სკოლებს არჩევანს უზღუდავს.
“იმის მაგივრად, რომ ამ მოდელის თანახმად სკოლა უფრო ავტონომიური გამხდარიყო, მეტად მიება სამინისტროს, თან კონკრეტულ ერთ ან ორ ადამიანს ესგ-დან”, – ამბობს კვლევის ფარგლებში გამოკითხული ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ინტერვიუში.
კვლევის ანგარიშის ავტორებს შეფასებად კვლევაში მონაწილე ექსპერტის მოსაზრებაც მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას განცხადებით, იმის თქმა, რომ ახალი სკოლის მოდელი საგანმანათლებლო რეფორმას წარმოადგენს, არასწორი იქნება. მისი აზრით, ეს არის უბრალოდ სწავლების ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც სამინისტრომ სავალდებულო გახადა ყველა სკოლისათვის. ესგ-ის სამმართველოს ექსპერტის, ფსიქოლოგ ია აფთარაშვილის თქმით კი, სასწავლო გეგმების გუნდი იზიარებს ბევრ კრიტიკულ მოსაზრებას და აცნობიერებს ესგ-ის განხორციელებაში არსებულ მრავალ პრობლემას კომუნიკაციის სირთულეებისა და რესურსების სიმწირის ჩათვლით. თუმცა, სამმართველოს წარმომადგენელთა თქმით, დიდ პრობლემას წარმოადგენს კონსტრუქციული უკუკავშირის სიმწირე, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული წინადადების და შემოთავაზებების არარსებობა.
“ეს მიუთითებს თვით რეფორმის პროცესის არასწორ დაგეგმვაზე, მასში ექსპერტების, სკოლის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის სისტემური მექანიზმების არარსებობაზე”, – ვკითხულობთ CTC-ის (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი) მიერ მომზადებულ კვლევაში – „ზოგადი განათლების რეფორმები საქართველოში და „ერთიანი სკოლის“ მოდელი“.
მესამე თაობის ესგ-სა და ახალი სკოლის მოდელის მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციათა შორის არის „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და კომუნიკაციის პრობლემები.
ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, ამ მოდელის შეფასება 6 თვეში მოხდა ერთი სკოლის ბაზაზე და ახალი სკოლიე მოდელის წარდგენისას იდეალური შედეგების პრეზენტაცია გაკეთდა:
“როგორ უნდა ვირწმუნო 6 თვეში მიღებული შედეგები, ან კითხვა მაქვს – სად იყო მსოფლიო, თუ ასეთი მოდელი არსებობდა, რომელიც სულ რაღაც 6 თვეში ასეთ შედეგს დებს. ერთი სკოლის აქტივობაზე დაყრდნობით შედეგების განზოგადება არარეალურია საერთოდ, თან იქ ერთ მასწავლებელზე ოთხი ქოუჩი იყო მიმაგრებული და ასეთ შედეგებს როგორ ვაზოგადებთ სხვა სკოლებზე?”, – კითხულობს სკოლის ხელმძღვანელი კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვისას.
რაც შეეხება ადამიანური რესურსის პრობლემას, გამოკითხული ფოკუს ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი სკოლის მოდელის გაფართოება ძალიან სწრაფად მოხდა და მასწავლებელთა განცხადებით, თუ დასაწყისში ერთ სკოლაზე 4 ქოუჩი იყო მიმაგრებული, შემდგომში 10 სკოლაზე იყო 4 ქოუჩი და ხშირად ონლაინ ვებინარები ტარდებოდა პირისპირ შეხვედრების ნაცვლად. მასწავლებლები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ არ არის შესაძლებლობა, ყველა სკოლაში საგნობრივი ექსპერტები ჩაერთონ გეგმის დანერგვაში.
“თუმცა უმრავლესობას არ ჰყავს ეს ექსპერტები, მხოლოდ მატრიცას გვაწვდიდნენ და
ონლაინ შეხვედრები იყო, რაც ამ მოდელის დანერგვისთვის ნამდვილად არაა საკმარისი.
“ახლა სკოლების მხარდაჭერა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ფბ ჯგუფში თვეში
ერთხელ გააზიარებს კოორდინატორი რაღაც რესურსს, – რასაც ისედაც ვნახავდით ჩვენ,
სხვა არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს”, – ასეთია სკოლის ფოკუს ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაცია.
“იმ სკოლებში, სადაც დანერგვა წინა წლებში მიმდინარეობდა, ანუ როგორც მათ უწოდებდნენ
„ჩართულ სკოლებში“, უფრო რეგულარული კომუნიკაცია არსებობს ქოუჩებთან. ხოლო იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სკოლები დანერგვის პროცესში არ მონაწილეობენ,
აცხადებენ, რომ დახმარება მხოლოდ ონლაინ ჯგუფებში ინფორმაციის განთავსებით შემოიფარგლება. სასწავლო გეგმების სამმართველოს წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემა არის ისიც, რომ არ არსებობს ქოუჩების გაწვრთნის თანმიმდევრული სისტემა.
ინტერვიუებში აღინიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ესგ-ის დანერგვაში მხარდაჭერის ფუნქცია
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს შეეთავსებინათ, თუმცა ამჟამად მათ ამის ადამიანური თუ დროითი რესურსი და კომპეტენცია არ გააჩნიათ”, – წერია კვლევის ანგარისში.
რაც შეეხება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძლიერ მხარეს, ამაზე კვლევაში მოკლე ჩანაწერია:
“მესამე თაობის სასწავლო გეგმის ძლიერ მხარეებზე საუბრისას, პროცესის მონაწილე პირების და ექსპერტების მხრიდან ძირითადად ოთხი საკითხი გამოიყოფა: 1. ზოგი ექსპერტი, ისევე, როგორც ბევრი მასწავლებელი, თვლის, რომ პრინციპები და იდეა, რომლებიც საფუძვლად უდევს ახალ სასწავლო გეგმას, მიზანშეწონილი და გამართულია. დადებითად ფასდება ის, რომ სასწავლო გეგმა კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. 2. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოსწავლეზე ორიენტირება ამ მოდელში ბევრად უფრო მკაფიოდ არის გამოხატული, ვიდრე მის წინამორბედებში და იძლევა მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. 3. ასევე აღნიშნავენ, რომ წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები ძალიან ნათლად არის განსაზღვრული და „გრძელვადიან მიზანს უფრო ხედავს პედაგოგი“. 4. ფოკუსურ ჯგუფებში ასევე გამოვლინდა, რომ მასწავლებლები აფასებენ ამ მიდგომის პრაქტიკასთან კავშირს, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, „არ იყოს მიბმული წიგნზე“. განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებენ მესამე თაობის სასწავლო გეგმას 150-ე სკოლის პედაგოგები, რაც არ არის გასაკვირი, რადგან გეგმის პილოტირება თავდაპირველად ამ სკოლაში განხორციელდა”.
კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები არ არის გაერთიანებული ერთი სტრატეგიული მიზნის ქვეშ. მათი განხორციელების გზები და სტრატეგიები ნაკლებ თანხვედრაშია და მათ შორის კოორდინაციის და ჰარმონიზაციის ხარისხი ძალზე დაბალია. ამ კუთხით კვლევა რიგ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება