GE

„საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები სულ სხვა დანიშნულებით შეიქმნა და ყოველთვის სხვა ამოცანებს ემსახურებოდნენ“ – განათლების კოალიციის ახალი ინიციატივა

განათლების კოალიცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს, „საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის“ ახორციელებს. პროექტის მიზანი განათლების რეფორმის მხარდაჭერაა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსაც უკავიათ.

პროექტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

1. რესურს-ცენტრების საჭიროებების კვლევა მათი ორგანიზაციული განვითარებისათვის;
2. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და სკოლის დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერისათვის.

„ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარია“ – ამ ლოზუნგით ებმება „მმართველობის რეფორმების ფონდი“ აღნიშნულ პროექტში. ფონდის პროექტის მენეჯერი, სალომე ოდიშარია თვლის, რომ მათი ორგანიზაციისთვის ამ ტიპის მხარდაჭერა მნიშნელოვანია, რადგან ძლიერი რესურსცენტრები უკეთეს დახმარებას გაუწევენ სკოლებს მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამის უკეთ გადაცემასა და ხარისხიანი განათლების მიღებაში.

მისი განცხადებით, ხარისხიანი განათლება რომ საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, ეს ხაზგასმულია გაეროს განვითარების მე-4 მიზანში. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს მასწავლებელი. პედაგოგთა პროფესიული განვითარება, მათი ახალი უნარების შეძენა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც, მნიშნელოვანია რესურს-ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც ძირითადად სკოლის ბაზაზე პროფესიული სისტემების განვითარების მხარდაჭერისათვის არის შექმნილი. ძლიერი რესურს-ცენტრები კი, უკეთეს დახმარებას გაუწევენ სკოლებს მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამის უკეთ გადაცემასა და ხარისხიანი განათლების მიღებაში.

“ჩვენი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჭიროების ანალიზი, ფუნქციური განვითარება რესურს-ცენტრების, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პედაგოგების გადამზადებას, მათი უნარების გაძლიერებას და რესურსცენტრების ფუნქციაც უფრო გამოიკვეთება. ძლიერი რესურსცენტრები უფრო მეტად შეძლებენ გარკვეული ტიპის დახმარების გაწევას სკოლებისათვის. რესურს-ცენტრების საჭიროების ანალიზმა გამოკვეთა რა ფუნქციური ნაპრალებია და სად უნდა მოხდეს გაძლიერება როგორც სისტემური თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით.

“როგორც წესი, ინსტიტუციური განვითარება ახალ საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს. კოვიდის გამო ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც ონლაინ სწავლებაზეა გადასული საგანმანათლებლო პროცესი ყველა დონეზე. შესაბამისად, ყოველი ინსტიტუცია საჭიროებს განვითარებას, გაძლიერებას, რაც ბუნებრივი პროცესია. რა საჭიროებაც 5-10 წლის წინ იყო, გარემოებების გამო შეიცვალა, მით უმეტეს, როდესაც პანდემიის პერიოდში გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, რესურსცენტრები ახალ გამოწვევებს მოქნილად უნდა მოერგონ და შესთავაზონ თავიანთი მხარდაჭერა სკოლებსა და მასწავლებლებს, რითიც წვლილი შეიტანონ განათლების ხარისხის განვითარებაში“, – ამბობს სალომე ოდიშარია.

აღნიშნული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება დეკემბრის ბოლოს გაიმართება. მანამდე კი, განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია, EDU.ARIS.GE-ს მოუყვა იმ ამოცანებზე, რაც მათ წინაშე დადგა.

მისი თქმით, პირველი ამოცანა საგანმანათლებლო რესურსცენტრების საჭიროებების კვლევაა. ანუ, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელი მდგომარეობით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მიმდინარე ფუნქციის შესრულების დროს და რა გამოწვევებს ხედავენ ისინი მათი განახლებული ფუნქციის შესრულებაში. განახლებული ფუნქცია გულისხმობს სკოლების ინსტიტუციურ მხარდაჭერას და ამ კუთხით რა გამოწვევები ექნებათ – ფინანსური, ადამიანური თუ სხვა. ამას მიმოიხილავს საჭიროებების კვლევა.

“ამ კვლევაზე დაყრდნობით, ასევე ვმუშაობთ რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე. ახალი კონცეფცია გულისხმობს იმას, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს სასკოლო განათლების სისტემაში და კონკრეტულად, სკოლების გაძლიერების მიმართულებით. ეს არის მეორე ამოცანა, რომლისთვისაც ჯერ ჩვენ მოვემზადებით და შემდეგ სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ.

მესამე ამოცანა: როდესაც ვსაუბრობთ რესურს-ცენტრებისა და სკოლების გაძლიერებაზე, იგულისხმება ის, რომ ჩვენ ვატარებთ სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს სკოლის დირექტორებისთვის და რესურსცენტრებისთვის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მიმართულებით. სკოლის დირექტორებს ვაცნობთ მიდგომებს, თუ როგორ უნდა დანერგონ სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების კულტურა, სისტემა. არის სხვადასხვა მიდგომები. მაგალითად, ინსტრუქციული ქოუჩინგი, მენტორინგის პროგრამა, სასწავლო ჯგუფების პროგრამა და ა.შ. ანუ, კონკრეტულ მიდგომებზე ველაპარაკებით, რომელიც შეიძლება დანერგო და სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყო ხელი. სხვა შემთხვევაში, გამოცდილება, პრაქტიკა, კვლევა აჩვენებს, რომ ფრაგმენტული ტრენინგები მასწავლებლებისა, არ არის მაინცდამაინც შედეგის მომტანი და ფუჭი რესურსია, კონკრეტულ ინდივიდზეა მიბმული და არა – სკოლაზე“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

განათლების კოალიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სკოლას შიგნით ჰქონდეს ისეთი ტიპის სისტემა, რომელიც მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გზამკვლევი, რომელსაც რესურს-ცენტრებსა და დირექტორებს გააცნობენ და დისკუსიებსაც გამართავენ. ამავე თემატიკაზე დაწყებულია ასევე რამდენიმე ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნა, რომელსაც ჯერ რესურს-ცენტრებისა და სკოლის თანამშრომლები და შემდეგ საჯაროდაც გამოქვეყნდება.

განათლების კოალიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რესურს-ცენტრებთან დაკავშირებული კვლევა ფაქტობრივად დასრულებულია. კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი, ის არის, რომ რესურს-ცენტრები შეიქმნენ სულ სხვა მიზნით და რეალურად ინფორმაციის გამტარის ფუნქციას ასრულებენ.

„დღევანდელი რესურს-ცენტრები ეს უფრო ტექნიკური მხარდაჭერაა სკოლებისთვის, ვიდრე შინაარსობრივი. მომარაგება ევალებათ ძირითადად, თუ რომელიმე სკოლას რაიმე აკლია და ა.შ. სკოლების შინაარსობრივ განვითარებას რესურს-ცენტრები ხელს ვერ უწყობენ. ეს აშკარად ჩანს და დანარჩენს უკვე კვლევის დოკუმენტედან შეიტყობთ. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ამ პროექტით სისტემურ ცვლილებებს მოვახდენთ, მაგრამ ამბიცია კი გვაქვს, რომ ამ პროცესებს ხელს შევუწყობთ, რეფორმის პროცესსაც, რესურს-ცენტრების ახალი როლის ჩამოყალიბებასაც“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

ჭანტურიას ინფორმაციით, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს რესურს-ცენტრებთან დაკავშირებული კვლევითი დოკუმენტი და ეს იქნება იშვიათი დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც უკვე გააზრებულად შეგვეძლება ვისაუბროთ მათ როლზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური