GE

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს განათლების სამინისტროს რეგიონალური კოორდინაციის სამმართველო გააკონტროლებს – მინისტრის ბრძანება

18 დეკემბრიდან განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფლებამოსილება გახდა.

შესაბამის ბრძანებას, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოაწერა ხელი.

ბრძანებაში საუბარია რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოზე, რომელსაც არაერთი ფუნქცია და უფლებები აქვს მინიჭებული.

რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პერიოდული და გადაუდებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემა;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება;

დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;

ე) სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინაცია;

ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გარემოს მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ბრძანების თანახმად, რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. გაწერილია მისი მოვალეობებიც.

რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობები:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებამოსილებათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;

ე) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

ვ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ზ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა შესრულებისათვის;

თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის ან უარის გაცემის თაობაზე და ხელს აწერს შესაბამის კორესპონდენციას.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

ვინაიდან მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედებულია, EDU.ARIS.GE ცდილობს გაარკვიოს, ვინ ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს განათლების სამინისტროს რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს.

ასევე იხილეთ:

რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური