GE

რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე აცხადებს, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ამ სახით, რაც დღეს არის, უნდა გადაიხედოს.

ამის შესახებ მან 26 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე გამართული მოსმენის ფარგლებში ისაუბრა, სადაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო საკომიტეტო სხდომაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია/ანგარიში მოისმინეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს.

კახა ერაძემ დეტალურად ისაუბრა რა ვადებში და რა დოზით გაძლიერდება სკოლების ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილებები და ვისთან იქნებიან ისინი ანგარიშვალდებული.

ამ მომენტისთვის არსებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც კომიტეტზე წარმოადგინეს, 2022 წელს, 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პილოტირება. საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად 2023 წლისთვის შეირჩა 397 საჯარო სკოლა. ავტორიზაციის სიმულაციური შეფასება განხორციელდა 3 საჯარო სკოლაში. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს 250-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო წარმოება

რატომ გახდა საჭირო რესურსცენტრების ჩართულობა – ორი მიზეზი

კახაბერ ერაძის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ორი გარემოების გამო. პირველი და პრაგმატული მიზეზი არის, რომ ხარისხის ცენტრისთვის 2086 ადმინისტრაციული წარმოება თავისი მასშტაბით არის სამუშაო, რასაც ისინი 6 წელიწადში აკეთებდნენ ხოლმე. ეს კი ათჯერ აღემატება აქამდე არსებულ დატვირთვას.

„ჩვენ საკუთარი რესურსით ვერ გავწვდებოდით ამას. პირველი და სუფთა პრაგმატული მიზეზი რესურსცენტრების ჩართულობისა ეს არის. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი ეს გახლავთ, რომ რესურსცენტრის შესაძლებლობის გაზიარება გაიზარდოს. პირველ ეტაპზე რესურსცენტრებს ვრთავთ მხოლოდ საავტორიზაციო ვიზიტში და მათ არ აქვთ შინაარსობრივი შეფასების როლი და ფუნქცია, არამედ აქვთ პროცესის ფასილიტაციის ფუნქცია. რესურსცენტრმა უნდა შეასრულოს ფასილიტატორის როლი, რომ სკოლამდე ექსპერტებმა კომუნიკაცია სათანადოდ დაამყარონ, რომ ეს იყოს მხარდაჭერითი პროცესი. შესაბამისად, აქ დიდი შინაარსობრივი კვალიფიკაცია რესურსცენტრის წარმომადგენელს არ მოეთხოვება, თუმცა მიმდინარეობს მათი ტრენინგები და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან“, – განმარტა კახაბერ ერაძემ.

სადამდე იგეგმება საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გაზრდა – EQE-ს გეგმა წლის ბოლომდე

სისტემა მხოლოდ ზემოთქმულით არ აპირებს, რომ დაასრულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის როლი ზოგადად, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში და როგორც კახა ერაძე ამბობს, ეს პირდაპირ მიემართება რესურსცენტრის განახლებულ ფუნქციასაც:

„რესურსცენტრი ამ სახით, რაც დღეს არის, უნდა გადაიხედოს. იმიტომ, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი ამ ფუნქციებს ასრულებდა იმის გამო, რომ ჩვენ საჯარო სკოლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი არ გვქონდა ქვეყანაში. არამარტო რესურსცენტრის, არამედ ბევრი უწყების როლი უნდა გადაიხედოს, რადგან როდესაც გარე შემფასებელი შემოდის (განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი EQE), სულ სხვა ფუნქციებით შეიძლება დაიტვირთონ დანარჩენები. ვთქვათ, ინსპექტირებით იყვნენ დაკავებული – მათ შორის რესურსცენტრები და ა.შ. ამიტომ, ეს როლი გადაიხედება. უკვე წლის ბოლოდან, ჩვენ რესურსცენტრებს უფრო გაძლიერებული კომპეტენციით ვხედავთ ამ პროცესში“.

რა იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრის, როგორც მაკონტროლებლის ფუნქციები ავტორიზაციის პროცესში

„პირველი, ეს გახლავთ სკოლების თვითშეფასება, ჩვენ ამას მუდმივად ვერ გავაკეთებთ ცენტრალურ დონეზე, მომავალში ეს რესურსცენტრებმა უნდა გააკეთონ. ანუ, მხარდამჭერი ექსპერტი კი აღარ წავა EQE- დან, რესურსცენტი იქნება მხარდამჭერი. გააგრძელებენ მონაწილეობას ასევე წარმოებებში, ფიზიკურ ვიზიტებში და ყველაზე მთავარი, რასაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ სკოლა შეიმუშავებს საკუთარი განვითარების გეგმას და ის ამ პირობით შეიძლება გავიდეს ავტორიზაციაზე, როცა მას ნაწილობრივი ან მეტწილი შესაბამისობა ექნება. ანუ, ამბობს, რომ ამ ვადაში მე ამას გავაკეთებ. აი, აქ იქნება რესურსცენტრის ძალიან დიდი როლი“.

როგორც კახა ერაძე განმარტავს, საგანმანათლებლო რესურსცენტრი კონკრეტულ სკოლას უნდა დაეხმაროს ადეკვატური შესაბამისობის გეგმის შემუშავებაში და მერე ამ გეგმის მონიტორინგი განახორციელოს.

„თორემ, ორი წლის შემდეგ რომ მონიტორინგი წავა და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამ გეგმის მიხედვით სკოლას არაფერი გაუკეთებია, დადგება სხვა საკითხი ავტორიზაციისა… ამიტომ, რესურსცენტრი ამ ორი წლის განმავლობაში სკოლას ინტენსიურად უნდა ემუშაოს. მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა სკოლის მხარდაჭერა და მეორე, რესურსცენტრის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ბევრ სკოლას ერთნაირი საჭიროება დაუიდენტიფიცირდეს და ამიტომაც, კონსოლიდირებული მიდგომა ამ საჭიროებებთან უფრო ხარჯთეფექტურია, რომ რესურსცენტრის დონეზე მოხდეს, ვიდრე ცალ-ცალკე სკოლებმა უზრუნველყონ… თუნდაც შესყიდვები…“.

როდის, როგორ და ვის მიერ გაკონტროლდება რესურსცენტრის შესრულებული სამუშაო

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რესურსცენტრის სამუშაო, ფაქტობრივად, ავტორიზაციის პროცესში სკოლის მიერ შესრულებული სამუშაო პროცესის პოსტმონიტორინგი იქნება თუმცა ცხადია, საგანმანათლებლო რესურსცენტრიც პასუხისმგებელი იქნება მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე.

„ამიტომ, ბუნებრივია, რესურსცენტრის როლი გაზრდილი და მნიშვნელოვანი იქნება და ამას მოჰყვება მათი პერსონალის გადამზადება. დღეს ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ ისინი ადეკვატური შესაბამისობის გეგმებს შეიმუშავებენ, ან იქნებ შეიმუშავებენ, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, ისინი არასდროს ყოფილან ამაში ჩართული. რესურსცენტრის, როგორც სკოლის მხარდამჭერის როლის გადამოწმება კი ორი წლის თავზე, განათლების ხარისხის ცენტრის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგით მოხდება. სკოლაც და საგანმანათლებლო რესურსცენტრიც ერთნაირად პასუხისმგებელი იქნებიან ამ საკითხებზე“, – განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას კახაბერ ერაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. 2014-2022 წლებში ავტორიზაცია სულ 5-მა საჯარო სკოლამ გაიარა.

ამავე თემაზე:

საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების საავტორიზაციო პროცესშიც იზრდება

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური