GE

საგანს „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან 18 სკოლაში შეიტანენ, „რაგბის“ კი 150-ში – რა ცვლილებებით იწყება 2022-2023 სასწავლო წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით, წელს იწყება ახალი საგნის – „სამხედრო საქმე“ შესწავლა. საგნის პილოტირება მოხდება და პროგრამაში ჩაერთვება მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უწყების მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში ისაუბრა.

„სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, – განმარტავს განათლების სამინისტრო.

სიახლეა სკოლაში სპორტის გაკვეთილების კუთხითაც, რის ფარგლებშიც, ზოგიერთ სკოლაში რაგბი სავალდებულო სპორტული სახეობა იქნება.

განათლების სამინისტრო 2 085 სკოლისთვის რაგბის სათამაშოდ საჭირო სპორტული აღჭურვილობის შეძენას გეგმავს

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა“, – წერს განათლების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებამ გამოაქვეყნა იმ სიახლეებისა და ცვლილებების ჩამონათვალიც, რომელიც 2022-2023 სასწავლო წელზე გავრცელდება, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია:

  • პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
  • საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს.
  • 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება.
  • ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება.
  • იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
  • X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.
  • 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის.
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში.
  • 2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები.
  • ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.
  • 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ.
  • 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს.
  • 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან.
  • 15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი.
  • ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.
  • 2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.

ასევე იხილეთ:

2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 60-მდე საჯარო სკოლა ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმში ისწავლის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური