GE

„საკმაოდ ცხელი თვე გველის“ – როგორი ტემპერატურის პირობებში მოუწევთ გამოცდების ჩაბარება 2023 წლის აპლიკანტებს

2023 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. წელს გამოცდებს ჩააბარებენ მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები და საგრანტო და სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები. ზაფხულის გამოცდებზე წელს ჯამურად 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ზაფხულის პერიოდი სიცხით გამოირჩევა, რამაც შესაძლოა, გამოცდის მონაწილეებისა და მათი გულშემატკივრების დისკომფორტი გამოიწვიოს.

ივლისის თვის ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE სინოპტიკოსსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს, 29 ივნისს ესაუბრა. მისი თქმით, ივლისის თვის პირველი ნახევარი შედარებით უფრო ცხელი იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის, მაღალი ტემპერატურა მეორე ნახევარშიც შენარჩუნდეს.

„თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურა სავარაუდოდ 37-39 გრადუსამდე მოიმატებს, ასეთია პროგნოზი. ნალექებს რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოში საშუალო კლიმატურ ნორმასთან ახლოს არის მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში ნალექი შედარებით მცირე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ცხელი თვე გველის“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან 1 ან 2 გრადუსით მეტი შესაძლოა იყოს. მისივე რეკომენდაციით, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, სასურველია აბიტურიენტებმა მეტი სითხე მიიღონ და მზეში სიარულსაც აარიდონ თავი.

EDU.ARIS.GE– სთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ დააზუსტეს, რომ არცერთ საგამოცდო სექტორში გაგრილების პრობლემა არ იქნება და ყველა სივრცე აღჭურვილია შესაბამისი საშუალებებით.

სტატისტიკის თანახმად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური