GE

სამეურვეო საბჭოს არჩევის პრინციპი საჯარო სკოლებისთვის – დოკუმენტი

2019 წლის 17 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლები ახალ სამეურვეო საბჭოებს აირჩევენ. საარჩევნო პროცედურა სრულად არის გაწერილი კანონმდებლობით. EDU.ARIS.GE – წარმოგიდგენთ “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულებას. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. გადამწყვეტი ეტაპი კენჭისყრის დღის პროცედურები და გამარჯვებული გამოვლენაა:

კენჭისყრის ჩატარება:

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს ფოტოსურათიან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამომრჩეველთა სიაში მოწმობის ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;

გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს;

დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას და საარჩევნო ბიულეტენში წერს სასურველი კანდიდატის სახლს, გვარსა და სარეგისტრაციო ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;

ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი ბიულეტენი აქვს;

ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) კანდიდატის წარმომადგენლის;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.

7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება 16 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

გამარჯვებულების გამოვლენა:

1. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი, სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები – 6 წევრი.

2. იმ სკოლებში, რომლებშიც სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა სამეურვეო საბჭოს 8 წევრი.

3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.

4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.

5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.

6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში – 6 მშობელი.

7. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

იხილეთ სრული დოკუმენტი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური