სამინისტრო ამტკიცებს, რომ დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება მოსწავლეთა სულ 10%–ს, მაგრამ კვლევას მალავს
პანდემიის შემდეგ შექმნილი ვითარების გამო, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ბავშვი საგანმანათლებლო პროცესის მიღმა დარჩა. ინტერნეტთან წვდომის, ან საჭირო მოწყობილობის არქონის პრობლემა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების მოსწავლეებს არ აქვთ და იუნესკოს მონაცემებითაც, ეს გლობალური პრობლემაა.
მდგომარეობა ამ მხრივ სახარბიელო არც საქართველოშია, თუმცა ზუსტი მონაცემები რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლებაზე და ვერ იღებს განათლებას, ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუსახელებიათ. განათლების მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, თუმცა უწყება კვლევას მალავს, ან ამის მიზეზი ისაა, რომ კვლევა არ ჩატარებულა, ან ის, რომ მისი შედეგები გაკეთებულ განცხადებას არ ესაბამება.
მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ განათლების სამინისტრომ ჩაატარა კვლევა და ოჯახების დონეზე იდენტიფიცირდა ის ბავშვები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ონლაინ სწავლებაზე. დგებუაძის თქმით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა საქართველოს მოსწავლეების მხოლოდ ათ პროცენტს შეადგენს.
„კარგად ვიცით, კვლევა ჩავატარეთ, იდენტიფიცირებული გვაქვს ოჯახის დონეზე სად არის ინტერნეტი, ვის აქვს წვდომა და ვის არა. ეს არის დაახლოებით მოსწავლეების 10 პროცენტი და ეს არის ყურადღებამისაქცევი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
EDU.ARIS.GE კვლევის დეტალებით დაინტერესდა, რადგან წესით კვლევა უნდა პასუხობდეს იმ კრიტიკულ შეკითხვებს, რომლებიც სამინისტროს მიმართ ისმის – რა სახის პრობლემები გამოკვეთა კვლევამ? ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა პრობლემა თუ არასაკმარისია ტექნიკური რესურსი? რომელ რეგიონებშია განსაკუთრებულად ეს პრობლემა? სოციალური სტატუსი რამდენად განსაზღვრავს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობას საქართველოში და ა.შ.
მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტრო კვლევას არ ასაჯაროებს და საჯარო კვლევის გამოქვეყნების ნაცვლად ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვისკენ მოგვიწოდებენ.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება