GE

სან დიეგოს უნივერსიტეტში წელს ჩარიცხული 150-ზე მეტი აბიტურიენტი სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო (SDSU) იწყებს განაცხადების მიღების მეორე ეტაპს დაფინანსების მოსაპოვებლად საქართველოში არსებულ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, SDSU-საქართველოს პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიპოვოთ სრული (100%-იანი) ან ნაწილობრივი (75%-იანი, 50%-იანი და 25%-იანი) დაფინანსება. დაფინანსების მოპოვებისთვის აუცილებელია SDSU-საქართველოს ფინანსური დახმარების განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება. წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან 150-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა – 2015 წლის 25 ივნისი.

,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC), საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. ლექციებს SDSU-ს ამერიკელი პროფესორები ჩაატარებენ. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით,” – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამები განხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. საქართველოს მოქალაქეები პროგრამებზე ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. 2015 წელს გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • ქიმია/ბიოქიმია – (კოდი 0010112) 50 ადგილი;
  • ელექტრული ინჟინერია – (კოდი 0010111) 50 ადგილი;
  • კომპიუტერული ინჟინერია – (კოდი 0010111) 50 ადგილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • ელექტრული ინჟინერია – (კოდი 0100405) 50 ადგილი;
  • კომპიუტერული ინჟინერია – (კოდი 0100405) 50 ადგილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:

  • ქიმია/ბიოქიმია – (კოდი 0031102) 50 ადგილი;
  • ელექტრული ინჟინერია – (კოდი 0031101) 50 ადგილი;
  • კომპიუტერული ინჟინერია – (კოდი 0031101) 50 ადგილი.

საქართველოს მოქალაქეებისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს. SDSU-საქართველოს სტუდენტებს, აგრეთვე, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. სტუდენტები ამ შემთხვევაში გადაიხდიან სწავლის იგივე საფასურს, რასაც საქართველოში.

შევსების პროცედურებთან დაკავშირებით ან დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 229 08 20, 593498512, ან მიბრძანდეთ ოფისებში ღია კარის დღეზე ყოველ სამშაბათს და პარასკევს 14:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N101 და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი, ოთახი N107.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური