„SANGU ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველა სტუდენტი მნიშვნელოვანია, აქ ყველას შეუძლია თავი დაიმკვიდროს“
SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი გურამ ლომიძე უკვე სტიპენდიანტია. ის გამოცდოლებას გვიზიარებს და გვესაუბრება სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
პირველი კურსის მეორე სემესტრში უკვე სტიპენდიანტი ხარ. გვიამბე, როგორ შეძელი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო სტიპენდიის აღება, ამის შესახებ ისტორიის პროგრამის კოორდინატორმა გამაგებინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიგრძენი, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ამ ფაქტმა კი ჩემში გამოიწვია უდიდესი მოტივაცია. ვცდილობ, მუდმივად მომზადებული ვიყო ლექცია-სემინარებისთვის. ამან კი, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო, მოვინდომე და წარმატებასაც მივაღწიე.
როგორ მიიღე SANGU-ში ჩაბარების გადაწყვეტილება?
SANGU-ს არჩევა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. დიდი ხანი ვიფიქრე, სად გამეგრძელებინა სწავლა, არჩევანი კი ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერე. როდესაც აბიტურიენტების ცნობარიდან შევიტყვე SANGU-ს შესახებ, ძალიან დამაინტერესა და ვცდილობდი ინფორმაციის შეგროვებას უნივერსიტეტის შესახებ. ძალიან კარგი და დადებითი შეფასებები მივიღე. SANGU-ს ხშირად ვირტუალური ტურით ვათვალიერებდი, მისი გარემო, დიზაინი, აუდიტორიები ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო და მეც ავირჩიე ის.
რატომ აირჩიე ისტორიის მიმართულება?
ისტორია ძალიან მიყვარს. სკოლის ასაკიდანვე შემაყვარა ჩემმა მასწავლებელმა და, ალბათ, პროფესიის არჩევაზეც საგნის სპეციფიკურობამ იქონია გავლენა.
ძალიან მომწონს და მოტივაციას მაძლევს, როდესაც სხვადასხვა ისტორიული პირის ცხოვრებას ვეცნობი და აღმოვაჩენ საინტერესო ფაქტებსა თუ დეტალებს. ისტორია ხომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მოვიყვან ილიას ჭავჭავაძის სიტყვებს: „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“.
გაამართლა SANGU-მ ამ მიმართულებით შენი იმედები?
დიახ, SANGU-ს ისტორიის პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალი დონის აკადემიური პერსონალით. ლექტორები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ საკითხის საფუძვლიანად გაანალიზებაში, გიჩვენონ ფაქტის დადებითი და უარყოფითი შედეგები, რაც ხელს უწყობს კრიტიკული ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, სწავლის ხარისხმა და ლექტორებმა ნამდვილად გაამართლეს ჩემი იმედები და ვიღებ შესაბამის სრულფასოვან განათლებას.
აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობ, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობ, როგორ ახერხებ სწავლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას?
ვფიქრობ, მთავარი დროის სწორი მენეჯმენტია. ვცდილობ, რომ აქტიური ვიყო სტუდენტურ ცხოვრებაშიც და ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში, რადგან ეს მივითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას და კომპეტენციას. სკოლის პერიოდშიც ჩართული ვიყავი სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ სკოლის დაგეგმილ პროექტებში. ეს ყველაფერი კი მეხმარება უფრო კომუნიკაბელური ვიყო და სხვადასხვა სიტუაციაში შევძლო თავის დამკვიდრება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ აქტივობებში მონაწილეობა ჩემთვის განტვირთვის საშუალებაცაა.
SANGU შენთვის არის ადგილი, სადაც…
SANGU ჩემთვის არის ადგილი, სადაც თითოეულ სტუდენტს შეუძლია ხარისხიანი განათლება მიიღოს, ეს არის ადგილი, სადაც ოჯახურ გარემოს იგრძნობ, აქ ყველა სტუდენტი მნიშვნელოვანია, აქ ყველას შეუძლია თავი დაიმკვიდროს, წარმოაჩინოს თავისი უნარები და მიაღწიოს განათლების უმაღლეს მწვერვალებს.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი