GE

SANGU-ში ახალი სასწავლო კურსი – სურსათის უვნებლობის სამართალი დაინერგა

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაკა შუბლაძე ფიქრობს, რომ იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც თანამედროვე სამართლის სფეროში ხდება, კვალდაკვალ უნდა მიჰყვებოდეს განათლების სისტემა. მან მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ისეთი მუდმივად აქტუალური საკითხი, როგორიც არის სურსათის უვნებლობა და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შექმნა სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო კურსი.

რა უნარები ექნება კურსდამთავრებულ სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენად მოთხოვნადია შრომის ბაზარზე აღნიშნული დარგის სპეციალისტი და სად შეძლებენ ისინი დასაქმებას, უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაკა, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ სამართლის სფეროში. მუშაობდით იურისტად საჯარო სამსახურში, ასევე, გქონდათ კერძო პრაქტიკა, როდის და რატომ დაინტერესდით სურსათის უვნებლობის სამართლის საკითხებით?

როდესაც იურისტად მუშაობის ხუთწლიანი კერძო პრაქტიკის შემდეგ, 2006 წლიდან, საქმიანობა დავიწყე საჯარო სამსახურში, ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა: ნათლად წარმოჩინდა სურსათის უვნებლობის თანამედროვე, პროგრესული ნორმების იმპლემენტაციის აუცილებლობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე. ევროპული გამოცდილების გაზიარებით და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შეიქმნა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მაკონტროლებელი უწყება. ამ პერიოდიდან დაიწყო სურსათის უვნებლობის, როგორც დარგის, ჩამოყალიბება, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, საერთაშორისო მიდგომების დანერგვა და კადრების აღზრდა, რომლებსაც ევროპული მოთხოვნების შესაბამისად უნდა განეხორციელებინათ სურსათის უვნებლობის კონტროლი.

რამდენად იყო დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან?

ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა, ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სადაც, უმნიშველოვანესი ადგილი უჭირავს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვების საკითხს. მე, როგორც სურსათის უვნებლობის უწყების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამ პროცესებში დასაწყისიდანვე უშუალოდ ვარ ჩართული. ასე დაუკავშირდა ჩემი საქმიანობა ამ საინტერესო სფეროს. გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან, თავის მხრივ, ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად სფეროს, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან.

თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებს, რომ 200-ზე მეტი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს სურსათი, რა თქმა უნდა ამ სფეროს განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენად საინტერესო იყო ამ საქმიანობაში მონაწილეობა?

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული ეს საქმიანობა, არამედ, ასევე, მომხმარებლების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის გაძლიერებასთან. ამასთან, თანამედროვე რეგულაციების შემოღება და სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს არა მარტო შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზრის გაძლიერებასაც, მათ შორის, ევროპული მოთხოვნების დაკმაყოფილებით უზრუნველყოფილი იქნება ექსპორტის ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე მოხვედრა.

როდის გაგიჩნდათ სურვილი მეცნიერულ დონეზე შეგესწავლათ აღნიშნული საკითხი?

იმ გამოცდილებამ, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, გამიჩინა სურვილი უფრო ღრმად, მეცნიერულ დონეზე შემესწავლა ეს საკითხები. გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურია, ვინაიდან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების – ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი პირობაა და სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისგან დაცვას გულისხმობს, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე წელია ამ საკითხების რეგულირება სრულიად ახლებური და თანამედროვე პრინციპებით ხდება. ტერმინი ,,სურსათი“-ც კი რამდენიმე წელია გაჩნდა საკანონმდებლო სივრცეში. ოცდამეერთე საუკუნე სურსათის სამართლის ფუნდამენტური რეფორმის საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს. დარგი ვითარდება ინსტიტუციურად, იქმნება ახალი რეგულაციები, ყალიბდება სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორი ნერგავს ახალ სისტემებს, მომხმარებლის ცნობიერება მაღლდება, თუმცა, მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები და სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა არ არის საკმარისი, რადგან ამ სისტემების განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაც კვალდაკვალ მიჰყვეს ამ რეფორმას.

და ასე შეიქმნა თქვენი ინიციატივით ახალი სასწავლო კურსი – სურსათის უვნებლობის სამართალი…

დიახ, ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის, დარგის განვითარების და პოპულარიზაციის სურვილით და იმის გათვალისწინებით, რომ SANGU დაინტერესებულია სიახლეებით, შეიქმნა სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო პროგრამა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებშიც.

გასათვალისწინებელია ის, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო კურსი წარმატებით მუშაობს და პოპულარულია, საქართველოში კი არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა სურსათის უვნებლობის სამართალი. SANGU არის პირველი უნივერსიტეტი, რომლის სამართლის კურსდამთავრებულები, სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული საგნის საფუძვლიანად შესწავლას შეძლებენ.

რა ცოდნას მისცემს კურსი დაინტერესებულ სტუდენტებს და, გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, პრაქტიკულ კომპონენტსაც თუ ითვალისწინებს იგი?

ასობით ნორმატიული აქტის ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოს, ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც არის დამყარებული სურსათის უვნებლობის სამართალი. ისინი მიიღებენ ცოდნას ამ სფეროში არსებული ევროპული და ქართული რეგულაციების, თანამედროვე მოთხოვნების, რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემის, ბიზნესოპერატორების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე.

სტუდენტები კურსის ფარგლებში ეცნობიან როგორც ევროპულ, ასევე ქართულ სასამართლო პრაქტიკას, ამ სფეროში არსებულ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების და პრევენციის მეთოდებს.

ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სურსათის უვნებლობის სამართალს და სურვილი აქვთ ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში, სტაჟირებას გადიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში, დაესწრონ სააგენტოში ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, სასამართლოში სარჩელების განხილვას და მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტები.
ამ კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იქნებიან კვალიფიციური იურისტები, რომლებიც წარმატებით შეიძლება დასაქმდნენ როგორც კერძო კომპანიებში, ასევე საჯარო სტრუქტურებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან.

რამდენად მოთხოვნადია შრომის ბაზარზე აღნიშნული დარგის სპეციალისტები?

სურსათის სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და განვითარებად სფეროს და გამოირჩევა კვალიფიციური კადრების დეფიციტით. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება შესაბამისი განათლების ადამიანური რესურსი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დარგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, კვალიფიციური კადრების მოძიება სირთულეს წარმოადგენს. ბიზნესოპერატორები, რომლებიც არიან სურსათის მწარმოებლები, გადამამუშავებლები, დისტრიბუტორები და რეალიზატორები, ვალდებული არიან შეასრულონ მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რათა უზრუნველყონ უვნებელი სურსათის ბაზარზე განთავსება და მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვა, რისთვისაც მათ სჭირდებათ კვალიფიციური კონსულტანტები, მათ შორის, იურისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა. სახელმწიფო ორგანოებში, რომლებიც მუშაობენ სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაზე, ასევე, ახორციელებენ მაკონტროლებელ ფუნქციებს. მნიშვნელოვანია, სურსათის უვნებლობის სამართლის მცოდნე სპეციალისტების არსებობა.

SANGU-ს სტუდენტები სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სად შეძლებენ დასაქმებას?

ბოლო პერიოდში სურსათის სფეროში აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორიც, სადაც ასეთივე წარმატებული საქმიანობის პერსპექტივა აქვთ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სურსათის უვნებლობის სამართლის პროგრამა. ვფიქრობ, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს SANGU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებით დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სურსათის უვნებლობის სამართლის პროგრამა სტუდენტებს აძლევს ამ სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცოდნას და, რადგან თითოეული ჩვენგანი მომხმარებელია, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან განათლებული, დაკვირვებული და მომთხოვნი მომხმარებლები და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ სურსათის ბაზარზე ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური