3000 ლარიანი საპრიზო ფონდი – ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონი X–XII კლასის მოსწავლეებისთვის
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6–7 ნოემბერს გაიმართება ორდღიანი MedTech Hackathon, თემაზე – “AI for Care”, რომლის საპრიზო ფონდი 3000 ლარია.
პროექტი განკუთვნილია X–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ რეალურ გამოწვევებზე, შექმნიან პროტოტიპებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და გაეცნობიან მედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალ შესაძლებლობებს.
პროექტს განსაკუთრებულს ხდის შერეული გუნდური ფორმატი: თითოეულ გუნდში იქნებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე – ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები – მედიცინისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლებიდან. თითოეულ გუნდს დაემატება ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც თემატური ცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობით დაეხმარებიან მონაწილეებს იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაში.
ჰაკათონამდე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები, რომლებიც მოიცავს ინტერაქციულ სესიებს ტექნოლოგიების ტენდენციებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებებზე და დარგებს შორის ინტერდისციპლინურ კავშირებზე.
სტუდენტებისთვის ჩატარდება ლიდერული და გუნდური მუშაობის ტრენინგები, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც მენტორად, ისე – აქტიურ მონაწილედ ჩართვაში.
6 ნოემბერს, გუნდები ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში საკუთარი პროექტების პროტოტიპებზე იმუშავებენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებს გამოიყენებენ, მათ შორის 3D პრინტერს და ლაზერულ მჭრელს.
7 ნოემბერს გაიმართება ფინალური პრეზენტაციები (ფიჩინგი) სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ. შეფასების შემდგომ კი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან. პროექტის საპრიზო ფონდი ჯამში 3000 ლარს შეადგენს. საუკეთესო გუნდის მოსწავლეები მიიღებენ ფულად ჯილდოს და იდეის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერას ალტე უნივერსიტეტისგან, ხოლო სტუდენტებს ტექნიკის ვაუჩერებს გადაეცემათ.
პროექტის მხარდამჭერია “4 Hospitals”, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად ჯილდოს. გუნდებთან ერთად დაჯილდოვდებიან სტუდენტი მენტორებიცა და ექსპერტებიც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიც – ნახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს“, – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი გიორგი გაბისონია.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი რუსო სანაძე კი ინიციატივის ინტერდისციპლინურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს:
„MedTech Hackathon აერთიანებს ისეთი დარგების კავშირს, როგორებიცაა მედიცინა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ორივე დარგი თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას: სწრაფად ცვლადი ცვლილებებისა და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებას და სამუშაო პროცესში მათ ინტეგრაციას საჭიროებს. ჰაკათონის მიზანია, დაანახოს მონაწილეებს ინტერდისციპლინური კავშირებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების უპირატესობები, გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა და განუვითაროს გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარები განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“.
პროექტი ერთდროულად აძლიერებს მოსწავლეთა კარიერულ ორიენტაციასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. მონაწილე სტუდენტებისთვის აქტივობა ჩაითვლება როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი და დაეხმარებათ პორტფოლიოს ფორმირებაში დეკანის გრანტისა და სხვა შიდა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 26 ოქტომბრის ჩათვლით ბმულზე.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი