GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორედ გაიმართა „თეთრი ხალათების“ ცერემონია, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ასრულებენ საბაზისო სწავლებას და სამედიცინო დაწესებულებებში კლინიკური სწავლების ეტაპზე გადადიან.

უნივერსიტეტის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუდენტური ასოციაცია MEDMARK CIU-ის მიერ მედიცინის ფაკულტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„თეთრი ხალათების“ ცერემონიას საფუძველი 1989 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაეყარა, ხოლო 1993 წელს პირველად კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა. ღონისძიება მომავალი ექიმებისთვის მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს.

ცერემონიამ 81 სტუდენტი გააერთიანა. თეთრი ხალათის მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის, ეთიკისა და პაციენტის წინაშე არსებული ნდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე, დეკანის მოადგილე ნანა ჯანაშია, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა MEDMARK CIU-ის გუნდმა, რომლის თანადამფუძნებლები მუჰამად ბარაკეტი და კრისან მორეირო არიან. სტუდენტურმა გუნდმა ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო.

ცერემონიის ფარგლებში ხუთ სტუდენტს გადაეცა ჯილდო სხვადასხვა საუკეთესო მიღწევებისთვის (აკადემიური, კვლევითი, ლიდერული, სპორტული). დამატებით, ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ჯილდო (Shield of Appreciation), როგორც მათ მიერ სამედიცინო განათლების გზის მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლილის აღსანიშნავი სიმბოლო.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა თირკმლის დისექციის დემონსტრაცია და შემდგომი ლექცია, რამაც მათ პრაქტიკული კლინიკური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა ერთობლივად წარმოთქვეს ექიმის ფიცი, რაც მათი პროფესიული გზის ახალი ეტაპის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს თეთრი ხალათების მიღებას და პროფესიულ გზაზე წარმატებას უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური