„საქართველოს მასწავლებლებში ნაკლებად გავრცელებულია სასწავლო მასალის დაკავშირება რეალობასთან“
ცნობილია, რომ არსებობს დადებითი კავშირი ზოგიერთ სასწავლო პრაქტიკასა და მოსწავლის სწავლის შედეგებს შორის. ეს სასწავლო პრაქტიკები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგ ოთხ ძირითად სტრატეგიაში: კლასის მართვა, ინსტრუქციების სიცხადე, კოგნიტური აქტივაცია და გაფართოებული აქტივობები.
TALIS-ის კვლევის ფარგლებში მასწავლებლებმა უპასუხეს კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ხშირად იყენებენ ისინი ამ სტრატეგიებს მათ მიერ შერჩეულ სამიზნე კლასში სწავლების დროს. ასევე, TALIS-მა გამოკითხა მასწავლებლები, თუ რამდენად ხშირად იყენებენ ისინი ე.წ. გაფართოებული სახის აქტივობებს თავიანთ სასწავლო პრაქტიკაში. ამ სახის აქტივობები გულისხმობს პროექტებზე და დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეებისათვის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის მიცემას; ამ სახის აქტივობებში ასევე მოიაზრება დავალებების სახით მოსწავლეებისათვის გრძელვადიანი (ერთკვირიანი და უფრო ხანგრძლივი) პროექტების მიცემა.
TALIS-ის გამოკითხვაში მასწავლებლებისათვის დასმულ კითხვებზე (რომლებიც უკავშირდება მასწავლებლის მიერ ნასწავლი მასალის ახალ მასალასთან ბმას, ახალი მასალის პრობლემაზე ან შებრუნებულის საკლასო ოთახის მიდგომაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებას, პროექტებისა და თანამშრომლობითი სწავლების მიდგომების გამოყენებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას და ა.შ. საქართველოს მონაცემები აღემატება ან თითქმის უტოლდება TALIS-ის საშუალო მონაცემებს ისეთ საკითხებში რომლებიც უკავშირდება მოსწავლეზე ორიენტირებული აქტიური სწავლების შემდეგი მიდგომების გამოყენებას: სასწავლო მიზნების დასახვა, მასალის შეჯამება, კრიტიკული აზროვნება, ჯგუფური მუშაობა, ისტ-ის გამოყენება და ა.შ.
საქართველოს მაჩვენებლები ჩამოუვარდება TALIS-ის საშუალო მაჩვენებლებს ისეთ პედაგოგიურ მიდგომებში, როგორებიცაა: პროექტზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო მასალის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
ასევე აღსანიშნავია, რომ TALIS-ის საშუალო მონაცემები აღემატება საქართველოს მონაცემებს საკლასო დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს.
საინტერესოა საქართველოს მასწავლებლების მონაცემების შედარება კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების მონაცემებთან აქტიური სწავლების მიდგომების გამოყენების საკითხში.
კლასში განხორციელებული პედაგოგიური მიდგომებიდან, რომლებსაც მასწავლებელი იყენებს, ფაქტორული ანალიზის შედეგად შეირჩა 7 საკითხი, რომლებიც გაერთიანდა „აქტიური სწავლების მიდგომების გამოყენებაში“.
ამ საკითხებში საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებთან მიმართებით ასეთია:
აქტიური სწავლების მიდგომების გამოყენება, საქართველოს მდგომარეობა სხვა ქყვეყნებთან მიმართებაში
როგორც ვხედავთ, კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მასწავლებლებში ნაკლებად გავრცელებულია აქტიური სწავლების ისეთი მიდგომების გამოყენება, როგორებიცაა: სასწავლო მასალის დაკავშირება რეალობასთან, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. კვლევაში მონაწილე ზოგიერთ ქვეყნის მონაცემებთან მიმართებით საქართველოს მონაცემები ასე გამოიყურება:
მასწავლებლის სასწავლო პრაქტიკის კომპონენტები ქვეყნების მიხედვით:
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე.
2018 წელს (უკანასკნელი კვლევა, რომლის დეტალური ანგარიშიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ავტ.) TALIS-ის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.
საქართველოში კვლევას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება