საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით დავით გურგენიძე აირჩიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორად მეორე, 4-წლიანი ვადით აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია.
სტუ-ის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18 იანვარს, აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან 38-მა ხმა აკადემიკოს დავით გურგენიძის სასარგებლოდ მისცა. აკადემიური საბჭოს 1-მა წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის გამო ვერ მიიღო.
როგორც სტუ-ის რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მეორე ვადაში მისი ერთ-ერთი ამოცანა ინოვაციებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების განახლება იქნება. ასევე, მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნივერსიტეტში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ესახება.
“როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში”, – აღნიშნა რექტორმა.
რაც შეეხება მისი მეორე ვადით რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სიახლეებს, რაც სტუდენტების ინფორმაციით, ნომერ პირველი პრობლემაა, რექტორმა ასე ჩამოაყალიბა:
„უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იქნება მე-6 სასწავლო კამპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისკენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები თბილისის მერიასთან, რის შემდეგაც ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყება.
იგეგმება, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მე-8 სასწავლო კამპუსის სარემონტო სამუშაოები, ხოლო, კომპანია “არემჯის“ თანამონაწილეობით – მე-3 სასწავლო კამპუსის ინფრასტრუქტურის განახლება. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების განვითარება. ამ ჭრილში საშურია, დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად რეაბილიტაცია და უახლესი ტექნიკით აღჭურვა. მიუხედავად მშენებლის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებისა, კოლეჯის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დასრულდება.
უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მომავალ წლებში ეტაპობრივად დასრულდება ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ და შშმ პირების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის – მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, სველი წერტილები. პროექტირების სტადიაშია სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ საყოფაცხოვრებო საკითხები“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება