საქართველოში მასწავლებლების თვითშეფასება ისეთივეა, როგორც ინგლისში და უსწრებს ფინეთსა და იაპონიას – TALIS-ის ბოლო კვლევა
მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით საქართველო ინგლისს უტოლდება და TALIS-ის ბოლო კვლევაში ამ კუთხით მე-14 ადგილზეა.
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა TALIS-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, (რომლის ქართული ვერსიაც ახლა გამოქვეყნდა. ავტ.) ტრადიციულად, ქართველ მასწავლებლებში საკუთარი ეფექტიანობის შეფასებისა და თვითშეფასების მაჩვენებელი მაღალია და ის TALIS-ში მონაწილე ბევრი სხვა ქვეყნის მონაცემს აღემატება.
“საქართველო 2018 წლის კვლევაში მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით ინგლისს უტოლდება და მასთან ერთად TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა. საქართველოში ისედაც მაღალი თვითშეფასების მაჩვენებელი (2013 წელი – 84.8%) გაზრდილია 90.2%-დე, რაც მასწავლებელთა თვითშეფასების ზრდის არც თუ დაბალი მაჩვენებელია. საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნების მხოლოდ 20%-ში ფიქსირდება მასწავლებელთ თვითშეფასების 3%-ზე მაღალი ზრდა, ხოლო იმ ქვეყანების წილი, რომელთა მასწავლებლების თვითშეფასება დაეცა 41%-ია. მაგალითად საფრანგეთში მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებელი კვლევის წინა ციკლთან შედარებით 23%-ით შემცირდა და 2018 წელს საფრანგეთის მასწავლებლების მხოლოდ 71%-ს გააჩნია მაღალი თვითშეფასება.
“საქართველოს მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელი ჩამოუვარდება იტალიის, პორტუგალიის, დანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მასწავლებელთა მაჩვენებლებს, თუმცა სჭარბობს ისეთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მასწავლებლების მაჩვენებლებს, როგორებიცაა: ფინეთი, სინგაპური, იაპონია, კორეა და სხვა. ამასთან საქართველოს მასწავლელებს უკეთესი თვითშეფასება აქვთ ვიდრე ესტონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ხორვატიისა და სხვა ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ანგარიშის თანახმად, თვითეფექტურობის კომპონენტების მიხედვით მასწავლებლის აღქმა 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა 2018 წელსაც, საქართველოს მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ თვლის, რომ კარგად, საკმარისად ან გარკვეულ დონეზე შეუძლია მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩართვასთან, სწავლებასთან და კლასის მართვასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება. მასწავლებლები ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ისეთი მოსწავლეების მოტივირებაში, რომლებიც სკოლისადმი დაბალ ინტერესს იჩენენ (25.1%) და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში (41.3%).
აღსანიშნავია ერთი სხვაობა გასულ კვლევასთან მიმართებაში, TALIS-ის მიხედვით ქართველი მასწავლებლები თავს საკმაოდ მომზადებულად მიიჩნევენ, თუმცა 2013 წლის კვლევასთან შედარებით 2018 წელს მასწავლებელთა თვითრწმენა შემცირებულია.
“2013 წელს მასწავლებელთა თითქმის ნახევარი (46%) თვლიდა, რომ როგორც მასწავლებელი, თავი საკმაოდ მომზადბულად მიაჩნია, რაც გაცილებით მაღალი შედეგიიყო, ვიდრე TALIS-ში მონაწილე ქვეყნების მასწავლებლების თვითრწმენის საშუალო მაჩვენებელი. მასწავლებლები შედარებით ნაკლებად მომზადებულად თვლიდნენ თავს საგნის პედაგოგიკაში, 2013 წელს მასწავლებელთა 39% ამბობდა, რომ საგნის პედაგოგიკაში პრობლემა არა აქვს. მასწავლებელთა თვითრწმენა შემცირებულია 2018 წლის კვლევაში, კერძოდ მასწავლებელთა მხოლოდ 32.5% მიიჩნევს თავს ძალიან კარგად მომზადებულად, ხოლო პედაგოგიკაში მხოლოდ 25%-ს აქვს ძალიან მაღალი თვითრწმენა. მასწავლებელთა ძირითადი კონტიგენტიარ შეცვლილა მიმდინარე ხუთი წლის მანძილზე, მათი ძირითადი სოციო-ეკონომიკური თუ დემოგრაფიული პარამეტრები იგივე დარჩა, ამდენად რთული სათქმელია, რამ განაპირობა მასწავლებელთა თვითრწმენის შემცირება, მაშინ როცა კვლევა აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით მასწავლებელთა უფრო დიდ რაოდენობას აქვს გავლილი პროფესიული გადამზადება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, საქართველოს მასწავლებლების 4.9% ამბობს, რომ დიდ სტრესს განიცდის სამუშაო ადგილზე. დაახლოებით 44%-ს კი სამსახურის გამო დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის. მასწავლებელთა დაახლოებით 5%-მდე მიიჩნევს, რომ სამსახური უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
“საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა სამსახურით უკმაყოფილება მაღალი არ არის, თუმცა მასწავლებელთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პედაგოგის სპეციალობა დაფასებული არ არის. სამუშაოთი კმაყოფილება უფრო მაღალია კერძო სკოლის მასწავლებლებში, რისი ძირითადი განმსაზღვრელიც სავარაუდოდ შედარებით მაღალი ანაზღაურებაა. კერძო სკოლების მასწავლებელთა 37% კმაყოფილია თავისი ანაზღაურებით, მაშინ როცა საჯარო სკოლაში ანაზღაურება 26%-ს აკმაყოფილებს. სხვა პარამეტრების მიხედვით, მასწავლებელთა უკმაყოფილება კერძო და საჯაროს სკოლის მასწავლებელთა შორის არ განსხვავდება. მაგალითად საჯარო სკოლის მასწავლებელთა 85% მიიჩნევს, რომ მიუხედავად სტრესისა და სხვა ნაკლოვანებებისა, მასწავლებლობა მაინც გადაწონის ყველაფერს და ის კვლავ ამ პროფესიას აირჩევდა”, – წერია ანგარიშში.
TALIS-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა სიახლეების მიმართ მიმღებლობის კუთხით. კერძოდ საქართველოს მასწავლებლების 91.9% აცხადებს, რომ ის მზად არის აითვისოს და მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები. შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად ბელგიასა და პორტუგალიაში (59% – 61%) მასწავლებელთა გაცილებით მცირე რაოდენობაა სიახლეებისადმი გახსნილი.
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე.
კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სამუშაოთი კმაყოფილება, მასწავლებლების საქმიანობა სკოლაში, მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები, მიდგომები და დამოკიდებულებები, რათა დაეხმაროს მონაწილე ქვეყნების განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს და ორგანიზაციებს მასწავლებელთაპროფესიის განვითარებაზე მიმართული პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში. TALIS-ის კვლევაში ჩართულ ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სანდო ემპირიული მონაცემები, რომლის ანალიზიც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო ინდიკატორებზე დაყრდნობით გაეცნონ და გააანალიზონ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, გაიზიარონ მათი გამოცდილება და ასევე, იკვლიონ სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო ტენდენციები, ახალი მიმართულებები და გამოწვევები. 2018 წელს TALIS-ის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.
საქართველოში კვლევას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება