GE

საქართველოში ქართული მეორე ენაა? – რა გამოწვევებზე საუბრობს ენის სპეციალისტი

სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ვკითხულობთ: საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენის შესახებ.

ამავე კანონის თანახმად, „სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე“.

ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ოფიციალური ენა ქართულია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენას სამართლებრივი და აღიარებული სტატუსი აქვს, სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ „ის სულ უფრო და უფრო კარგავს მშობლიური ენის სტატუსს და  მეორე ენა ხდება“.

EDU.ARIS.GE შეეცადა, რომ უფრო მეტი გაეგო იმ არგუმენტების შესახებ, რომელიც ამ აზრს განამტკიცებს. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგი თინიკო ლამპარაძე გვიხსნის, რა გვაძლევს საფუძველს ქართულის მეორე ენად მოხსენიებისთვის, რა სირთულეების წინაშე დგას მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა და რა იწვევს ამ სირთულეებს.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ენა?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ენა, ეროვნული იდენტობისა და „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლის“ შენარჩუნების ძირითადი გზაა და ცხადია, მისი დაცვა-გაფრთხილება ჩვენი ბუნებრივი მოვალეობა. მე, როგორც მოქალაქეს, პედაგოგსა და ფილოლოგს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ამ კუთხით და ჩემი წილი ემოციაც. რაკი ძირითადად მოზარდებთან და მოსწავლეებთან მიხდება ურთიერთობა, მაქვს კომპეტენციაც ვთქვა, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართული ენა. ბარბარიზმების, კალკირების, უცხოურიდან შემოჭრილი სიტყვების ხმარება ადრეც იყო, მაგრამ დღეს შეიძლება ვთქვათ 6 სიტყვიანი ფრაზა და იქიდან 3 სიტყვა არ იყოს ქართული. მოზარდებს თუ დააკვირდებით, მათი უმრავლესობა, ვინც კარგად ფლობს უცხო ენებს, ქართულად აღარ მეტყველებს. ზოგჯერ ჟურნალისტების, ტელეწამყვანებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გრამატიკული ნორმების უცოდინარობა, მათ მეტყველებაში უცხოური სიტყვების სიჭარბე და ასეთი მეტყველების ტირაჟირება, კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას.

– რა ქმნის ამ გამოწვევებს, გლობალიზაცია?

– არამხოლოდ გლობალიზაცია. ოჯახებში განათლებისა და მთლიანად საზოგადოებაში წიგნიერების, ქართული ლექსიკის დეფიციტი, ქართველ ავტორთა ნაწარმოებებზე წინ უცხოური, თარგმნილი ტექსტების დაყენება, რომელსაც შესაბამისად ვერ ვთარგმნით და ვტოვებთ ისევ უცხოენოვან შესატყვისებს. ალბათ, ენისა და ზოგადად, ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ ნაკლები პასუხისმგებლობის გრძნობა და საერთო ეროვნული თვითშეგნების კლება.

– თქვენ პედაგოგი ხართ, რამდენად სრულყოფილად სწავლობენ მოსწავლეები მშობლიურ ენას, ეს მათი მზაობის ნაკლებობის ბრალია თუ სწავლებაშიც არის პრობლემები?

– თუ მივიჩნევთ, რომ „დამარხულ არს ენაი ქართული“ და მის სიღრმეს „ჰა და ჰა შოთა თუ ჩასწვდება“, მაშინ რთულია ვილაპარაკო ქართული ენის სრულყოფილად სწავლების შესაძლებლობაზე და, რა თქმა უნდა, არის ამ მხრივ პრობლემები, რომელთა გამომწვევი მიზეზი არის ოჯახიც, მოსწავლის მზაობაც, საგანმანათლებლო-სისტემა, პედაგოგი და მთლიანად საზოგადოებაც. ვფიქრობ, ენაზე ზრუნვა და მოზარდში მშობლიური ენის სიყვარულის აღძვრა ყველა ზემოთ დასახელებულის მიზანი უნდა იყოს. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, როცა პედაგოგების განსაკუთრებული ძალისხმევითა და საინტერესო აქტივობებით, ზოგჯერ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტებით, მშობლების ყურადღებით მოზარდები უახლოვდებიან მშობლიურ ენას და ფლობენ ლექსიკურ მარაგს.

– რა არგუმენტს მოიყვანდით იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართული მეორე ენა“ ხდება?

–  როცა მოსწავლეთა უმეტესობა სიტყვებს: ბანოვანი, ლაზათიანი, უხვი, ტურფა, მდელო და რიჟრაჟი (ვგულისხმობ საბაზო და საშუალო საფეხურს) ვერ განმარტავს და ახალგაზრდა თაობის უმეტესობა  ვერ წერს და მეტყველებს გამართული ქართულით, დიალექტი, რომელიც ქართული ენის ნაწილი იყო ყოველთვის ახალგაზრდა თაობაში ქრება და რატომღაც ყველა საუბრობს დედაქალაქის ენით, ეს რეალობა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

– თუ ქართული მეორე ენაა, მაშინ პირველი რომელია?

– აღვნიშნავ, რომ ქართული მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსსა და მნიშვნელობას, თუმცა ინგლისური ენის პრიორიტეტულობა აშკარაა, ბოლო დროს რუსული ენაც ფეხს იკიდებს.

– არსებობს გზა, რომელიც ქართულს მშობლიური ენის სტატუსს დაუბრუნებს?

– ქართული ენის დაცვისა და შენარჩუნების საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, ისევ და ისევ ხარისხიანი, გამიზნული და შედეგზე ორიენტირებული სწავლებაა. ასევე იმ უცხოური ტერმინებისა და კალკირებული ფორმებისთვის გზის მოჭრა, რომელთა შესატყვისი გვაქვს ენაში. ქართველი ავტორების წიგნებისა და მათი ენობრივი რესურსის საფუძვლიანი შესწავლა-გააზრებაც. „ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსაო“ – ამბობდა შოთა და ჩვენც ყოველგვარი გრძნობა, მისწრაფება და იდეა მშობლიურ ენაზე მარტივად, მოქნილად, ლაზათიანად უნდა გადმოვცეთ.

– მიმართეთ ჩვენს მკითხველს?

– „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო“ – მსგავს მდგომარეობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ და მინდა მკითხველს შევახსენო ვაჟას სიტყვები: „ მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა“, ჩვენს სოფლებსა და დიალექტებში ისევ მოიპოვება ულამაზესი ქართული მარგალიტები და საჭიროა მათი მოფრთხილება – დამახსოვრებაც.

ასევე იხილეთ:

„დღევანდელი სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის“

„ამ რეფორმას განათლებაში, პირველ რიგში, შეეწირა ქართული ენა –აბსოლუტურად უვიცები მოდიან“

ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური