GE

რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა

განათლების აკადემიური დოქტორი, მათემატიკოსი დიმიტრი გოშხეთელიანი მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების შესახებ EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მხოლოდ ახლა აღიარებს იმ პრობლემებს, რაზეც სასკოლო მათემატიკის ათეულობით დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი წლების განმავლობაში უმტკიცებდა უწყებას, თუმცა სამინისტროდან მხოლოდ წინააღმდეგობა ჰქონდა. გარდა ამისა, მათემატიკოსი ითხოვს, რომ განათლების სისტემისგან გასაჯაროვდეს კონკრეტული ინფორმაცია მოსწავლის მიერ კლასების მიხედვით მათემატიკიში შესასწავლი თემების შესახებ.

“მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს:

რატომ არის უკეთესი მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები დაწყებით კლასებში – „მოსწავლე დამოუკიდებელი მეცადინეობისკენ მიგვყავს“

მოგმართავთ, როგორც სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს (I–XII კლასების ჩათვლით) ავტორი და დარგის სპეციალისტი, რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მომავალი თაობის განათლების ხარისხი.

ჩემი მიმართვის საფუძველია ხელისუფლებისა და განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელი საჯარო აღიარება, რომ მოქმედი მათემატიკის სახელმძღვანელოები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, შეიცავს ხარვეზებს და აზიანებს სასწავლო პროცესს. ამაზე მიუთითებს არაერთი მეცნიერი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და მშობელი.

დაახლოებით 17 წელია ვაცხადებ, რომ არსებული პროგრამები, სტანდარტი და სახელმძღვანელოები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას.

სახელმძღვანელოების უხარისხობამ გამოიწვია მოსწავლეთა მეტყველების დეგრადირება. სახელმძღვანელოები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ბავშვის აღქმის ფსიქოლოგიას, აიძულებენ მოსწავლეს გაურბოდეს მსჯელობას და გადავიდეს მექანიკურ დამახსოვრებაზე. რაც ანგრევს მათ ანალიტიკურ და ვერბალურ უნარებს, აზიანებს მოსწავლეთა ფსიქიკას, აქრობს მათ მოტივაციასა და ინტერესს საგნის მიმართ. შედეგად მივიღეთ საგანმანათლებლო კრიზისი, რომლის არსებობა თავად ხელისუფლებამაც საჯაროდ დაადასტურა.

წლების განმავლობაში რამდენჯერმე მივმართე განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, გამოვედი ტელეეთერში, ასევე წარვადგინე საკითხი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდიუმისა და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წინაშე. ვითხოვდი შეხვედრას მინისტრთან, თუმცა უშედეგოდ.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განათლების სისტემის კრიტიკამ და რეფორმების ანონსმა გამიჩინა იმედი, რომ რეალური ცვლილებები დაიწყება. სწორედ ამიტომ, ჩემი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ.

ვინაიდან სამინისტრომ უკვე დაწყებული აქვს სახელმძღვანელოებზე მუშაობა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, სამინისტროს შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა გვამცნონ:

როგორ იქნება პროგრამულად განაწილებული საკითხები ახალ სახელმძღვანელოებში (მათ შორის VII–VIII კლასებში) და წარმოგვიდგინონ შესაბამისი კლასების პროგრამები (სარჩევის დონეზე მაინც), ასევე, თუ შესაძლებელია, მასალათა გარკვეული ნაწილი. აგრეთვე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ I–IV კლასების სახელმძღვანელოები ერთიანად მომზადდეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის გაჭიანურებით დიდი დრო დაიკარგება და საქმე დაზარალდება, მაშინ როცა მათი ერთობლივად შექმნა სრულიად შესაძლებელია.

განიხილონ გამოცდილების გაზიარება: ჩემ მიერ შექმნილი მეთოდოლოგია პრაქტიკაში უკვე გამოცდილია და დადასტურებულია მისი ეფექტურობა მოსწავლეთა მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებისა და გაგების გამარტივების კუთხით.

გამოვთქვამ მზადყოფნას, პირადად წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა და მეთოდოლოგიური მასალა, რაც მნიშვნელოვნად წაადგება თანამედროვე ქართულ სასკოლო მათემატიკურ განათლებას და საშუალებას მოგვცემს, მოკლე დროში მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიმართვას ყურადღებით გაეცნობით და გამოიჩენთ პროფესიულ გულისხმიერებას.

პატივისცემით,
დიმიტრი გოშხეთელიანი
განათლების აკადემიური დოქტორი”.

ასევე იხილეთ:

ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური