სასკოლო ძალადობა ციფრებში
სასკოლო ძალადობა ციფრებში – 2018-2019 სასწავლო წლებში საჯარო სკოლებში დაფიქსირებულია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2580 ფაქტი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) -1209 ფაქტი.
მოზარდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო. 2019 წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის ახალი სტანდარტები ამოქმედდა, რასაც სასწავლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრის და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ხელი მნიშვნელოვნად უნდა შეეწყო. საინტერესოა რას გვეუბნება არსებული მონაცემები და სტატისტიკა და რა შედეგები მივიღეთ ახალი წესების ამოქმედების შემდეგ.
სასწავლო დაწესებულებებში, ძალადობა რომ გარკვეულ პრობლემას წარმოადგეს ამას როგორც გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევები, ასევე სხვადასხვა ინფორმაციაც მოწმობს. მაგალითად, ხშირად გვხდება ამბები იმის შესახებ, რომ სკოლაში ძალადობა მოხდა და მოსწავლეებმა დაზიანება მიიღეს. ასეთი ფაქტი მოხდა ქუთაისში, როდესაც მოსწავლეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და რუსთავში, როდესაც ბავშვმა სკოლაში მიღებული დაზიანების შედეგად, ტვინის შერყევა მიიღო. რუსთავში დაფიქსირდა ასევე ფაქტი, როდესაც მოსწავლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მასწავლებელი აღმოჩნდა.
„არ ვიცი, გარემო შეიცვალა თუ რა ხდება, 15 წელზე მეტია სკოლაში ვმუშაობ, როგორ არ მყოლია რთული ქცევის ბავშვები, მაგრამ ახლა რომ ვხედავ ასეთი არ მახსენდება. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი საუბარი მიდის ბავშვების უფლებებზე და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მათ სხვის უფლებებზეც უნდა ესაუბრებოდნენ. სკოლაში არის რამდენიმე ბავშვი განსაკუთრებულად აგრესიული, კვირა არ გავა, რომ რომელიმე მოსწავლეს ფიზიკური დაზიანება არ მიაყენონ, თან საკმაოდ სერიოზული. უმეტეს შემთხვევაში, ვითარება მშობლებს შორის გვარდება ხოლმე და საქმე პატრულამდე არ მიდის. ეს ბავშვები გაკვეთილზეც აგრესიულები არიან. როგორი მეთოდი არ ვცადე, ზოგადად ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ სურთ მოსმენა და მხოლოდ თავხედური შეპასუხება იციან. ვფიქრობ, ზუსტად ასეთ მოზარდებს სჭირდება სპეციალისტი: ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, რომ განათლების გარდა სხვა კუთხითაც წავიდეს მუშაობა. მაგრამ აქ გარკვეულ სირთულეს ქმნის ხშირ შემთხვევში მშობელი, რომლისთვისაც მიუღებელია სპეციალისტის ან პატრულის ხსენებაც კი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი პედაგოგი სკოლიდან, სადაც ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური არ არის და სკოლის უსაფრთხოებაზე უფლებამოსილი პირი ზრუნავს. ეს გახლავთ სკოლის ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ადამიანი, რომლის გადამზადებას და აღჭურვას მანდატურის სამსახური ახორციელებს, თუმცა ანაზღაურება სკოლის ადმინისტრაციისგან ხდება.
ერთ-ერთ სკოლაში რთული ქცევის მქონე მოზარდად აღიარებული მოსწავლის დედა კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდებთან ურთიერთობისთვის კომპეტენცია თავად პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციას არ ყოფნის და ისინი ყველა ბავშვს ერთი სტანდარტით უდგებიან.
„ყველა ბავშვი ხომ ერთნაირი არ არის, მასწავლებელმა უნდა შეძლოს, მოუძებნოს მას ინტერესის სფერო და აგრესიული ქცევა სხვა კუთხით მიმართოს. ჩემი შვილი ცელქი ბავშვია, მაგრამ ბოროტი არ არის. სკოლაში მისვლა უკვე მრცხვენოდა, ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, არ გვემორჩილება, ბავშვებს სცემს და ა.შ. მაგრამ როდესაც ბავშვს ვესაუბრები, ყოველთვის ასახელებს ამ ქცევების კონკრეტულ მიზეზს. სპეციალისტი არ მიცდია, ვფიქრობ არ სჭირდება, ამ ეტაპზე მეტი გზა ვერ ვიპოვე, სკოლა შევიცვალეთ და ვნახავთ როგორი სიტუაცია დაგვხვდება იქ“, – ამბობს მშობელი.
„ეს შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ ბავშვს შიში დღემდე აქვს, გოგონაა, საპირფარეშოსთან დახვდა უფროსკლასელი ბიჭი დანა აჩვენა და გააფრთხილა არავის უთხრა თუ არა ვიცი სადაც ცხოვრობ და ქუჩაში ჩაგისაფრდებიო. წარმოიდგინეთ როგორ შეეშინდებოდა, მეხუთე კლასში იყო. საბედნიეროდ გვითხრა, მამა მივიდა სკოლაში, შემდეგ იმ ბიჭის მამასაც დაელაპარაკა აღმოჩნდა, რომ უბრალოდ იმუქრებოდა და ჩვენი მისამართი საერთოდ არ იცოდა, მაგრამ ფაქტი ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემი შვილისთვის. მე არ ვიცი როგორ მოიქცნენ იმ ბავშვის მშობლები თავის შვილის პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ასეთი ფაქტების დროს აუცილებელია მოზარდთან სპეციალისტი მუშაობდეს და სკოლა დიდი დოზით იყოს ჩართული“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ის, რომ ბევრი მოზარდების ქცევა აგრესიისკენაა მიდრეკილი და სასკოლო გარემო არც თუ ისე მშვიდია ყოველდღიური ახალი ამბებიც მოწმობს და ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიცაა საუბარი. კომისია 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის თობაზე შეიქმნა. ტრაგედიას მაშინ ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება, რომ საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომები, როგორიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების ტარება. ამ გადაცდომებზე გამოყენებულ სახდელებს – სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა – ფორმალური დატვირთვა აქვს და არ შეიძლება ჩაითვალოს პრევენციულ ზომებად. შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომლებიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზული გამოწვევაა“, – ვკითხულობთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
სასწავლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრის და უსაფრთხო გარემოს პრევენციის მიზნით გარკვეული ნორმატივები ისედაც არსებობდა, თუმცა ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ინტენსიური მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთი იყო მანდატურის სამსახურის რეფორმა, რომელსაც დაემატა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. ცენტრი განთავსებულია თბილისში და აქვს რამდენიმე ფილიალი საქართველოს დიდი ქალაქებში, მუშაობს ცხელი ხაზი. გარკვეული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, უწყების მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს და მასწავლებელს.
მანდატურის სამსახურის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში 2018 -2019 სასწავლო წელს, როგორც თვითდინებით, ასევე რეფერალური მექანიზმით – 3044 ბენეფიციარი გადამისამართდა; ხოლო 2019 – 2020 სასწავლო წელს (2019 წლის 16 სექტემბრიდან – 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით) – 1494 ბენეფიციარი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში მოსწავლეთა ზოგად რაოდენობას (საქსტატის ინფორმაციით 592 000) მსგავსი მომსახურების მოთხოვნა რეალურად გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს.
2019 წლის დასწყისში კი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიერ სკოლის უსაფრთხოების ახალი წესების დამტკიცება მოხდა. დოკუმენტში განსაზღვრულია სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურის თუ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელის უფლებები. უწყებაში აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სკოლებში მომხდარი თითოეული შემთხვევის აღრიცხვიანობას.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლებში საჯარო სკოლებში დაფიქსირებულია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2580 ფაქტი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) -1209 ფაქტი.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველში სულ 2086 საჯარო სკოლაა და იქ 530 ათასი ბავშვი სწავლობს. 2019 წლის მდგომარეობით, მანდატურის თანამშრომლები 588 საჯარო სკოლაში არიან წარმოდგენილები და სკოლაში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ სტატისტიკაც დაახლოებით ამდენივე საჯარო სკოლიდანაა აღებული.
მანდატურის სამსახურის მიერ ასევე აღრიცხულია მოსწავლეების მიერ მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტების ოდენობაც. 2018-2019 სასწავლო წლებში ასეთი 76 ფაქტია აღრიცხული, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) – 21 ფაქტი. რაც შეეხება დაზიანების ხარისხის, ამგვარ სტატისტიკას სამსახური არ აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს, სამართალდამცავი ორგანოები სკოლაში მომხდარ 1 277 შემთხვევაზე იქნა ინფორმირებული, მიმდინარე სასწავლო წლის იანვრის მონაცემებით კი -309 შემთხვევაზე.
რაც შეეხება საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ, აკრძალული ნივთების მოხმარებას, 2018-2019 სასწავლო წლებში მოსწავლეებისგან ამოღებული იქნა 110 აკრძალული და მაღალი რისკის შემცველი საგანი/ნივთი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) -72. მათ შორის, 2018-2019 სასწავლო წლებში მოსწავლეებისგან ამოღებული იქნა 1 ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო 2019-2020 წლებში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება რომ სკოლაში აკრძალული ნივთების შეტანის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, მონაცემები ყველა სკოლას არ მოიცავს, საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურები არ მუშაობენ, არსებობენ უფლებამოსილი პირები, რომლებიც აღჭურვილები არიან სპეციალური დეტექტორებით და ეჭვის შემთხვევში უფლება აქვთ მოსწავლეს აკრძალული ნივთი ჩამოართვან, თუმცა რა ხდება კერძო სკოლებში, მსგავსი სახის სტატისტიკა არ არსებობს.
საჯარო სკოლებში უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედებიდან დახლოებით ერთი წლის თავზე ქვეყანაში სკოლასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. 2019 წლის 11 დეკემბერს კერძო სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. 15 წლის ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება პოლიციის უწყებაში მომხდარი სავარაუდო დარღვევების გამო მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული გადაცდომები კერძო სკოლის მხრიდანაც გამოიკვეთა.
პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა განაცხდა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულება სავალდებულო კერძო სკოლებისთვისაც გახდება. ამ შემთხვევაშიც ცვლილებების საფუძველი მძიმე ტრაგედია გახდა. უსაფრთხოების წესების გარდა, სამინისტრომ განათლების სისიტემაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დამკვიდრებაზეც დაიწყო საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებს, ცხადია, რომ ამ საკითხის მიმართ ერთიანი, სისტემური მიდგომა სრულყოფილად არ არის განვითარებული. ფაქტები აჩვენებს, რომ სახელმწიფო აქტიურ მოქმედებებს მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა მძიმე ტრაგედია ხდება. შესაბამისად, არის თუ არა სრულფასოვნად დაცული მოზარდის სიცოცხლე და უსაფრთხოება სასწავლო დაწესებულებაში, ჯერ კიდევ საკამათო საკითხია.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი