სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან და სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა – წესი და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა
სხვათა სიტყვის ნაწილაკებია: -მეთქი, -თქო, -ო. -მეთქი და -თქო დეფისით გამოიყოფა ზმნისგან, ხოლო ო ზმნასთან ერთად იწერება. სხვათა სიტყვის ნაწილაკები, ჩვეულებრივ, შესაბამის ტექსტში გამოიყენება ერთხელ და უპირატესად დაერთვის სხვისი ნათქვამის ბოლო სიტყვას, უმჯობესია – ზმნას.
-მეთქი I პირის ნათქვამს დაერთვის, ანუ როცა I პირი იმოწმებს თავისსავე ნათქვამ სიტყვებს:
ხომ მოგწერე, გიყიდე-მეთქი.
გელოდები-მეთქი! – დავურეკე მას (და არა: გელოდები-თქო!)
-თქო ნაწილაკი აღნიშნავს I პირის ნათქვამს, რომელიც II პირმა უნდა გადასცეს III პირს (-თქო არასოდეს დაერთვის II პირის უკვე ნათქვამ სიტყვებს. ამ შემთხვევაში -ო გამოიყენება):
ნინოს უთხარი, ბებია გეძახის-თქო
-ო გამოიყენება მაშინ, როდესაც პირველი პირი მესამე პირის ნათქვამს გადმოსცემს: ნინომ დაიბარა, ხვალ ვნახავო.
სავარჯიშოები:
I. გახაზეთ სწორი ფორმა:
1. ვოცნებობდი, ნეტავ ეს არ მომხდარიყო-მეთქი.
ვოცნებობდი, ნეტავ ეს არ მომხდარიყო-თქო.
2. ხომ ვამბობდით, არ დაგვირეკავენ-თქო.
ხომ ვამბობდით, არ დაგვირეკავენო.
3. გეუბნებოდი, მაგას ნუ ამბობ-მეთქი.
გეუბნებოდი, მაგას ნუ ამბობ-თქო.
4. შენ ხომ დაგვპირდი, აუცილებლად მოვალ-თქო.
შენ ხომ დაგვპირდი, აუცილებლად მოვალო.
5. ლუკას ვუთხარი, დღეს მოვალ-თქო.
ლუკას ვუთხარი, დღეს მოვალ-მეთქი.
6. ლაშას გადაეცი, ზეგ გელოდებიო.
ლაშას გადაეცი, ზეგ გელოდები-თქო.
II. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით -მეთქი, -თქო ან -ო ნაწილაკი:
ეთერს უთხარი, ნუცა მალე მოვა….
თამარი ამბობდა, არაფერი გამოვა….
ნინო გვთხოვდა, დამიწერეთ….
გეუბნებოდით, ისინი სანდო ადამიანები არიან….
შენს მეგობარს უთხარი, უნივერსიტეტთან მოდი……
ელისაბედი ხომ დაგვპირდა, ხვალ შეგხვდებით……
III. გაასწორეთ შეცდომები:
1. ნანას უთხარი, ხვალ მოდიანო.
2. გავიფიქრე, კიდევ კარგი, ვერავინ დამინახა-თქო.
3. ეკა ამბობდა, ხვალ მოვალ-მეთქი.
4. ვამბობდი, გამოცდას ვერ ჩავაბარებ-თქო.
5. ლევანმა დარეკა, ვერ მოვალ-თქო.
6. ჩვენ გიმტკიცებდით, არ მომხდარა-თქო.
7. რამდენჯერ მითქვამს ნესტანისათვის, ნუ ხარ ასეთი მორიდებული-თქო.
8. თქვენ ამტკიცებდით, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ-თქო.
9. უთხარი, შენთვის არც ჰო მითქვამს და არც არაო.
10. შეგვეშინდა, უცხო ქალაქში არ დავიკარგოთ-თქო.
11. შენს მეზობელს უთხარი, არ დაგავიწყდეს, ვალი გაქვს გადასახდელიო.
12. შენ დაგიბარებია, ნურავინ შემაწუხებს-თქო.
13. ჩვენ არაფერი გვემუქრება-თქო, – თავს ვინუგეშებდით.
14. ხომ გეუბნებოდი, აუცილებლად დაგირეკავ-თქო.
15. ჩვენს მეგობარს მივწერეთ, სოფელში გელოდებით-თქო.
16. თქვენ ხომ გვიმტკიცებდით, ცდა შედეგს არ მოგვიტანს-თქო.
17. სულ იმას ვამბობდი, მაგის პოეზია მიყვარს-თქო.
18. თამაზი ამტკიცებდა, ეს ჩემი ბრალი არ არის-თქო.
19. შევძახე, სტუმრები მოვიდნენ-თქო.
20. შენ მითხარი, ქეთევანის გარდა ვეღარავის ვხედავ-თქო.
21. მანანამ მითხრა, ხვალ ქორწილში მივდივარ-თქო.
22. ლელამ დამაბარა, დედაშენმა დამირეკოს-თქო.
23. კიდევ ერთხელ გიმეორებ, მაგ საქციელით ვერაფერს ვერ მიაღწევ-თქო.
24. ერთხელ ხომ მითხარი, ჩემს შვილს გამოვუშვებ-თქო.
25. თქვენ გვწერდით, შარშან ბევრი ტურისტი ჩამოვიდა-თქო.
26. გივიმ დაგვირეკა, საღამოს ჩემთან გელოდებით-თქო.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას