აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს
თბილისის 179-ე საჯარო სკოლის დაგეგმილზე დაგვიანებით დაწყებული ახალი შენობის მშენებლობა შეჩერებულია. საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საძირკვლის გათხრის სამუშაოები ჩატარდა, მშენებლობა გააჩერეს და მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე, შენობა საერთოდ აღარ აშენდება.
საკითხის გადამოწმების მიზნით, EDU.ARIS.GE საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა და განმარტების მიღება ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ უწყება გვესაუბრებოდა როგორც დაინტერესებულ მხარეს, სკოლის მოსწავლის მშობელს.
აი, რა პასუხები აქვთ სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში:
– მშობლებმა შეიტყვეს, რომ 179-ე საჯარო სკოლა საერთოდ აღარ აშენდება, ვინაიდან განათლების სამინისტროში შევიდა მოსახლეობის განცხადებები, თითქოს მშენებლობის გამო ზიანდება ახლო მდებარე კორპუსები, შეესაბამება თუ არა აღნიშნული სიმართლეს?
– სკოლის დირექტორსაც ვესაუბრეთ, ამ თემასთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა, სხვა სკოლაში აერიათ, რომელიც ასევე ვარკეთილში მდებარეობს… რაც შეეხება 179-ე საჯარო სკოლას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში არის გადაგზავნილი წერილი და ველოდებით პასუხს. არავითარი საჩივარი მობინადრეების მხრიდან დაწერილი 179-ე სკოლას არ ეხება ნამდვილად, უბრალოდ, ამ ეტაპზე ველოდებით სამხარაულს, რომ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება პასუხი, სკოლის დირექცია, დირექტორი და ყველა იქნებით ამაზე ინფორმირებული.
-სკოლის შენობისთვის საძირკვლისთვის საჭირო გათხრები მიმდინარეობდა, შემდეგ გაჩერდა, სკოლის მთლიანი შენობა უნდა აშენებულიყო 2025 წელს და ჯერ პირველი ეტაპიც არ დასრულებულა, უკვე 2025 წელში ვართ… სამხარაულის ექსპერტიზამ რა უნდა თქვას – აშენდება თუ არა სკოლა ეს?
– არა, აშენებასთან დაკავშირებით არა. უბრალოდ, რაღაც მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოჩნდა, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ სამხარაულში გაეგზავნათ წერილი. თუ ოფიციალური პასუხი გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოგვწეროთ (info@esida.ge) და მიიღებთ პასუხს.
-კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, საჩივარი 179-ე სკოლას ნამდვილად არ ეხებოდა?
– არა და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით იმ პიროვნების ნაცვლად, თქვენი სკოლა ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. არანაირი მობინადრეების საჩივარი თქვენს სკოლას არ ეხება, სხვა სკოლაზეა აქ საუბარი, ისიც საჯარო სკოლაა.
– ანუ გაგრძელდება მშენებლობა და როდის ელოდებით პასუხს?
– დაჩქარებულზე გვაქვს შეტანილი, რომ ჩვენც დროულად მივიღოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, თუ როდის მოხდება პასუხის მიღება.
გაჭიანურებული მშენებლობებისა თუ რეაბილიტაციის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების გაუმჯობესებასაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“.
179-ე საჯარო სკოლას წესით, ტენდერში გამარჯვებული შპს “დაგი” ააშენებს. ამავე კომპანიამ უნდა ააშენოს N97, N83 და N216 სკოლებიც. პროექტის ჯამური ღირებულება კი 55,912,110 ლარია. აქედან 20 მილიონ ლარზე მეტი (20,541,571) 179-ე საჯარო სკოლის აშენებისთვის უნდა დაიხარჯოს.
ასევე იხილეთ:
- როგორია NAEC-ის მიერ ჩასატარებელ გამოცდებსა და კვლევებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ტარიფები – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია by ARIS.GE-განათლება
- გაზრდილი ხელფასები განათლების სამინისტროში – როგორ ნაწილდება თანხები თანამდებობების მიხედვით 2025 წელს – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება