სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს
საქართველოს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე განათლეის სამინისტროს საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და მათ არასრულწლოვნების უფლებებს შეახსენებს.
EDU.ARIS.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“არასრულწლოვანებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში, რაც გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით. აღნიშნული უფლებები უზრუნველყოფს არასრულწლოვანების გამოხატვის, შეკრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თავისუფლებას.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის. სასწავლო პროცესში ბავშვების მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით სკოლის დატოვების სურვილის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ.
დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვანები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები, ამასთან დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებით და სასწავლო პროცესის ხელშეშლა.
მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებასა და ვალდებულებას.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა მათგანზე ექნება შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში”, – წერია ომბუდსმენის 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. გასული კვირიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საპროტესტო აქციებს უერთდებიან და გაფიცვებს აწყობენ სკოლები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც.
მოქალაქეების პროტესტი 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.
ასევე იხილეთ:
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება