„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, გიორგი ვაჩნაძე აცხადებს, რომ კონსერვატორიას პროფილური და თეორიული სახელმძღვანელოების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს და ამ საკითხების გადაჭრას შეესაბამისი დაფინანსება სჭირდება.
ამის შესახებ გიორგი ვაჩნაძემ დღეს, 30 მარტს, პარლამენტში ისაუბრა, სადაც კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და ხელოვნების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს უსმენენ.
“გვჭირდება მეტი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი, იმიტომ, რომ ხშირად, სახელმძღვანელოები ან ინგლისურ ენაზეა, რომლებიც ისედაც არ გვაქვს, ან რუსულ ენაზე. ნახევარმა იცის ინგლისური ენა და რუსული ენა თითქმის არავინ არ იცის და შესაბამისად, სახელმძღვანელოები პრობლემა გვაქვს ძალიან, ძალიან სერიოზული, განსაკუთრებით პროფილის. რაც შეეხება თეორიას, მუსიკათმცოდნეობას და ამ ყველაფერს, სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს და მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენივე აკადემიურ პერსონალს მიეცეს საშუალება, რომ დაწეროს ეს სახელმძღვანელოები, ამის ინტელექტუალური და პროფესიონალური რესურსი არის, უბრალოდ ამას სჭირდება შესაბამისი დაფინანსება”, – განაცხადა კონსერვატორიის რექტორმა.
კონსერვატორიის რექტორმა არაერთი სხვა გამოწვევისა და საჭიროების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც სახელმწიფო კონსერვატორია დგას, მათ შორის, კონსერვატორია დღეს საერთოდ არ ამზადებს საორკესტრო დირიჟორებს, საერთოდ არ აქვს მიმართულების კლასი და აქვს საგანმანათლებლო რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები მრავალი მიმართულებით.
გიორგი ვაჩნაძემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ეს საკითხები გათვალისწინებული იქნება.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი